კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში მცხოვრები ქალების ხმა

თარიღი:

იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტით დაზარალებული ქალები კონფლიქტით დაზარალებული მოქალაქეების საჭიროებების მოგვარებაზე სასაუბროდ გორში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, სახელმწიფო უშიშროების სამსახურისა და ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების საჭიროების შესწავლის დროებითი სამთავრობო კომისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ქალები მთავრობის წარმომადგენლებს ხვდებიან; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, შიდა ქართლის რეგიონში ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე ცხრა სოფელში (ფლავი, ფლავისმანი, ახალუბანი, ტირძნისი, ერგნეთი, კარალეთი, ნიქოზი, კოშკა, კნოლევი) მცხოვრებმა ქალებმა სახელმწიფო მოხელეებს თავიანთი პრობლემები გაუზიარეს.

შეხვედრის მიმდინარეობისას მთავრობის წარმომადგენლებმა ქალებს მიაწოდეს ინფორმაცია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ჩატარებული წინა შეხვედრების შედეგების, ასევე აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში შემდგომი დისკუსიების დღის წესრიგის საკითხების შესახებ. ქალებმა კი მთავრობის წარმომადგენლებს თავიანთი სოციალური, ეკონომიკური და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები გაუზიარეს და მოუწოდეს, რომ ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების პრიორიტეტები ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ჩატარებულ დისკუსიებზე წამოიჭრას და სახელმწიფო უწყებათა სამომავლო მუშაობაში აისახოს. ქალების მიერ აღნიშნულ ძირითად საკითხებს შორის იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა, საჯარო სკოლებში სანიტარიისა და ჰიგიენის ნაკლებობა, სასმელი წყლის დაბინძურება და ქალებისთვის სოციალურ-ფსიქოლოგიური კონსულტაციებისა და ჯანდაცვის მომსახურების შეზღუდული მისაწვდომობა.

დროებითი სამთავრობო კომისიის წარმომადგენელმა ოთარ კონჯარიამ, რომელიც კონფლიქტით დაზარალებული მოქალაქეების საჭიროებების გადაწყვეტაზეა პასუხისმგებელი, აღნიშნა, რომ შეხვედრაზე წამოჭრილი საკითხები მთავრობის მხრიდან სამომავლო აქტივობების დაგეგმვისას შესწავლილი და გათვალისწინებული იქნება.რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ზვიადაძემ კი საინფორმაციო შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრა: „გამყოფი ხაზების გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრებ ქალებთან დიალოგი ძალზე მნიშვნელოვანი და ინფორმატიული აღმოჩნდა. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ამგვარ საინფორმაციო შეხვედრებს“,- განაცხადა მან. შეხვედრაზე ასევე შეთანხმდნენ, რომ მიწოდებული რეკომენდაციები საფუძვლიანად იქნება შესწავლილი სამინისტროების მიერ ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე ახალი ეროვნული სამოქმედო გეგმის (2018-2020 წლებისათვის) მიზნებისა და საქმიანობების შედგენისას.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ 2013 წელს ინიცირებული საინფორმაციო შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მონაწილეებს შორის რეგულარული დიალოგის მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა. 2016 წლიდან ამ საკონსულტაციო შეხვედრებს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტექნიკური დახმარებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი თავმჯდომარეობს.