შინაგან საქმეთა სამინისტროს მნიშვნელოვანი ცვლილებები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ

თარიღი: ოთხშაბათი, 15 აგვისტო, 2018 წელი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია; ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტრო

2018 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, შვედეთისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა. ერთობლივ ინიციატივებსა და მიმდინარე პროექტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია აჯამებს.

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა ოჯახში ძალადობის რისკების შეფასების ახალი ინსტრუმენტი - სპეციალური კითხვარი, რომელიც სექტემბრიდან ამოქმედდება. რა ცვლილებებს გამოიწვევს სიახლე?

ინსტრუმენტის ამოქმედებამდე შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელი თავად განსაზღვრავდა კითხვებს, რომლებიც მსხვერპლისთვის უნდა დაესვა და ამ პროცესში გამომძიებლებს საკუთარი, არასტანდარტიზებული მიდგომები ჰქონდათ. ადამიანის უფლებათა სამმართველოს მიერ განხორციელებულმა მონიტორინგმა გამოავლინა შემთხვევები, როდესაც პოლიციის მიერ ოჯახური კონფლიქტის შეფასებისას ყურადღება არ მახვილდებოდა ისეთ დეტალებზე, რაც რისკების სწორად შეფასებისთვის აუცილებელი იყო. რისკების შეფასების ინსტრუმენტი ამ ვითარებას მთლიანად ცვლის. პოლიციელს უკვე თან ექნება სტრუქტურირებული შეკითხვებისგან შემდგარი დოკუმენტი, რომელიც შემთხვევის ადგილზე აუცილებლად უნდა შეავსოს. ეს პროცედურა მას არსებული საფრთხეების სწორად განსაზღვრაში დაეხმარება და მინიმუმამდე დაიყვანს განმეორებითი ძალადობის შემთხვევებს.

აღსანიშნავია, რომ რისკის შეფასების ინსტრუმენტთან ერთად ასევე დამტკიცდა მონიტორინგის მექანიზმი, რომელშიც გაწერილია, თუ, რისკის დონის მხედველობაში მიღებით, როგორ და რა ინტენსივობით უნდა გააკონტოლოს პოლიციამ მსხვერპლი და მოძალადე შემაკავებელი ორდერის ვადის განმავლობაში. ეს სიახლეც განმეორებითი ძალდობის პრევენციისთვის მნიშვნელოვანი ბერკეტი იქნება.

ამას გარდა, არის შემთხვევები, როდესაც მსხვერპლები სასამართლოზე მოძალადის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარს აცხადებენ. ვფიქრობთ, ამგვარ პროცესებზე ძალიან ღირებული მტკიცებულება სწორედ შემთხვევის ადგილზე შევსებული რისკების შეფასების კითხვარი და მსხვერპლის მიერ მიცემული ინფორმაცია იქნება.

ინსტრუმენტის შემუშავებაში საექსპერტო მხარდაჭერას გაეროს ქალთა ორგანიზაცია გვიწევდა და ამ ინიციატივაში მისი უდიდესი როლია. კითხვარის შემუშავება, დატესტვა და საბოლოო სახის ჩამოყალიბება მათთან მჭიდრო თანამშრომლობით მოხდა. რისკების შეფასების ინსტრუმენტი 50-მდე შემთხვევაზე უკვე გამოვცადეთ/დავტესტეთ და ის მთელი საქართველოს მასშტაბით სექტემბრიდან ამოქმედდება.

როგორც ცნობილია, ინსტუმენტის ამოქმედებას მოძალადეთათვის ელექტრონული სამაჯურების დანერგვაც მოჰყვება, როდისთვის ვარაუდობთ პროექტის დასრულებას?

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ინოვაციური პროექტი, რომელიც ასევე გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშორმლობით ხორციელდება. ელექტრონული სამაჯურის გამოყენება რისკების შეფასების ინსტურმენტის თანმდევი იქნება: თუ მოძალადეს პატიმრობა არ შეეფარდება, მაღალი რისკის არსებობის შემთხვევაში, კონტროლის მიზნით, პოლიციელი სწორედ ელექტრონულ სამაჯურს გამოიყენებს. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია განმეორებითი ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრისთვის.

ამჟამად, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, სამაჯურების შეძენის პროცესი და შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა მიმდინარეობს. ვფიქრობთ, რომ ამ სიახლის შემოღება წლის ბოლოსთვის გახდება შესაძლებელი.

პარალელურად გრძელდება გამომძიებლების ოჯახში ძალადობაზე სპეციალიზაციაც. როგორ შეაფასებდით ამ პროცესის მიმდინარეობას?

როდესაც ჩვენი დეპარტამენტი შეიქმნა, პირველ რიგში, მუშაობა სწორედ გამომძიებლების სპეციალიზაციაზე დავიწყეთ. გვსურდა, ყველა სტრუქტურულ ერთეულში გვყოლოდა გამომძიებელი, რომელიც პრიორიტეტულად ოჯახში ძალადობაზე იმუშავებდა. გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით მომზადდა 5-დღიანი სასწავლო მოდული, რომელიც არა მარტო სამართლებრივი ცოდნის, არამედ მგრძნობელობის ამაღლებასაც მოიცავს და გამომძიებლების გადამზადება დაიწყო.

ამჟამად ქვეყნის მასშტაბით უკვე 100-ზე მეტი გამომძიებელია გადამზადებული. პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და მას შემდეგ, რაც ყველა სტრუქტურულ ერთეულში გადამზადებული პირი გვეყოლება, ფუნქციებს მკაფიოდ გავმიჯნავთ, ოჯახში ძალადობის საქმეებზე მხოლოდ სპეციალიზებული გამომძიებლები იმუშავებენ და გამოძიების გაცილებით მაღალ ხარისხს მივიღებთ.

აღსანიშნავია, ის მნიშვნელოვანი ბრძანებაც, რომელიც მინისტრმა ცოტა ხნის წინ გამოსცა. მისი მიხედვით, თუ პოლიციელის მიმართ ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის შემთხვევებზე შემაკავებელი ორდერი გამოიცა, ის ავტომატურად ტოვებს თანამდებობას. ეს ნიშნავს, რომ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი სისტემის შიგნითაც გამკაცრებულია. ეს კომპლექსური ნაბიჯები, საბოლოო ჯამში, საერთო სურათის სასიკეთო ცვლილებას იწვევს.

მსგავსი სიახლეები

დაკავშირებული ამბები

Planet 50–50 by 2030: Step It Up for Gender Equality