ბიზნესკომპანიები გენდერული თანასწორობის მიღწევისთვის აქტიურ მოქმედებას იწყებენ

თარიღი:

2 დეკემბერს თბილისში გამართულ კონფერენციაზე ხუთმა ქართულმა კომპანიამ გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და ქალთა გაძლიერების მიზნით შემუშავებული სამომავლო გეგმები წარადგინა. სწორედ ამ აქტივობების საფუძველზე გაფორმდა სამოქმედო გეგმა, რომელიც ქალთა გაძლიერების პრინციპებს (WEPs) ეყრდნობა.


Adjara Group Hospitality-ს აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ჩეხერია ქალთა გაძლიერების პრინციპების ერთ-ერთი ხელმოწერი გახდა; ფოტო: სამოქალაქო განვითარების სააგენტო
კონფერენცია გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის სამდივნოს) მიერ იყო ორგანიზებული. ღონისძიებას წინ უძღოდა პროცესი, რომლის მიმდინარეობისას ხუთმა ქართულმა ბიზნესკომპანიამ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, საკუთარი პოლიტიკა და საქმიანობა გენდერული პერსპექტივიდან შეაფასა, არსებული ნაკლოვანებები გამოააშკარავა, მიზნები დასახა და მათი მიღწევის სამოქმედო გეგმა ჩამოაყალიბა.

ბიზნესის ინიციატივას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი მიესალმა: „ქვეყნის კერძო სექტორში ქალთა მონაწილეობა მაღალია თუმცა გენდერული სტერეოტიპები მათ ხშირად პოტენციალის სრულად რეალიზებაში უშლიან ხელს. ღონისძიებაზე მყოფი ხელმძღვანელების მონაწილეოა ადასტურებს, რომ გენდერული თანასწორობა სულ უფრო მეტად განიხილება ბიზნესის წარმატების უმნიშვნელოვანეს ფაქტორად“,-აღნიშნა ქეთევან ბოჭორიშვილმა.

კონფერენციაზე სამოქმედო გეგმა "Adjara Group Hospitality"-მ, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალმა“, პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრამ“, უძრავი ქონების სააგენტო m2-მა და ქართულ-ამერიკულმაუნივერსიტეტმა წარადგინეს. გეგმა ისეთ ინიციატივებს აერთიანებს, როგორებიცაა დეკრეტული შვებულებების კუთხით კაცების წახალისება, ქალთა მონაწილეობის მხარდაჭერა იმ პროფესიებში, რომლებშიც კაცები დომინირებენ და ყველა სახის დისკრიმინაციაზე, მათ შორის სექსუალურ შევიწროებაზე, საჩივრების მექანიზმების შექმნა. ამას გარდა, რამდენიმე კომპანიამ ქალთა საკუთრებაში არსებულ ბიზნესებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება და ქალთა მარგინალიზებული ჯგუფებისთვის სამუშაო ადგილების შექმნა გადაწყვიტა.

Adjara Group Hospitality-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის საბჭოს თავჯდომარემ ვალერი ჩეხერიამ ის გამოწვევები დაასახელა, რომელთა წინაშეც ქვეყნის მთიან რეგიონებში სასტუმრო ბიზნესი დგას: „ზოგიერთი პროფესია ქალისთვის შეუფერებლად ითვლება. ქალებისთვის ამ სფეროებში ანაზღაურებადი სამსახურის პოვნა ძალიან ძნელია, რადგან მათ მიმართ მხოლოდ საოჯახო საქმეების მართვის მოლოდინი არსებობს. ქალთა უფლებების სფეროში ცნობიერების ამაღლება უმნიშვნელოვანესია როგორც პერსონალის დაქირავების, ისე საზოგადოებრივი დამოკიდებულების შეცვლის კუთხით“,-განაცხადა მან.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ ხაზი გაუსვა, რომ განვითარების ამბიციური გეგმების, მათ შორის ეროვნული მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა, რომლებიც ქვეყნის მთავრობამ დასახა, ბიზნესების აქტიური მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია: „კომპანიების მართვასა და საქმიანობაში გენდერის მეინსტრიმინგი არა მარტო მოგების გაზრდას დაეხმარება, არამედ გამოიწვევს გენდერული დისკრიმინაციის პრევენციას და მთლიანად საზოგადოების წარმატებას.“

ხუთივე კომპანიის აღმასრულებელმა ხელმძღვანელებმა ქალთა გაძლიერების პრინციპების მხარდამჭერ წერილს მოაწერეს ხელი. ამას გარდა, მათ რიცხვს შეუერთდა და ქალთა გაძლიერების პრინციპებს მხარი დაუჭირა კიდევ სამმა კომპანიამ: KPMG-მ, „კრედომ“ და „ჯორჯიან ბიზნეს ზონამ“. შედეგად, ქალთა გაძლიერების პრინციპების (WEPs) ხელმომწერთა რიცხვი ქვეყანაში 10-მდე გაიზარდა.