„დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ - საფინანსო სექტორი გლობალური ინიციატივის მხარდასაჭერად

თარიღი:

მარცხნიდან მარჯვნივ: საქართველოს საფონდო ბირჟის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ქურდიანი, საქართველოს ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების დეპარტამენტის უფროსი სალომე თვალოძე, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) რეგიონული მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში ივანა ფერნანდეს დუარტე, ნორვეგიის ელჩი საქართველოში ბერგლიოტ ჰოვლანდი და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა სიმბოლურად რეკავენ ზარს გენდერული თანასწორობისთვის. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა

გაეროს ქალთა ორგანიზაციის, საქართველოსა და თბილისის საფონდო ბირჟების მხარდაჭერით, ქართული საფინანსო სექტორი გლობალურ ინიციატივას „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ ტრადიციულად წელსაც შეუერთდა. ღონისძიება, რომელიც საქართველოში უკვე მეშვიდედ გაიმართა, მეწარმე ქალებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და ინვესტიციების გაზრდას მიეძღვნა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა, IFC-ის რეგიონული მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში ივანა ფერნანდეს დუარტე, ნორვეგიის ელჩი საქართველოში ბერგლიოტ ჰოვლანდი, საქართველოს საფონდო ბირჟის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ქურდიანი, საერთაშორისო და ადგილობრივი საფინანსო სექტორის წარმომადგენლები და ბიზნესგაერთიანებების წევრები.

„ქალებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა გამოწვევად რჩება, თუმცა ამ მიმართულებით ბევრი ქმედითი ნაბიჯიც იდგმება, განსაკუთრებით დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით. ინერგება სპეციალური პროგრამები, რათა მათთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და ეკონომიკური აქტივობა გაიზარდოს და ქალების ხმა ისმოდეს ეკონომიკაშიც“, - აღნიშნა საქართველოს საფონდო ბირჟის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო ქურდიანმა.

გენდერული თავისებურებების გათვალისწინებას ქალთა მეწარმეობის ხელშეწყობაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. სამწუხაროდ, საქართველოში ქალები ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პროცესში არაერთ ბარიერს აწყდებიან, რაც ხელს უშლით მათ არა მარტო დაიწყონ ან განავითარონ ბიზნესსაქმიანობები, არამედ საკუთარი წვლილი შეიტანონ თემების ცხოვრების გაუმჯობესებაში, სამუშაო ადგილების შექმნაში, სიღარიბის შემცირებასა და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.

ღონისძიების მიმდინარეობისას გაიმართა პანელური დისკუსია, რომელშიც საერთაშორისო და ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტებისა და ბანკების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მათ იმ მნიშვნელოვან როლზე იმსჯელეს, რომელსაც კერძო სექტორი გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში ასრულებს, გაუზიარეს ერთმანეთს საკუთარი გამოცდილებები თუ ინოვაციური პროდუქტები და განიხილეს გზები, როგორ შეიძლება საქართველოში ერთობლივი, ეფექტიანი ინიციატივების განხორციელება ქალთა მეწარმეობის განვითარებისთვის.

ღონისძიება პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ფარგლებში გაიმართა, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.