ქართველ და ლიეტუველ ქალ მეწარმეებს შორის თანამშრომლობა იწყება

თარიღი:

გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქართველ ქალ მეწარმეებს საერთაშორისო გამოცდილებების გაზიარებაში, ახალი პარტნიორობებისა და ბიზნესკავშირების დამყარებაში ეხმარება. ერთ-ერთ ასეთ ძალისხმევას წარმოადგენდა ქართველ და ლიეტუველ ქალ მეწარმეთა ბიზნესფორუმი, რომელიც თბილისში გაიმართა.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, თბილისმა ქართველი და ლიეტუველი ქალი მეწარმეების ბიზნესფორუმს უმასპინძლა
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, თბილისმა ქართველი და ლიეტუველი ქალი მეწარმეების ბიზნესფორუმს უმასპინძლა; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა

ფორუმი საქართველოსა და ლიეტუვაში მოქმედი ქალი მეწარმეების ასოციაციებს ერთმანეთთან დაკავშირებაში, თანამშრომლობების დამყარებაში, სამომავლო პარტნიორობების შექმნასა და ქალი მეწარმეების წინაშე არსებული საერთო გამოწვევების განხილვაში დაეხმარა.

ფორუმს ლიეტუვის პარლამენტის წევრები, მეწარმე ქალთა საერთაშორისო ქსელის პრეზიდენტი ლაურა კოვალიოვაიტე, ასევე, ტურიზმის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, იურიდიული მომსახურების, სარეკლამო და სხვა სფეროების წარმომადგენელი მეწარმე ქალები დაესწრნენ. საქართველოს მხრიდან ღონისძებას გაეროს ქალთა ორგანიზაციის პარტნიორი, ბიზნეს ლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ მასპინძლობდა, რომლის წევრებიც საქართველოში სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობას ეწევიან. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას საქართველოდან 50-მდე მეწარმე და ფერმერი ქალი ღებულობდა.

„გვსურს, რომ მეწარმე ქალთა საერთაშორისო ქსელში საქართველოს მეწარმე ქალებიც გაწევრიანდნენ და სამომავლოდ მათ მენტორობაც გავუწიოთ. ქართველ და ლიეტუველ ქალ მეწარმეებს მსგავსი გამოწვევები გვაქვს, მაგრამ ჩვენი ერთიანობა უდიდესი ძალაა. გამოცდილების გასაზიარებლად ისინი ლიეტუვაში მივიწვიეთ და ამ კურსით სვლას კვლავაც გავაგრძელებთ“, - განაცხადა მეწარმე ქალთა საერთაშორისო ქსელის პრეზიდენტმა ლაურა კოვალიოვაიტემ.

ზოგადად, ბიზნესფორუმები ხელს უწყობს როგორც ქვეყნებს შორის ბიზნესკავშირების დამყარებას, ისე ქალთა სამეწარმეო საქმიანობის წახალისებას, მათ შორის გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას. გაეროს ქალთა ორგანიზაცია ამგვარი ღონისძიებების ჩატარებას სამომავლოდაც გეგმავს.

„ლიეტუველ მეწარმე ქალებთან შეხვედრა ჩვენსა და მათ შორის ახალი ბიზნესკონტაქტების საწყისად შეიძლება მივიჩნიო. მათი გამოცდილება ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო, რადგან საქართველოც და ლიეტუვაც პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბიზნესის ისტორიას ქმნიან. ჩემთვის, როგორც მცირე ბიზნესის წარმომადგენლისთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო, რომ ლიეტუვა მეორეა მსოფლიოში ბიზნესში ქალთა წარმომადგენლობით, მათგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება“, - განაცხადა ბიზნესფორუმის ერთ-ერთმა მონაწილემ ნათია ნინიკელაშვილმა.

ბიზნესფორუმი პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ფარგლებში ტარდება. პროექტი გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.