მაია მახათაძის სიტყვებით: „ქალებმა უნდა დაიჯერონ, რომ შეუძლიათ“

თარიღი:

მაია მახათაძე სასტუმრო „კრონ პალას თბილისის“ გენერალური მენეჯერია. მას სასტუმრო ბიზნესში მუშაობის 15-წლიანი, მრავალმხრივი გამოცდილება აქვს. ამჟამად მაია ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ ერთ-ერთი წევრია. სურს, ამ ფედერაციის დახმარებით, საკუთარი ცოდნა სხვა ქალებსაც გაუზიაროს და მათ ეკონომიკურ გაძლიერებას ხელი შეუწყოს. ფედერაციასთან „ქალები მომავლისთვის“, რომელშიც ბიზნესის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი, ლიდერი ქალები ერთიანდებიან, გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხებზე თანამშრომლობს.

მაია მახათაძე
მაია მახათაძე; ფოტო: კახა შარტავა
Quote

პროფესიით ისტორიკოსი ვარ, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ რამდენიმეწლიანი პაუზა მქონდა: ოჯახით ვიყავი დაკავებული და სამსახური არც მიძებნია. ეს პაუზა 2002 წელს სასტუმრო „თბილისი მარიოტის“ გახსნამ დაარღვია. ამ ბრენდის მიერ გამოცხადებულმა ვაკანსიებმა ძალიან მიმიზიდა. გადავწყვიტე, მეცადა. რეზიუმე კი ჩავაბარე, მაგრამ უშედეგოდ: არავინ შემხმიანებია.

გადავწყვიტე, რომ ამ სასტუმროში აუცილებლად უნდა მემუშავა და სურვილის ასასრულებლად გზების ძიება დავიწყე. მივაგენი სამრეცხაოს, რომელიც მაშინ „თბილისი მარიოტს“ ემსახურებოდა. ვიფიქრე, რომ იქ მოხვედრა სასურველ სასტუმროში დასაქმების კარგი გზა იყო, ამიტომ სამრეცხაოში მივედი და ვაკანსიებით დავინტერესდი. აღმოჩნდა, რომ დირექტორის თანაშემწის პოზიცია თავისუფალი ჰქონდათ და რადგანაც კომპიუტერი და უცხო ენები ვიცოდი, მისი დაკავება შემომთავაზეს. დავთანხმდი და საქმიანობას შევუდექი.

როგორც დირექტორის თანაშემწეს, „თბილისი მარიოტის“ წარმომადგენლებთან ინტენსიური შეხვედრები მიწევდა. სწორედ ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის დროს ვუთხარი მათ, რომ უჯრაში ჩემი რეზიუმე ედოთ. ვთხოვე, განაცხადი მოეძებნათ, რადგან ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, მათთან სიამოვნებით ვიმუშავებდი. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ დამლაგებლების პოზიციები ჰქონდათ, რომლებსაც დირექტორის თანაშემწეს ვერ შემომთავაზებდნენ. ვუპასუხე, რომ მზად ვიყავი, პიჯაკი გამეხადა და მუშობა დამლაგებლად დამეწყო.

მხოლოდ იმიტომ დამთანხმდნენ, რომ გადაწყვიტეს, სამუშაოს სირთულის ნახვის შემდეგ აუცილებლად გადაიფიქრებსო, თუმცა საქმიანობას წარბშეუხრელად შევუდექი. ბევრი სირთულე გავიარე - ქიმიკატებმა ალერგია მომცა და ძალიან მიჭირდა, მაგრამ წასვლა არასდროს მიფიქრია. რეზიუმეს შეტანიდან 2 წლის შემდეგ „თბილისი მარიოტში“ მაინც მოვხვდი. ენთუზიაზმი მალევე დამიფასდა: ჯერ წამყვან დიასახლისად, მერე კი „ქორთიარდტ მარიოტში“ ზედამხედველად გადამიყვანეს. სწორედ აქედან დაიწყო ჩემი კარიერის მნიშვნელოვანი ეტაპი. პარალელურად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კონსულტანტის რანგში ვსაქმიანობდი: პრობლემურ სასტუმროებს ვეხმარებოდი და მსხვილი კომპლექსების გახსნაში ვმონაწილეობდი. „მარიოტის“ ქსელის შემდეგ სხვადასხვა ბრენდებთან ვმუშაობდი. ერთი სამსახური არასდროს მქონია: გიდი ვიყავი და საქართველოს კურორტების განახლებასა და სერვისების სრულყოფაშიც ვმონაწილეობდი. 2014 წელს კი „კრონ პალას თბილისში“ გადმოვედი და რამდენიმე თვეში გენერალური მენეჯერი გავხდი.

ამჟამად რეალიზებული მენეჯერი ვარ. მაქვს რესურსები, რომლებსაც გაზიარება სჭირდება. ვფიქრობ, ჩემი საქმიანობითა და გამოცდილებით სხვა ქალების გააქტიურებასაც შემიძლია დავეხმარო. არა მარტო ჩემი, არამედ ფედერაციის სხვა წევრების ისტორიაც არაჩვეულებრივი მაგალითი შეიძლება იყოს იმ დიასახლისებისთვის, რომლებიც ეკონომიკური საქმიანობის დასაწყებად სულ მცირე ბიძგს ეძებენ. ამგვარ სტიმულად, შესაძლოა, ბიზნესლიდერ ქალებთან ერთი შეხვედრაც კი იქცეს.

ქალებს ყველაფერი აქვთ ეკონომიკური წარმატების მიღწევისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ არის მენტალური პრობლემები, რომლებიც მათ აბრკოლებთ, თუმცა ვფიქრობ, თავად ქალებმაც უნდა გააცნობიერონ, დაიჯერონ, რომ წარმატების მიღწევა შეუძლიათ და გადაწყვეტილებები თამამად მიიღონ.“