შეხვედრები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის მოსახლეობასთან

თარიღი:

შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან სოფელ ტოლოშში. ფოტო: შვედეთის საელჩო
შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან სოფელ ტოლოშში. ფოტო: შვედეთის საელჩო

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ სწორი ინფორმირების, პრობლემის პრევენციისა და მასთან ბრძოლის პროცესში რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან ადგილზე ვიზიტი და პირისპირ შეხვედრები ცნობიერების ამაღლების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი შესაძლებლობაა. ამ მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, პარტნიორებთან ერთად, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებს რეგულარულად სტუმრობს.

ამჯერად, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ამერიკის შეერთებული შტატებისა და შვედეთის საელჩოებთან, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იურიდიული დახმარების სამსახურთან ერთად, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებს ესტუმრა.

ხუთი დღის განმავლობაში შეხვედრები სამცხე ჯავახეთში ახალციხის, სვირის, ბოგას, ტოლოშის, ნაქალაქევის, კარტიკამის, ბუზავეთის, ახალქალაქის, ქვემო ქართლში კი სოფლების - ჯანდარის, კრწანისის, ნახიდურისა და ბოლნისის მოსახლეობასთან გაიმართა. მათი მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, მისი პრევენცია და ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის იმ სერვისების გაცნობა იყო, რომლებსაც სახელმწიფო ძალადობის მსხვერპლებსა და ძალადობაგამოვლილ პირებს სთავაზობს. ამ კამპანიის ფარგლებში, ჯამში შეხვედრებს 190-მდე ადამიანი (85% ქალი) დაესწრო.

„შეხვედრა ყველას ძალიან მოგვეწონა, შემაკავებელ ორდერზე, ელექტრონულ სამაჯურზე, კრიზისულ ცენტრებზე, იურიდიულ და ფსიქოლოგიურ დახმარებაზე, ოჯახში ძალადობის ცხელ ხაზზე 116 006 ბევრი ახალი ინფორმაცია მივიღეთ. რაც მთავარია, მონაწილეები თემის აქტიური ქალები იყვნენ — ადამიანები, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში ბევრი თანასოფლელი ეკონტაქტება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ინფორმაციას ისინი მოსახლეობაშიც გაავრცელებენ“, - აღნიშნა თამუნა შუბითიძემ, რომელიც სოფელ სვირში ცხოვრობს, ფონდი „ტასოს“ სათემო მუშაკია და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივებშიც აქტიურად მონაწილეობს.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა შედგა ახალციხის, გარდაბნისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის, თვითმმართველობისა და სოციალური სამსახურის წარმომადგენლებთან, სტუდენტებსა და პედაგოგებთანაც.

ვიზიტი განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL), აშშ-ის საელჩოს, შვედეთისა და გაერის ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით.