სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების განხილვაში კერძო სექტორის ჩართულობა იზრდება

თარიღი:

გლობალური კამპანია #MeToo, სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე და საჯარო სივრცეში, სექსუალური შევიწროების პრევენცია და რეგულირება საქართველოში სხვადასხვა მხარის, მათ შორის კერძო სექტორის, სულ უფრო მეტ ყურადღებას იქცევს.

მ2-ის დირექტორის მოადგილე შორენა დარჩიაშვილი საკანონმდებლო ცვლილებების მნიშვნელობაზე საუბრობს
მ2-ის დირექტორის მოადგილე შორენა დარჩიაშვილი საკანონმდებლო ცვლილებების მნიშვნელობაზე საუბრობს; ფოტო: სიდა

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და PROLoG-ის მხარდაჭერით, სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირებისთვის კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პროექტი მოამზადა. კანონპროექტის მიხედვით, რეგულირება როგორც სამუშაო ადგილზე, ისე საჯარო სივრცეში სექსუალურ შევიწროებას შეეხება. შესაბამისი ცვლილებები კი შრომის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, კანონში სახალხო დამცველის შესახებ და საჯარო სამსახურთან დაკავშირებულ შესაბამის კანონმდებლობაში შევა.

შეთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ კერძო სექტორის ინფორმირების მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, სამოქალაქო განვითარების სააგენტოსთან (სიდა) პარტნიორობით, 2018 წლის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კვირეულის „ბიზნესი მდგრადი განვითარების მიზნებისთვის“ ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა მოაწყო. შეხვედრაზე კორპორაცული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბისა და გაეროს გალობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრმა კომპანიებმა, ასევე პარლამენტისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა სექსუალური შევიწროების პრევენციასა და რეაგირების პროცესში ბიზნესის როლზე იმსჯელეს.

„თითოეული კომპანიის პოლიტიკასა და მიდგომებზე, მათ პასუხისმგებლობაზე დიდწილადაა დამოკიდებული ამ პრობლემის პრევენცია და მასზე ეფექტიანი რეაგირება, სწორედ ამიტომ, სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროების აღმოფხვრაში ბიზნესის როლი უმნიშვნელოვანესია“, - აღნიშნა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ქალთა გაძლიერების პრინციპებზე: „თანასწორობა ნიშნავს ბიზნესს“ ხელმომწერმა რამდენიმე კომპანიამ სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროების გასაჩივრების მექანიზმის მიმართულებით ნაბიჯები უკვე გადადგა: ინსტრუმენტი დანერგეს საკონსულტაციო ჯგუფმა „ჯეპრამ“ და დეველოპერულმა კომპანია მ2-მა, ინიციატივას შეუერთდა კომპანია „აჭარა ჯგუფიც“.

„საკანონმდებლო ცვლილებები მდგომარეობის გაუმჯობესების პირველი ნაბიჯებია და ვფიქრობ, სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენციასა და რეაგირებაში სახელმწიფოსთან ერთად საკუთარი წვლილი დამსაქმებლებმაც უნდა შევიტანოთ” , - აღნიშნა შეხვედრაზე მ2-ის დირექტორის მოადგილემ შორენა დარჩიაშვილმა.

ღონისძიება პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება.