გაეროს ქალთა ორგანიზაცია მხარს უჭერს დიალოგს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის

თარიღი:

მთავრობის წარმომადგენლები თბილისში ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების მიმდებარე ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების შესახებ უახლესი ინფორმაციის გაზიარება იყო.

შეხვედრა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებს შორის; ფოტო: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი
შეხვედრა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერით იყო ორგანიზებული. მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების მაღალი რანგის თანამდებობის პირები, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მონაწილეებმა ერგნეთსა და გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ჩატარებული უკანასკნელი შეხვედრების შედეგები განიხილეს. დისკუსია სხვადასხვა თემას, მათ შორის, გამყოფი ხაზების გასწვრივ მდებარე სოფლების მოსახლეობის ყოველდღიურ უსაფრთხოებას შეეხო. საინფორმაციო შეხვედრაზე ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებმა განსაკუთრებული ყურადღება ისეთ საკითხებზე გაამახვილეს, როგორებიცაა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა, გადაადგილების თავისუფლება და უსაფრთხოება, დაკავების პირობები და მოპყრობა, გალის მოსახლეობის პრობლემები პერსონალურ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით.

შეხვედრის ფარგლებში ქალთა ორგანიზაციებმა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მონაწილეებს ჰუმანიტარულ საჭიროებებზე უფრო ეფექტიანი რეაგირებისკენ მოუწოდეს. სხვა საკითხებთან ერთად სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სააღდგომო დღესასწაულებთან დაკავშირებით გამყოფი ხაზების მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის რელიგიურ ადგილებსა და სასაფლაოებზე მიმოსვლის საჭიროებაზე გაამახვილეს ყურადღება. ასევე, მათ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვედრებში მონაწილეობისკენ მოუწოდეს, რაც განათლებასთან, საცხოვრისთან და მსგავს საკითხებთან დაკავშირებით უფრო მიზნობრივი დისკუსიების ჩატარებას გახდის შესაძლებელს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერით, მიმდინარე წელს ქალთა ორგანიზაციებთან კვარტალური საინფორმაციო შეხვედრების გაგრძელებას გეგმავს, რაც ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე საქართველოს 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებებს შეესაბამება.