ლტოლვილთა სამინისტროში გენდერული თანასწორობის მიღწევისთვის საჭირო შესაძლებლობები ძლიერდება

თარიღი: შაბათი, 25 თებერვალი, 2017 წელი

გენდერული თანასწორობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღების შემდეგ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ასრულებს ვალდებულებას, რომელიც, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, თანამშრომელთა გენდერული თანასწორობის მიღწევისთვის საჭირო შესაძლებლობების გაძლიერებას გულისხმობს.

ტრენინგის მონაწილეები ქალებსა და კაცებს შორის დროის განაწილებაზე მსჯელობენ; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
როგორ შეიძლება საჯარო ფინანსური მენეჯმენტით იძულებით გადაადგილებული ქალებისა და კაცების მრავალფეროვანი და სპეციფიკური საჭიროებების გამოვლენა და დაკმაყოფილება? სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა, რომელიც ლტოლვილთა სამინისტროს გენდერული თანასწორობის კომისიისთვის ორგანიზებულ ტრენინგზე დაისვა. აღნიშნული ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ 24-25 თებერვალს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში ჩატარდა.

ორი დღის განმავლობაში ლტოლვილთა სამინისტროს გენდერული თანასწორობის კომისიის წევრები, სამინისტროს რეგიონული ფილიალების წარმომადგენლები და შერჩეული თანამშრომლები ესწრებოდნენ ტრენინგს, რომელიც გენდერული თანასწორობის ცნებებს ეხებოდა და საერთაშორისო თუ ეროვნული პოლიტიკის ფარგლებში ქალთა უფლებების წარმოჩენაზე იყო ფოკუსირებული. მონაწილეებმა განიხილეს გენდერზე ორიენტირებული ბიუჯეტირებაც, როგორც ბიუჯეტის დაგეგმვის დროს გენდერული საკითხების გათვალისწინებისთვის საჭირო ინსტრუმენტი, რომელიც მომსახურების მიწოდებისა და რესურსების განაწილების დროს ქალებისა და კაცების განსხვავებული ჯგუფების საჭიროებებს უკეთ ასახავს. ტრენინგი გააძლიერებს გენდერული თანასწორობის კომისიის შესაძლებლობებს, რომელთა წევრებიც ამავდროულად სამინისტროს დეპარტამენტების უფროსები არიან და უზრუნველყოფენ გენდერული თანასწორობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგს.

იძულებით გადაადგილებულ პირთა დეპარტამენტის უფროსმა მურად აბლოთიამ აღნიშნა, რომ „ტრენინგი მნიშვნელოვანი იყო ფაქტობრივი და არსებითი გენდერული თანასწორობის მნიშვნელობისა და მისი მიღწევისთვის საჭირო ღონისძიებების გასაგებად. კანონმდებლობასა და პოლიტიკებში ფორმალურ გენდერულ თანასწორობას ხშირად ვხედავთ, მაგრამ სამსახურებსა და ცხოვრებაში სხვა რეალობას ვაწყდებით.”

საფინანსო დეპარტამენტის უფროსმა ბესარიონ ბუჩუკურმა კი დასძინა: „განსაკუთრებით საინტერესო იყო ინფორმაციის მიღება გენდერზე ორიენტირებული ბუჯეტირების, ასევე, ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში გენდერული ანალიზისა და გენდერული თანასწორობის პრინციპების გათვალისწინების შესახებ.“

ტრენინგი ორგანიზებული იყო პროექტის „საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა თანაბარი ხელმისაწვდომობა ეკონომიკურ შესაძლებლობებზე“ ფარგლებში, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებენ. პროექტის მიზანია იძულებით გადაადგილებული პირების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მდგრადი საარსებო საშუალებების მხარდაჭერა, გენდერულად მგრძნობიარე პროგრამებისა და მომსახურებების შექმნის მიზნით, ლტოლვილთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერება. პროექტი ევროკავშირისა და მისი პარტნიორი სამინისტროს, ლტოლვილთა სამინისტროს იმ ფართო ძალისხმევის ნაწილია, რომელიც იძულებით გადაადგილებული პირებისა და კონფლიქტით დაზარალებული პირების სოციალურ-ეკონომიკურ ინტეგრაციას ისახავს მიზნად.
მსგავსი სიახლეები

დაკავშირებული ამბები

Planet 50–50 by 2030: Step It Up for Gender Equality