საქართველოში ქალთა გაძლიერების პრინციპების მიმართ ინტერესი იზრდება

თარიღი:

ქალთა გაძლიერების პრინციპების: თანასწორობა ნიშნავს ბიზნესს დანერგვითა და მხარდაჭერით საქართველოში სულ უფრო მეტი კერძო კომპანია ინტერესდება.

ტრენინგის ერთ-ერთი მონაწილე ქალთა გაძლიერების პრინციპების საკითხებზე საუბრობს
ტრენინგის ერთ-ერთი მონაწილე ქალთა გაძლიერების პრინციპების საკითხებზე საუბრობს; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

აღნიშნული ინტერესის გათვალისწინებით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია ცდილობს, ხელი შეუწყოს ამ კომპანიების ინფორმირებულობის გაზრდას და, ასევე, დიალოგსა თუ გამოცდილების გაზიარებას მათსა და იმ ბიზნესორგანიზაციებს შორის, რომლებმაც ქალთა გაძლიერების პრინციპების მიმართულებით ნაბიჯები საქართველოში პირველებმა გადადგეს.

16-18 აპრილს ქალთა გაძლიერების პრინციპების თემაზე ერთ-ერთი ასეთი ტრენინგი საქართველოში მოქმედ 11 კერძო კომპანიას ჩაუტარდა. მათ შორის იყვნენ ბიზნესორგანიზაციები საფინანსო, სატრანსპორტო, საგანმანათლებლო, საკონსულტაციო, მედიისა და ა.შ. სექტორებიდან. ტრენინგის ძირითად თემატიკას წარმოადგენდა: გენდერული თანასწორობა და კორპორაციული მდგრადობა, ბარიერები, რომლებსაც ქალები სამუშაო ადგილებსა და შრომის ბაზარზე აწყდებიან, ქალთა გაძლიერების პრინციპების პრაქტიკაში დანერგვა და შესაძლებლობები მათი დაგეგმვის, განხორციელებისა და ადვოკატირებისთვის. ამას გარდა, ტრენინგის მონაწილე იმ კომპანიებმა, რომლებმაც ქალთა გაძლიერების პრინციპების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადადგეს, ის პრაქტიკა წარადგინეს, რომელიც გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიმართულებით დანერგეს.

„ტრენინგმა გენდერული თანასწორობისა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ გაგვიღრმავა ცოდნა. ეს შეხვედრა იქნება მოტივაცია, რომლის დახმარებითაც, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პრიორიტეტად ჩამოყალიბებისა და გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის შემუშავების მიზნით, სამოქმედო გეგმაზე მუშაობასა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას აქტიურად დავიწყებთ. გვსურს, მიღებული ინფორმაცია ყველა თანამშრომლამდე მივიტანოთ და ორგანიზაციის შიგნით შესაბამისი ტრენინგები ჩავატაროთ. ასევე, შევქმნათ ჯგუფი, რომელიც სამოქმედო გეგმაზე იმუშავებს და მენეჯმენტის სხვადასხვა რგოლისა და კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წარმომადგენლებს გააერთიანებს“, - აღნიშნა ტრენინგის ერთ-ერთმა მონაწილემ, მიკრისაფინანსო ორგანიზაცია „მიკრო ბიზნეს კაპიტალის“ მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა თამთა ასლანიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ მიღებულ ცოდნასა და ინფორმაციას ორგანიზაციებში ყველა მონაწილე კომპანია გააზიარებს და თანამშრომლებს ტრენინგებს თითოეული მათგანი ჩაუტარებს. შესაბამის მხარდაჭერას მათ გაეროს ქალთა ორგანიზაცია აღმოუჩენს.

ქალთა გაძლიერების პრინციპები: თანასწორობა ნიშნავს ბიზნესს გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური შეთანხმების ერთობლივი ინიციატივაა, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით უკვე 2000-ზე მეტი ბიზნესლიდერი შეუერთდა. საქართველოში ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები 2014 წელს გადაიდგა. 2017 წლიდან გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიური მხარდაჭერით, ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიების რიცხვის გაზრდაზე ინტენსიურად მუშაობს. აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან, გაეროს განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობით, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ქალთა გაძლიერების პრინციპების გაფართოების კუთხით მუშაობა სომხეთსა და აზერბაიჯანშიც დაიწყო. 16-18 აპრილს გამართულ ტრენინგს, საქართველოში მოქმედ ბიზნესკომპანიებთან ერთად, პარტნიორები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდანაც ესწრებოდნენ.