გაეროს ქალთა ორგანიზაცია ხელს უწყობს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების გაუმჯობესებას

თარიღი:

გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის პრევენციისა და მასზე ეფექტიანი პასუხის უზრუნველყოფისთვის შესაძლებლობების გაძლიერებაში დაეხმარება.

მემორანდუმის გაფორმების ცერემონიალი; მარჯვნიდან მარცხნივ: გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა; ფოტო: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსა და გაეროს ორ სააგენტოს - გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და გაეროს მოსახლეობის ფონდს შორის გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში მემორანდუმი გაფორმდა და თანამშრომლობის ჩარჩო 2020 წლის ბოლომდე განისაზღვრა.

მემორანდუმის თანახმად, გაეროს ქალთა ორგანიზაცია სამინისტროს მხარდაჭერას ისეთ საკითხებზე აღმოუჩენს, როგორებიცაა სპეციალიზებული მომსახურების შექმნა იმ პირებისთვის, რომლებმაც სექსუალური ძალადობა განიცადეს, ასევე ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვეპლთათვის 4 ახალი თავშესაფრისა და კრიზისიული ცენტრის გახსნა, სოციალური და ეკონომიური რეაბილიტაციის პროგრამების შექმნა, რომლებიც ამ ადამიანების პროფესიულ გადამზადებასა და დასაქმების მხარდაჭერაზე იქნება ფოკუსირებული. მემორანდუმი მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის მრავალმხრივი, ხელმისაწვდომი და მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებას, რაც შესაბამისობაში იქნება სტამბოლის კონვენციასთან, რომლის რატიფიცირებაც ახლახან მოხდა.

„დღეს ხელი მოეწერა სამმხრივ მემორანდუმს და ვფიქრობ, თანამშრომლობის ეს ფორმატი ბევრად უფრო მეტ შესაძებლობას მოგვცემს ქალთა მიმართ ძალადობაზე მუშაობის მიმართულებით“, - აღნიშნა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

გაეროს ერთობლივი პროგრამა „გენდერული თანასწორობისთვის“ შვედეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.