საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის რისკების შეფასების ახალი ინსტრუმენტი დაამტკიცა

თარიღი: პარასკევი, 13 ივლისი, 2018 წელი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 ივლისის ბრძანების თანახმად, ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე პოლიციის რეაგირების პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა.

The Ministry of Internal Affairs of Georgia
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; ფოტო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

ცვლილება, ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული სიკვდილიანობისა და განმეორებითი ძალადობის რისკების შეფასების მიზნით, პოლიციელების მიერ რისკების შეფასების სპეციალური კითხვარის შევსებას ითვალისწინებს. აღნიშნული კითხვარი პოლიციას მსხვერპლთა უფრო ეფექტიანად დაცვის შესაძლებლობას მისცემს. რეფორმის შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მსხვერპლთა უსაფრთხოების ზომების დაგეგმვა, რაც, საბოლოო ჯამში, სამართალდამცავებს ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის შემთხვევების თავიდან აცილებაში დაეხმარება.

ოჯახში ძალადობის რისკის შეფასების მექანიზმი, რომელიც 2018 წლის 1 სექტემბრიდან შედის ძალაში, პოლიციას ძალადობის ისტორიის დოკუმენტირების, ლეტალური შედეგისა და განმეორებითი ძალადობის რისკების სტანდარტული მეთოდოლოგიით შეფასების შესაძლებლობას აძლევს. ამავდროულად, აღნიშნული მექანიზმი პოლიციას, სასამართლოსა და პროკურატურას გამოძიებისა და წინასასამართლო ეტაპზე აწვდის ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც მოძალადის მიმართ აღმკვეთი ღონისძიებები და მსხვერპლის დაცვის პირობები განისაზღვრება. ამასთან, მექანიზმი დაეხმარება პროკურატურას, სასამართლო განხილვისას მყარი მტკიცებულებები წარადგინოს და ამ გზით მოძალადეებისთვის პროპორციული სასჯელების დაკისრებას შეუწყოს ხელი.

„ანალოგიური კითხვარის შემოღების შემდეგ სხვა ქვეყნებში ოჯახში ძალადობის შედეგად სიკვდილიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა. იმედია, რისკის შეფასების მექანიზმი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოჯახში ძალადობის წინააღდმეგ ბრძოლას“, - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინსიტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია.

კითხვარი შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ევროკავშირის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა“ ფარგლებში, ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან „გლობალური უფლებები ქალებისთვის“ პარტნიორობით შეიმუშავა. მექანიზმი ოჯახში ძალადობის რისკის შეფასების გლობალურ კვლევებს, საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება. კითხვარის პილოტირება 2018 წლის ზაფხულში უკვე განხორციელდა.

„ოჯახში ძალადობის რისკიების შეფასების მექანიზმი შესაძლებლობას მოგვცემს, განვსაზღვროთ და, შესაბამისად, მინიმუმამდე შევამციროთ ძალადობის რისკი“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 10 ივლისს გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოჯახში ძალადობის აღმოფხვრა კვლავაც სამინისტროს მთავარ პრიორიტეტად რჩება.

ოჯახში ძალადობის რისკის შეფასების სტანდარტული მეთოდოლოგიის არარსებობა ოჯახში ძალადობაზე რეაგირების პოლიტიკის მნიშვნელოვან ხარვეზად არაერთხელ დასახელდა საქართველოს სახალხო დამცველის ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ 2015-2016 წლის სპეციალურ ანგარიშებში. ქვეყანაში აღნიშნული მეთოდოლოგიის ამოქმედების მნიშვნელობას საქართველოს შესახებ 2016 წლის ანგარიშში ხაზი გაუსვა ქალთა მიმართ ძალადობის, მისი გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების შესახებ გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა დუბროვკა სიმონოვიჩმაც.

მსგავსი სიახლეები

დაკავშირებული ამბები

Planet 50–50 by 2030: Step It Up for Gender Equality