ქალთა საერთაშორისო დღე 2022: „გენდერული თანასწორობა დღეს ხვალინდელი მდგრადობისთვის“

თარიღი:

ესმა გოგლიძე; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/იუსტინა მელნიკევიჩი
ესმა გოგლიძე; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/იუსტინა მელნიკევიჩი

2022 წლის 8 მარტის მთავარს თემას წარმოადგენს „გენდერული თანასწორობა დღეს ხვალინდელი მდგრადობისთვის“. იგი მიზნად ისახავს მთელ მსოფლიოში იმ ქალებისა და გოგოების წვლილის აღიარებას, რომლებიც წარმატებით უძღვებიან კლიმატის ცვლილებების შემსუბუქებისა თუ მათზე რეაგირების საქმიანობებსა და მდგრადი მომავლის მშენებლობას.

გენდერული თანასწორობის განვითარება კლიმატური კრიზისისა და კატასტროფების რისკის შემცირების კონტექსტში XXI საუკუნის გლობალური გამოწვევაა. კლიმატის ცვლილებებისა და მდგრადობის პრობლემებს აქვს და ექნება მძიმე და ხანგრძლივი ზემოქმედება ჩვენს გარემოზე, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე. ამ ზემოქმედებას კიდევ უფრო მძაფრად განიცდიან ის პირები, რომლებიც განსაკუთრებით მოწყვლადები და გარიყულები არიან. აღიარებულია, რომ კლიმატის ცვლილებები ქალებზე უფრო დიდ ზეგავლენას ახდენს, ვიდრე კაცებზე, რადგან ისინი ღარიბი და ბუნებრივ რესურსებზე მეტად დამოკიდებული მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენენ. ამდენად, კლიმატის ცვლილებები მათ განსაკუთრებით აზიანებს.

ამავდროულად, ქალები და გოგოები არიან ქმედითი და ძლიერი ლიდერები და ცვლილებების ინიციატორები კლიმატის ცვლილებების შემსუბუქებისა და მათთან შეგუების თვალსაზრისით. მთელ მსოფლიოში ისინი ჩართულები არიან მდგრადობის ინიციატივებში და მათი მონაწილეობა და ლიდერობა კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების კუთხით უფრო ქმედით შედეგებში აისახება. ჩვენ ვაგრძელებთ შესაძლებლობებსა და სირთულეებზე დაკვირვებას ქალებისა და გოგოების გასაძლიერებლად, რათა მკაფიოდ ისმოდეს მათი ხმა და ისინი თანასწორად მონაწილეობდნენ კლიმატის ცვლილებებსა და მდგრადობასთან დაკავშირებულ პროცესებში, რაც უმნიშვნელოვანესია მდგრადი განვითარებისა და გენდერული თანასწორობისთვის. დღევანდელი გენდერული თანასწორობის გარეშე მდგრადი და თანასწორი მომავალი არ მიიღწევა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ქალთა საერთაშორისო დღეს და მთავარ თემას „გენდერული თანასწორობა დღეს ხვალინდელი მდგრადობისთვის“ აღნიშნავს მაღალი დონის ვირტუალური ღონისძიებით, სამშაბათს, 8 მარტს, 10 – 11.30 საათამდე. მონაწილეთა შორის იქნებიან: გაეროს გენერალური მდივანი, გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი, ქალთა სტატუსის კომიტეტის თავმჯდომარე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, გენდერული თანასწორობისა და კლიმატის ცვლილების აქტივისტები და ცნობილი სახეები. ღონისძიებას დაასრულებს მაღალი დონის საჯარო განხილვები და მუსიკალური პერფორმანსი.

„ქალთა საერთაშორისო დღის“ თემა მისადაგებულია მომავალ „ქალთა სტატუსის 66-ე კომიტეტის“ პრიორიტეტულ თემასთან (CSW66): „გენდერული თანასწორობის მიღწევა და ყველა ქალისა და გოგოს გაძლიერება კლიმატის ცვლილების, გარემოსდაცვითი და კატასტროფების რისკის შემცირების პოლიტიკისა და პროგრამების კონტექსტში“.