საქართველოში მცხოვრები ლტოლვილი ქალების გაძლიერებაზე მსჯელობენ

თარიღი:

გაეროს ქალთა ორგანიზაცია, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობასთან ერთად საქართველოში მცხოვრები ლტოლვილი ქალების გაძლიერებასა და მათ ინტეგრაციაზე მუშაობს.

ქალთა მიმართ ძალადობისა და მიგრაციის საკითხებზე მომუშავე უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოში ლტოლვილი ქალების გაძლიერების შესახებ სემინარს დაესწრნენ
ქალთა მიმართ ძალადობისა და მიგრაციის საკითხებზე მომუშავე უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოში ლტოლვილი ქალების გაძლიერების შესახებ სემინარს დაესწრნენ; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

ამ ძალისხმევის ერთ-ერთ ნაწილს წარმოადგენდა სემინარი, რომელიც 14-15 მარტს, ქალაქ ბორჯომში ლტოლვილ ქალთა გაძლიერების შესახებ ჩატარდა. ამავდროულად, ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ლტოლვილ ქალთა ინტეგრაციის ხელშეწყობაც. კერძოდ, სექსუალური და გენდერული ნიშნით ძალადობის სერვისების ურთიერთდაკავშირება და მათზე თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების ხელმისაწვდომობის გაზრდა.

ღონისძიებაში გენდერული ძალადობისა და მიგრაციის საკითხებზე მომუშავე ძირითადი უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების 30-მდე წარმომადგენლი მონაწილეობდა. მათ გენდერული ძალადობის სერვისების განვითარების მიმართულებით უკვე გადადგმული ნაბიჯები მიმოიხილეს და თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის ძალადობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის საშუალებებსა თუ შესაძლებლობებზეც იმსჯელეს.

სემინარზე ინტერესი გამოიწვია სესიამ, რომლის მთავარ თემას საქართველოში მცხოვრები ლტოლვილი ქალების პერსპექტივები წარმოადგენდა. სესიის ერთ-ერთმა მომხსენებელმა, თავშესაფრის მაძიებელმა ქალმა ირანიდან მარიამ შარიფმა მის მიერ განვლილი გზა გაიხსენა და იმ დაბრკოლებებზეც ისაუბრა, რაც თავშესაფრის მაძიებელ ქალებს საქართველოში ჩამოსვლისას ხვდებათ. „სხვა საჭიროებებთან ერთად, აუცილებელია, თავშესაფრის მაძიებელ ქალებს განვადების აღების შესაძლებლობა მაინც ჰქონდეთ, რომ მცირე ბიზნესი წამოიწყონ ან საკუთარი ხელსაქმით დაკავდნენ“, - აღნიშნა მან.

ღონისძიებაზე თავშესაფრის მაძიებელი, ლტოლვილი, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და მოქალაქეობის არმქონე ქალების საჭიროებები და პრიორიტეტები გამოვლინდა. ამას გარდა, შეჯერდა არსებული სერვისებიც და სამომავლოდ სექსუალური და გენდერული ნიშნით არსებული ძალადობის მომსახურებების შესახებ საინფორმაციო ღონისძიებების ჩატარება გადაწყდა.

სემინარი პროექტის „ლტოლვილ ქალთა გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა, როელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობასთან ერთად ახორციელებს.