კერძო სექტორში გენდერული თანასწორობის მხარდამჭერი პიონერები გამოვლინდნენ

თარიღი: ხუთშაბათი, 9 მარტი, 2017 წელი

ქალთა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად გაწეული ძალისხმევისთვის სამი ბიზნესკომპანია დაჯილდოვდა. დაჯილდოების ცერემონია ათასწლეულის გამოწვევის ფონდ - საქართველოს (MCA) მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით გაიმართა.


შავი ზღვის უნივერსიტეტის, დიოსა და ჯეოსელის წარმომადგენლების დაჯილდოება; ფოტო: ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
კონკურსი „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ უკვე მეორედ ჩატარდა და წელს მასში მონაწილეობა 32-მა ორგანიზაციამ მიიღო. კონკურსი და დაჯილდოების ცერემონია იმ კომპანიებს ავლენს, რომლებმაც საკუთარი საქმიანობით შრომის ბაზარზე ქალთა მონაწილეობის მიმართ არსებული ბარიერების დაძლევა წარმატებით შეძლეს, სფეროებში, რომლებშიც კაცები დომინირებენ, თანამდებობებზე ხელმისაწვდომობა გაზარდეს, ქალებისთვის, მათ შორის მარგინალური ჯგუფებისთვის, გადამზადებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობები შექმნეს. კონკურსი გაეროს ქალთა ორგანიზაციის/გაეროს გლობალური კომპაქტის ერთობლივ „ქალთა გაძლიერების პრინციპებს“ ეფუძნება და განსაკუთრებულ აქცენტს მე-4 პრინციპის განხორციელებაზე აკეთებს, რომელიც ქალების გადამზადებასა და პროფესიულ გაძლიერებაზეა ფოკუსირებული.

მისასალმებელ სიტყვაში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემ ნიკოლას ბერლინერმა აღნიშნა: „როცა საქართველოში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაზეა საუბარი, ბევრი რამ საამაყოა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი. ვიმედოვნებ, მომდევნო წლებში საქართველოს საჯარო და კერძო სექტორებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე კიდევ უფრო მეტ ქალს ვიხილავთ. ბიზნესის სფეროში ეს უკვე ასეც ხდება. კვლავაც ჩანს, რომ ბიზნესები, რომელთა საქმიანობაში ქალები მნიშვნელოვან ფუნქციას სრულებენ, უფრო წარმატებულები არიან“.

კონკურსის გამარჯვებულად სამი კომპანია დასახელდა: სატელეკომუნიკაციო კომპანია „ჯეოსელი“, რომელიც გენდერული თანასწორობის მიმართ მრავალმხრივი მიდგომის გამო გამოარჩიეს, „დიო“, რომელიც სხვა პროდუქციასთან ერთად კარ-ფანჯარას აწარმოებს, ქალთა მოწყვლადი და მარგინალიზებული ჯგუფების მხარდაჭერისთვის დააჯილდოვეს და შავი ზღვის უნივერსიტეტი, რომელსაც ჯილდო ისეთ სფეროებში ქალთა მონაწილეობის მხარდაჭერისთვის გადაეცა, რომლებშიც ტრადიციულად კაცები დომინირებენ.

ჯეოსელის ეთიკისა და შესაბამისობის მენეჯერმა თინათინ ნადარეიშვილმა ჯილდოს მიღებისას განაცხადა, რომ „ჯეოსელი ცდილობს, გენდერულ თანასწორობას მხარი როგორც კომპანიის შიგნით, ისე მთლიანად საზოგადოებაში დაუჭიროს. ქალთა საერთაშორისო დღეს ჩვენ „ქალთა გაძლიერების პრინციპებს“ მოვაწერეთ ხელი და ახლა მოტივირებულები ვართ, კიდევ უფრო მეტად ვიმუშაოთ ქალების უფლებების მხარდასაჭერისა და გაძლიერებისთვის“.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ ღონისძიების დახურვისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გენდერული თანასწორობის მისაღწევად კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი და დასძინა: „ჩვენთვის სტიმულის მომცემია, როცა ვხედავთ, თუ რა ძლიერად უჭერს მხარს საქართველოში ბიზნესსაზოგადოება გენდერულ თანასწორობას. თქვენ, ბიზნეს ლიდერებს, უდიდესი შესაძლებლობები გაქვთ, რომ ქალები ეკონომიკურად გააძლიეროთ, თავიდან აიცილოთ დისკრიმინაცია და შევიწროვება შრომის ბაზარზე, ხელი შეუწყოთ ქვეყნის მდგრად და სამართლიან განვითარებას“.