კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის კონსტრუქციული დიალოგი გრძელდება

თარიღი:

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ და იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობასთან და ქალთა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შედეგების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მონაწილეები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზციების წარმომადგენლები და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული პირები გორში საინფორმაციო შეხვედრას ესწრებიან
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მონაწილეები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზციების წარმომადგენლები და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული პირები გორში საინფორმაციო შეხვედრას ესწრებიან; ფოტო: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი

შეხვედრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობით, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებსა და მთავრობის წარმომადგებლებს შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შედეგების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ 2013 წელს დაიწყო. თანდათან ამ შეხვედრებმა რეგულარული სახე მიიღო და, ტრადიციულად, ისინი ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების მახლობლად მდებარე სოფლებში იმართება.

ამჯერად ქალაქ გორში გამართული საინფორმაციო შეხვედრის თემას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ბოლო შეხვედრის შედეგები და გამყოფი ხაზის ირგვლივ არსებული უსაფრთხოების საკითხები წარმოადგენდა. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მონაწილემ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ირაკლი ანთაძემ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად ზვიადაძემ მონაწილეთა შეკითხვებს უპასუხეს და მათ ერგნეთში გამართული შეხვედრის შესახებ დეტალური ინფორმაცია გაუზიარეს.

შეხვედრის მონაწილე ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მიერ წამოჭრილ საკითხებს შორის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ადამიანის უსაფრთხოება, ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესი, საირიგაციო სისტემების ფუნქციონირება, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და მობილური კავშირის დაფარვის ზონის გაუმჯობესება იყო. ამას გარდა, შეხვედრის მონაწილეებმა უსაფრთხოების პრობლემებზე რეაგირებისთვის შექმნილი ცხელი ხაზის შესახებ ინფორმირებულობის ნაკლებობასა და მისი ფუნქციის გაუმჯობესების აუცილებლობასაც გაუსვეს ხაზი.

„ეს არის მნიშვნელოვანი და სასარგებლო ფორმატი, რომელიც უნდა გაგრძელდეს, რათა მოსახლეობა ინფორმირებული იყოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესსა და მის შედეგებზე“ ,- განაცხადა სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელმა ზვიად ზვიადაძემ.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია აპირებს, სახელმწიფო მინისტრის აპარატს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზებაში კვლავაც დაეხმაროს, რათა აღნიშნული ფორმატის მონაწილეებმა კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან მუდმივ დიალოგში მოლაპარაკების პროცესის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაც უზრუნველყონ და გამოვლენილი პრობლემები, მათ შორის, ქალებისა და გოგოების საჭიროებები, მოლაპარაკების პროცესში შესაბამისად ასახონ.