საქართველოს ახალი კონსტიტუციით არსებითი გენდერული თანასწორობა გარანტირებულია

თარიღი:

2018 წლის იანვრიდან ძალაში საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ახალი ცვლილებები შევიდა. ქვეყანაში მმართველობის კლასიკური საპარლამენტო მოდელის ეტაპობრივად დამკვიდრებასთან ერთად, ახალი კონსტიტუცია არსებითი გენდერული თანასწორობის გარანტიებს განამტკიცებს.

The building of Parliament of Georgia in Kutaisi
საქართველოს პარლამენტის შენობა ქუთაისში; ფოტო: საქართველოს პარლამენტი

„სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისათვის. სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად,“- ნათქვამია მე-11 მუხლში. თანასწორობის შესახებ ახალი მუხლის ენა ფორმალური თანასწორობის შემცველ ძველ ფორმულირებას არსებითი თანასწორობით ცვლის. მას აქცენტი სტრუქტურულ უთანასწორობებთან ბრძოლაზე გადააქვს და სახელმწიფოს ავალდებულებს, შემოიღოს და განახორციელოს სპეციალური კანონები, პოლიტიკა და პროგრამები, რათა უზრუნველყოს, რომ ქალებმა თანასწორი შესაძლებლობებით ისარგებლონ.

აღნიშნული ცვლილების კონსტიტუციაში შეტანა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ქალთა ჯგუფების ლობირების პირდაპირი შედეგია. მისი ინიციატორი კი ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფი იყო. აღნიშნული ჯგუფი იმ ორგანიზაციებს აერთიანებს, რომლებიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარეობით მომუშავე გენდერის თემატური ჯგუფის ფარგლებში, გადაწყვეტილებათა მიღების პროცესებში ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობაზე აქტიურ საქმიანობას ეწევიან.

„გენდერულ თანასწორობასა და ქალთა უფლებებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო გარანტიების მიღების პროცესში, 2017 წლის განმავლობაში ქალთა უფლებადამცველებს მიეცათ შესაძლებლობა, პეტიციები წარმოედგინათ და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებ პირებთან საკონსულტაციო და ადვოკატირების შეხვედრები ჩაეტარებინათ. ზემოაღნიშნული ცვლილების ადვოკატირების პროცესში ძალზე დიდი როლი შეასრულა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ქალთა ჯგუფების ძალისხმევამ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელობით“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა.

ქალთა ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობის ერთობლივ ძალისხმევაში გაეროს ქალთა ორგანიზაციას სტრატეგიული წვლილი შეჰქონდა: იგი პროცესში მონაწილე მხარეებს კონსტიტუციათა შემუშავების პროცესში გენდერული საკითხების ინტეგრირებაზე მსოფლიოს მასშტაბით არსებულ ცოდნას უზიარებდა და კონსტიტუციის აღნიშნული მუხლის ფორმულირების ტექნიკურად გამართვაში მონაწილეობდა. ამ პროცესში, ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს გაეროს განვითარების პროგრამამ და ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ადვოკატირების სივრცეების შექმნას ადგილობრივ ორგანიზაციებსა და გადაწყვეტილების მიმღებ უწყებებს, მათ შორის საკონსტიტუციო კომისიასა და გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოს შორის, რომლებმაც აღნიშნული ცვლილებების ლობირების პროცესში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს.