გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქართველოს სახალხო დამცველმა ფემიციდთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენცია გამართეს

თარიღი: ხუთშაბათი, 15 ნოემბერი, 2018 წელი

ფემიციდის, გენდერული ნიშნით ქალთა მკვლელობების შემთხვევების მონიტორინგი და პრევენციაზე მუშაობა გაეროს ქალთა ორგანიზაციისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.

საქართველოს სახალხო დამცველმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, საერთაშორისო კონფერენცია
საქართველოს სახალხო დამცველმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, საერთაშორისო კონფერენცია "ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგი პრევენციისთვის" გამართა; ფოტო: საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი

სწორედ ამ თემას ეძღვნებოდა საერთაშორისო კონფერენცია „ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგი პრევენციისთვის“, რომელიც თბილისში, საქართველოს სახალხო დამცველმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გამართა. ღონისძიებაზე, რომელსაც საკანონმდებლო და სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მონაწილეებმა ფემიციდზე, მისი პრევენციის გზებსა და 2017 წელს მომხდარ შემთხვევებზე იმსჯელეს.

კონფერენციის გახსნაზე საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ოჯახში ძალადობის გამოვლენის გაზრდილ მაჩვენებელზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხოლოდ 2017 წელს 46-დან 28 შემთხვევაში ქალის მკვლელობის, მკვლელობის მცდელობისა თუ თვითმკვლელობამდე მიყვანის მიზეზი ოჯახში ძალადობა გახდა.

„ის, თუ როგორ უმკლავდება სახელმწიფო გენდერული ნიშნით მოტივირებულ ძალადობას, განსაზღვრავს საზოგადოებაში არსებულ ბაზისურ ღირებულებებს და სამართლიანობის განცდას. სწორედ ამიტომ, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ჩვენი მიზანია, მონიტორინგისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით, არსებული მდგომარეობა შევცვალოთ“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

საქართველოს მთავარი პროკურატურის მონაცემებით, 2017 წელს 26 ქალის მკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის 14 ოჯახის წევრის მიერ იყო ჩადენილი. 15 შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ქალის მკვლელობის მცდელობას, რომელთაგან 12 ოჯახური დანაშაულის ნიშნით მოხდა, 3 საქმეში კი სხვა მოტივი გამოიკვეთა. ასევე, დაფიქსირდა ოჯახური დანაშაულის ნიშნით ჩადენილი ქალთა თვითმკვლელობამდე და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის 2 ფაქტი სულ 5-მსგავსი კატეგორიის დანაშაულიდან.

კონფერენციაზე სახალხო დამცველის აპარატმა საქართველოში 2017 წელს მომხდარი ქალთა მკვლელობების ანალიზი და ძირითადი მიგნებებიც წარადგინა. ანგარიშის თანახმად, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, კვლავ ბევრი გამოწვევა რჩება. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფემიციდის პრევენციის პრობლემა, გამოძიებისა და სასამართლო ეტაპებზე გამოვლენილი კვალიფიკაციისა და სახელდების ხარვეზები, უწყებების მიერ გენდერულად არამგრძნობიარე ენის გამოყენება და სხვა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ქალთა მკვლელობებზე სასამართლოს გადაწყვეტილებათა დეტალურ ანალიზს 2016 წლიდან ახორციელებს. ანალიზის მიზანი ფემიციდის პრობლემის რეალური მასშტაბების, გამოყენებული დაცვისა თუ პრევენციის ღონისძიებებისა და პრობლემის სახელდებისას არსებული ხარვეზების შეფასებაა.