გიგა ჭიკაძის სიტყვებით: „სქესს მნიშვნელობა არ აქვს, თუ ნამდვილად გინდა, სცადე და გააკეთე“

თარიღი:

Giga Chikadze
გიგა ჭიკაძე; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა

MMA-ის მებრძოლი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის ქამრის მფლობელი გიგა ჭიკაძე წლების განმავლობაში გაეროს ქალთა ორგანიზაციის კამპანიაში „სპორტსმენები ერთიანდებიან ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ იყო ჩართული. იგი სისტემატურად დადიოდა საქართველოს რეგიონებში, იქ მცხოვრებ ბიჭებს ხვდებოდა და ქალთა მიმართ ძალადობის დაუშვებლობაზე ესაუბრებოდა. გიგამ ამ კამპანიაში უცხოელი მეგობრებიც ჩართო და მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენა - მსოფლიო ჩემპიონატი კიკბოქსში, რომელიც 2014 წელს თბილისში ჩატარდა, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვნა. დღეს ის კვლავაც ამ ღირებულებების გამავრცელებელია და ცდილობს, 9 წლის გოგოსთან, ნიტასთან ერთად, გენდერული სტერეოტიპები დაამსხვრიოს.

Quote

პირველად ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის შესახებ ნონო ანდღულაძისგან და ლექსო გუგავასგან გავიგე. იმ დროისთვის ისინი გაეროს ქალთა ორგანიზაციის სხვადასხვა ინიციატივაში უკვე აქტიურად იყვნენ ჩართულები. როცა წარმატებული სპორტსმენი ხარ, შენს სიტყვასა თუ ქმედებას უკვე სულ სხვა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და პოზიტიურ ცვლილებებშიც დიდი როლის შესრულება შეგიძლია. ვგრძნობდი, რომ მეც, როგორც ერთ-ერთ მათგანს, ჩემი წილი პასუხისმგებლობა უნდა ამეღო და საკუთარი ავტორიტეტი ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამომეყენებინა, ვყოფილიყავი არა მარტო ამ ღირებულებების მატარებელი, არამედ გამავრცელებელიც.

ნონოსთან და ლექსოსთან ერთად, საქართველოს რეგიონებში სიარული დავიწყე. უფროსკლასელ ბიჭებს ვხვდებოდი, ვესაუბრებოდი და მათთვის ჯანსაღი შეხედულებების ჩამოყალიბებას ვცდილობდი. რა თქმა უნდა, მოზარდებისთვის სპორტსმენების აზრი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ეს საუბრები ყოველთვის მარტივი არ იყო. მახსოვს, რამდენიმე სოფელში განსაკუთრებით რთული შეხვედრები გვქონდა. ბიჭები არ მალავდნენ და პირდაპირ ამბობდნენ, რომ ქალებს ბევრი რამის უფლებას არ მისცემდნენ. ამ შეხედულების მოსმენის შემდეგ სულ ჩემს პატარა გოგოზე, ნიტაზე ვფიქრობდი. საკუთარ თავს ვეკითხებოდი - როგორი იქნება ნიტას ცხოვრება, თუ მასაც შეზღუდავენ, აკრძალვებს დაუწესებენ?

მაშინ მივხვდი, რომ გოგოების მხარდაჭერასა და გაძლიერებასაც არანაკლებ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ამიტომ შევეცადე, ნიტა თავადაც ძლიერი ყოფილიყო და სხვებისთვისაც მაგალითი მიეცა. გადავწყვიტე, იმ წინააღმდეგობების დაძლევაში დავხმარებოდი, რომლებიც გოგოებს მხოლოდ იმიტომ აქვთ, რომ გოგოები არიან.

ნიტა ახლა 9 წლისაა. ჩვენ უკვე 5 წელია ლოს-ანჯელესში ვცხოვრობთ. მის ყოველდღიურობაში მუდმივად ჩართული ვარ და ვცდილობ, ყველაფერში მხარი დავუჭირო. რამდენიმე თვის წინ სკოლიდან დაბრუნებულმა მითხრა, რომ კიკბოქსში ვარჯიშის დაწყება სურდა, თუმცა თან მკითხა: ეს საბრძოლო სპორტია, უფრო ბიჭებისთვისაა და ხომ არ დამცინებენ? მე კი ვუთხარი: თუ მოგწონს, თუ გინდა, უნდა ისწავლო და არავის აზრს ყურადღება არ მიაქციო. მერე იმ კლუბში, სადაც ვვარჯიშობ, მოყვარულების წრეზე თავად მივიყვანე. რამდენიმე კვირის შემდეგ ნიტა ვარჯიშზე უკვე კლასელ გოგოებთან ერთად მოვიდა. დღეს მისი 12 მეგობარი საბრძოლო ხელოვნების სხვადასხვა სახეობას ეუფლება.

ამ ფაქტმა კიდევ უფრო აშკარად დამანახა, რამდენად მნიშვნელოვანია მამების მხარდაჭერა მაშინ, როდესაც გოგოებს სტერეოტიპების წინააღმდეგ წასვლის სურვილი უჩნდებათ. სწორედ ასეთ დროს უნდა შევუწყოთ მათ ხელი და ვუთხრათ: სქესს მნიშვნელობა არ აქვს, თუ ნამდვილად გინდა, სცადე და გააკეთე".