გაეროს ქალთა ორგანიზაციამ საქართველოში ფემიციდის მონიტორინგთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

თარიღი:

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველმა გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად თბილისში საერთაშორისო კონფერენცია „ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგის ინსტრუმენტები და მექანიზმები“ გამართა.

President of Georgia Mr. George Margvelashvili
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქვეყანაში გასატარებელი საკანონმდებლო ცვლილებისა და პრევენციული პოლიტიკის მნიშვნელობაზე საუბრობს; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/მაკა გოგალაძე

კონფერენციის მიზანს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებისა და გამოცდილების გათვალისწინებით ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგის მეთოდოლოგიის დახვეწა, ასევე, საქართველოში „ფემიციდის მონიტორინგის“ პირველი ანგარიშის განხილვა წარმოადგენდა.

2015 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალურმა მომხსენებელმა ქალთა მიმართ ძალადობის, მისი მიზეზებისა და შედეგების შესახებ დუბრავკა სიმონოვიჩმა გაეროს წევრ ქვეყნებს ფემიციდის მონიტორინგის მექანიზმის ჩამოყალიბების, ფემიციდის შემთხვევების რაოდენობრივი მონაცემების შეგროვებისა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს მათი ყოველწლიურად გამოქვეყნებისკენ მოუწოდა. ინიციატივის მთავარი ასპექტი თითოეული შემთხვევის დეტალური გაანალიზებაა, რათა ქალების დაცვის თვალსაზრისით არსებული ნებისმიერი ნაკლოვანება გამოვლინდეს, სამომავლოდ კი პრევენციული ღონისძიებები გაუმჯობესდეს და განვითარდეს. აღნიშნული მოწოდების შემდეგ საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა 2016 წლის 25 ნოემბერს განაცხადა, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერით, საქართველოში „ფემიციდის მონიტორინგის მექანიზმის“ ჩამოყალიბებას აპირებდა.

The conference was ettended by Dubravka Šimonovic, United Nations Special Rapporteur on violence against women
კონფერენციას ესწრებოდნენ გაეროს სპეციალური მომხსენებელი ქალთა მიმართ ძალადობის, მისი მიზეზებისა და შედეგების შესახებ დუბრავკა სიმონოვიჩი, COST-ის ღონისძიების "ფემიციდი ევროპაში", "სერბეთის ქალთა ავტონომიური ცენტრისა" და "სომხეთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის წარმომადგენლები; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/მაკა გოგალაძე

კონფერენციაზე დუბრავკა სიმონოვიჩი აუდიტორიას იმ როლზე ესაუბრა, რასაც „ფემიციდის მონიტორინგის მექანიზმი“ ფემიციდის პრევენციაში ასრულებს. COST-ის ღონისძიების „ფემიციდი ევროპაში“, „სერბეთის ქალთა ავტონომიური ცენტრისა“ და „სომხეთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის“ წარმომადგენლებმა კი მსმენელებს ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგთან დაკავშირებით საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

,,ფემიციდი სპეციფიკური სისხლის სამართლის საქმე არ არის. ფემიციდი მთელი ჩვენი საზოგადოების პრობლემაა. საკანონმდებლო ცვლილებების მიღება ან სახელმწიფოს მიერ ახალი პრევენციული პოლიტიკის განხორციელება უკიდურესად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მიმართვისას საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

„ფემიციდის პრევენციისთვის შესაფერისი ზომები იქნება მიღებული. საჭიროა ყველა შემთხვევის ეფექტურად განხილვა, კანონმდებლობის შემდგომი დახვეწა და სათანადო ყურადღების დათმობა აღნიშნული დანაშაულების გენდერული მოტივისთვის“, - აღნიშნა საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა.

გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში ნილს სკოტმა ხაზი გაუსვა, რომ მდგრადი განვითარების მიზნები ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის გარეშე ვერ შესრულდება, რაც მთავრობის და, ზოგადად, საჯარო თუ სამოქალაქო სექტორების, განვითარების სფეროში მომუშავე პარტნიორებისა და მასმედიის ერთობლივ ძალისხმევას მოითხოვს.

ღონისძიებაზე საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტმა „ფემიციდის მონიტორინგის“ ანგარიშის წინასწარი დასკვნები წარადგინა. საბოლოო ანგარიში, რომელშიც საქართველოს სახალხო დამცველისთვის კონფერენციაზე გაზიარებული შეხედულებები და რეკომენდაციები იქნება ასახული, 2017 წლის ბოლოს გამოქვეყნდება.