მსოფლიო რაგბის ოცწლამდელთა ჩემპიონატი HeForShe-ს შეურთდა

თარიღი: შაბათი, 10 ივნისი, 2017 წელი

საქართველოში მიმდინარე მსოფლიო რაგბის ოცწლამდელთა ჩემპიონატმა, მონაწილე გუნდებმა და მსოფლიო რაგბიმ გაეროს ქალთა ორგანიზაციის სოლიდარობის მოძრაობას გენდერული თანასწორობისთვის HeForShe მხარდაჭერა გამოუცხადეს.

ახალი ზელანდიის მორაგბეები გენდერულ თანასწორობასა და სპორტის დახმარებით გოგოების გაძლიერებაზე საუბრობენ; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/მაკა გოგალაძე
ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის შენობაში გაიმართა, გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და მსოფლიო რაგბის შორის ჩემპიონატის ფარგლებში თანამშრომლობაც გაფორმდა. გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ გამხსნელ სიტყვაში მადლობა გადაუხადა საქართველოს რაგბის კავშირს, რომელიც საქართველოში HeForShe-ს ერთ-ერთი პირველი მხარდამჭერი იყო: „ასევე, განსაკუთრებული მადლობა მათ ინიციატივისთვის, რომლის ფარგლებშიც ქართველი მორაგბეები მხოლოდ წელს 19 სოფელში 500 ბავშვს შეხვდნენ და მათ გოგოებსა და ბიჭებს, ქალებსა და კაცებს შორის თანასწორობაზე, არაძალადობრივი ქცევის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. დღევანდელი ინიციატივა მსოფლიო რაგბის ოცწლამდელთა ჩემპიონატის ფარგლებში იმართება. დიდი მადლობა ჩეპიონატის დირექტორს საიმონ კიბლს და ჩეპიონატის მონაწილე ქვეყნებს“. ქ-ნმა კვაპილოვამ ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა ღონისძიებას ხსნის; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/მაკა გოგალაძე
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, რომელიც ღონისძიებას ესწრებოდა, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან მჭიდრო კავშირის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და სარაგბო თემს შორის არსებულ თანამშრომლობაზეც გაამახვილა ყურადღება: „დღევანდელი ღონისძიება ამ თანამშრომლობის დადასტურებაა. მიხარია, რომ ეს თანამშრომლობა არა სიმბოლური, არამედ ქმედითია“,-აღნიშნა მან.

ღონისძიების სტუმრებს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემაც მიმართა. მან გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელს საქართველოში ერიკა კვაპილოვას გადაუხადა: „მორაგბეები ამ კამპანიის უბრალო მხარდამჭერები არ ვართ. ეს ჩვენი ცხოვრების წესია, რომელსაც ყოველთვის გავაგრძელებთ“,-აღნიშნა გოჩა სვანიძემ.

HeForShe-ს მხარდაჭერა მსოფლიო რაგბის სახელით მისი ტურნირის დირექტორმა საიმონ კიბლმა გამოუცხადა: „გენდერული თანასწორობის დაცვა უმნიშვნელოვანესია. გვიხარია და ვამაყობთ, რომ ამ კამპანიაში ვმონაწილეობთ“,- განაცხადა მან და შემდეგ ეს მხარდაჭერა ხელმოწერით დაადასტურა. საიმონ კიბლის მსგავსად სიმბოლური ხელმოწერა HeForShe-ს დაფაზე ჩემპიონატის მონაწილე გუნდების წევრებმაც დატოვეს.

ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო ახალი სოციალური ვიდეორგოლი, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით შეიქმნა. იგი გენდერული თანასწორობის ხელშეწყობასა და სპორტის დახმარებით ქალთა გაძლიერებას ემსახურება.