იზა ბექაურის სიტყვებით: „პანკისში ქალთა საკითხებზე მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია“

თარიღი:

იზა ბექაური
იზა ბექაური; ფოტო: გიული ქინქლაძე

კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის ხელმძღვანელი იზა ბექაური პანკისის ხეობაში, ახმეტის რაიონში, ცხოვრობს და წლებია, სამოქალაქო აქტივიზმშია ჩართული. პანკისის ხეობა, სადაც ძირითადად ეთნიკური ქისტები ცხოვრობენ, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, კახეთის რეგიონში მდებარეობს. ხეობაში ადათობრივი სამართლის, რელიგიური ლიდერებისა და ტრადიციების გავლენა ძალიან მაღალია. მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობისა, იზა ბექაური მნიშვნელოვან პროექტებს ურთულეს გარემოში ახორციელებს, მათ შორის ქალთა უფლებების კუთხითაც. იგი გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ (დაფინანსებულია შვედეთის მთავრობის მიერ) ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პარტნიორი და არაერთი ცვლილების ინიციატორია. იზა ბექაური 2018 წლის ბოლოს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

Quote

1999-2000 წლებში, როდესაც პანკისის ხეობაში ჩეჩენი ლტოლვილები პირველად გამოჩნდნენ, საგადასახადო ინსპექციაში ვმუშაობდი. მახსოვს, ამ ადამიანების მდგომარეობამ როგორ შემძრა. ძალიან მომინდა, მათ დასახმარებლად რამე გამეკეთებინა. მალე ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამანმა“, რომელიც პანკისში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის დაფინანსებით ფუნქციონირებდა, ჩეჩენი ლტოლვილებისთვის საბავშვო ბაღების მშენებლობა დაიწყო და მეც ამ პროცესში მოხალისეობრივად ჩავები. ცოტა ხანში კი „სამანში“ ფინანსურ მენეჯერად გადავედი.

ქალთა საკითხებით 2007 წლიდან დავინტერესდი. ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოში ვმუშაობდი, როცა პანკისის ხეობის სამ სოფელში - წინაუბანში, დუისსა და დუმასტურში ქალთა კლუბები შევქმენით. სახლებში სპეციალური სივრცეები მოვაწყვეთ, სადაც კვირაში ერთხელ ჩეჩენი და ქისტი ქალები იკრიბებოდნენ: პრესას ვკითხულობდით, სხვადასხვა თემებზე ვსაუბრობდით, ერთმანეთს საკუთარ გულისტკივილს ვუზიარებდით.

ეს გამოცდილება მოგვიანებით, როდესაც კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გავხდი, ძალიან დამეხმარა. განსაკუთრებით 2014 წლიდან წლიდან, როდესაც გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობა დავიწყე. პანკისის ხეობა განსხვავებული რეგიონია: აქ პრობლემები ტრადიციებითა და ადათობრივი სამართლით გვარდება. კლუბებში შეკრებებისას ქალები ხშირად ჰყვებოდნენ, რომ ბევრი საკითხი არასწორად, მათი ინტერესების გათვალისწინების გარეშე, მხოლოდ კაცების მონაწილეობით წყდებოდა. ძალიან მინდოდა, რომ ამ ქალების სასარგებლოდ რაიმე გამეკეთებინა, ამიტომ 2011 წელს ქალთა საბჭოს ჩამოყალიბებაზე დავიწყე მუშაობა. თავიდან დიდი წინააღმდეგობა შემხვდა, თუმცა საბოლოოდ საბჭო მაინც შეიქმნა.

ქალთა საბჭოს ძირითადი საქმიანობა ქალთა უფლებები და უხუცეს კაცთა საბჭოსთან მათი საკითხების ადვოკატირებაა. საბჭო ერთგვარი შუამავალია ქალებსა და უხუცეს კაცებს შორის, ცდილობს, სწორად მოხდეს ქალთა უფლებების საკითხების დასმა და უხუცესი კაცების მიერ ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღება. ჩემთვის ამ საბჭოს შექმნა ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევაა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მისი დახმარებით ადათობრივ სამართალში მნიშნველოვანი ცვლილებები შევიდა: დარეგულირდა ალიმენტის საკითხი, ქალებმა განქორწინების შემდეგ ბავშვების გარკვეული დროით წაყვანისა და საკუთრების უფლება მიიღეს. ამასთან, ქალთა საბჭოს ძალისხმევით, არასრულწლოვანთა ქორწინება პანკისის ხეობაში რელიგიურადაც აღარ ფორმდება.

პანკისელი ქალები ძალიან ნიჭიერები, აქტიურები და მოტივირებულები არიან, ყველაფერს მარტივად სწავლობენ, უყვართ სიახლეები. ხეობაში ქალთა საკითხებზე მუშაობის დაწყების შემდეგ, ცნობიერება ძალიან აუმაღლდათ, გაძლიერდნენ და უკვე თვითმმართველობის არჩევნებშიც თავისუფლად მონაწილეობენ. ბევრი მათგანი ეკონომიკურადაც გააქტიურდა: ჩვენი დახმარებით პროექტების წერა ისწავლა და გრანტი მიიღო. ახლა ძალიან მინდა, რომ პანკისის ხეობაში მცხოვრები ქართველი და ქისტი ქალები ერთმანეთს დაუახლოვდნენ, გამოცდილება გაუზიარონ, ასწავლონ.

ზოგადად, ასეთ რთულ რეგიონში ქალთა საკითხებზე მუშაობის გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სირთულის გადატანა მიხდება, ვიცი, რომ პანკისში საჭირო ვარ და მე აქ უნდა ვიყო.“