კრიზისული ცენტრები - მნიშვნელოვანი მომსახურება ძალადობის მსხვერპლებისთვის

თარიღი: ხუთშაბათი, 7 მარტი, 2019 წელი

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორი მერი მაღლაფერიძე
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორი მერი მაღლაფერიძე; ფოტო: ქეთი ბეროშვილი

გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს მთავრობას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის სრულფასოვანი მომსახურებების შექმნასა და გამართვაში ეხმარება. ეს დახმარება შვედეთის მთავრობისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ქვეყნის მასშტაბით კრიზისული ცენტრების ამოქმედებაა. რა მომსახურებებს სთავაზობენ ცენტრები ძალადობის მსხვერპლებს და რა ფუნქციები აქვთ მათ - ამ თემებზე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორი მერი მაღლაფერიძე საუბრობს.

რა მომსახურებებს აერთიანებს კრიზისულ ცენტრი და რით განსხვავდება ის თავშესაფრისგან?

კრიზისული ცენტრი სახელმწიფო მომსახურებაა და განკუთვნილია ადამიანებისთვის, რომლებიც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, ასევე, სექსუალური ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლები არიან, თუმცა ჯერ მსხვერპლის სტატუსი არ აქვთ. კრიზისული ცენტრი ამ პირებს სრულიად უფასოდ სთავაზობს ფსიქოლოგიურ და სოციალურ რეაბილიტაციასა თუ დახმარებას, სამედიცინო მომსახურების მიღებასა და სამათლებრივ მომსახურებას, რომელიც როგორც იურიდიულ კონსულტაციას, ისე ადვოკატირებას მოიცავს.

კრიზისული ცენტრი სადღეღამისო მომსახურება არ არის და თავშესაფრისგან განსხვავებით, სავარაუდო მსხვერპლებს საცხოვრისით არ უზრუნველყოფს. გამონაკლისი მხოლოდ თბილისის კრიზისული ცენტრია, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, ამ შესაძლებლობას 12 დღემდე ვადით, განსაკუთრებით მაღალი რისკების შემთხვევაში ქმნის. ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ თავშესაფრებში მხოლოდ მსხვერპლის სტატუსის მქონე პირები ხვდებიან, კრიზისული ცენტრები კი მომსახურებას უწევენ მათაც, ვისაც ეს სტატუსი არ აქვს. ვაცნობიერებთ, რომ მსხვერპლის სტატუსის მინიჭების აუცილებლობა მსხვერპლთათვის თავშესაფარზე ხელმისაწვდომობას აბრკოლებს და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად 2019 წელს ამ კუთხით მუშაობას ვგეგმავთ.

რამდენად მნიშვნელოვანია კრიზისული ცენტრების მომსახურების არსებობა?

კრიზისული ცენტრების შექმნის საჭიროება დროსთან ერთად გამოიკვეთა. აუცილებელი იყო მომსახურების შექმნა, რომელიც ადამიანებს, რომლებიც ძალადობის მსხვერპლები გახდნენ, მაგრამ საცხოვრებელი არ ესაჭიროებათ, დახმარებას გაუწევდა, თუნდაც დააკვალიანებდა, როგორ მიეღოთ მსხვერპლის სტატუსი, მიაწვდიდა ინფორმაციას მათი სამართლებრივი უფლებების შესახებ და ა.შ.

მომსახურების მნიშვნელობაზე საუბრისას რამდენიმე საკითხის გამოყოფაა აუცილებელი. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს მისი პერსონალის კომპლექსური მუშაობის სპეციფიკა: თითოეულ კრიზისულ ცენტრს სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი და იურისტი ჰყავს. ისინი კონკრეტულ შემთხვევას მულტიგუნდის პრინციპით სწავლობენ და ხშირად კი ამ პროცესში ისეთი პრობლემების იდენტიფიცირებასაც ახდენენ, რომლებიც მანამდე სავარაუდო მსხვერპლს არც შეუმჩნევია.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება მომსახურების ანონიმურობაა. კრიზისული ცენტრის მომსახურებით სარგებლობა სამართალდამცავებისთვის შეტყობინების გარეშეცაა შესაძლებელი. რა თქმა უნდა, ყველას, ვინც მოგვმართავს, ვურჩევთ, რომ საკითხის გადაწყვეტა სამართალდამცავებთან ერთად მოხდეს, თუმცა დახმარებას იმ შემთხვევაშიც ვუწევთ, როცა სავარაუდო მსხვერპლს პოლიციისთვის შეტყობინება არ სურს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებმა დახმარება მიიღონ და პრობლემის დასაძლევად ნაბიჯების გადადგმა არ შეწყვიტონ.

რამდენი ცენტრი ფუნქციონირებს ამჟამად და თუ იგეგმება სამომავლოდ მათი რიცხვის გაზრდა?

ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 7 კრიზისული ცენტრი ფუნქციორებს: 2 მათგანი - თელავსა (კახეთი) და ზუგდიდში (სამეგრელო) - არასამთავრობო ორგანიზაციების დაქვემდებარებაშია და მისასალმებელია, რომ არასამთავრობო სექტორიც აღნიშნული მომსახურების მიწოდებაში აქტიურადაა ჩართული. დანარჩენი 5 ცენტრი კი თბილისში, მარნეულში (ქვემო ქართლი), გორში (შიდა ქართლი), ქუთაისსა (იმერეთი) და ოზურგეთში (გურია) მდებარეობს და ფონდის დაქვემდებარებაშია.

ყველა ცენტრის ამოქმედება და გამართვა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ევროკავშირთან, შვედეთისა და პოლონეთის მთავრობებთან თანამშრომლობით განხორციელდა.

სამომავლოდ კიდევ ერთი კრიზისული ცენტრის გახსნა ამჯერად უკვე ბათუმში იგეგმება. პარალელურად, აქტიურად ვმუშაობთ კრიზისული ცენტრების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე, მუდმივად მიმდინარეობს მომსახყურების დახვეწა და პერსონალის გადამზადებაც, რათა მომსახურებამაქსიმალურად გამართული იყოს.