ფოტოგრაფია მშვიდობისა და გენდერული თანასწორობისთვის

თარიღი:

ხშირად ამბობენ, რომ ერთი ფოტო ათას სიტყვას უდრის, მაგრამ რას ნიშნავს ეს მშვიდობის მშენებლობის კონტექსტში და რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს გენდერული თანასწორობასთან?

გამოფენა "ფოტოგრაფია მშვიდობისა და გენდერული თანასწორობისთვის"; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და არასამთავრობო ორგანიზაციამ „კოალიცია დევნილთა უფლებებისათვის“ ფოტოგრაფიას, მშვიდობის მშენებლობასა და ქალთა ლიდერობას შორის არსებული კავშირების შესახებ გამოფენას უმასპინძლეს. ღონისძიებამ პოსტკონფლიქტურ საზოგადოებებში ქალთა როლის შესახებ აფხაზი, ოსი და ქართველი ფოტოგრაფების ნამუშევრები გააერთიანა.

გამოფენა „ფოტოგრაფია მშვიდობისა და გენდერული თანასწორობისთვის“ 12 დეკემბერს გალერეა „კონტეინერში“ გაიმართა. მასზე წარმოდგენილი იყო ფოტოესეები აფხაზი, ოსი და ქართველი ქალების შესახებ.

ელენე ქართველი დედაა, რომელიც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე შვილს ზრდის და დაუღალავად შრომობს, რათა მას განვითარების თანაბარი პირობები შეუქმნას. ნათელა ოსი ქალია, რომელიც ქართველ კაცზე დაქორწინდა და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში ცხოვრობს. ცხინვალელი ზარინა სამი შვილის დედა და ადგილობრივი აქტივისტია, რომელიც ოჯახურ მოვალეობებსა და და საზოგადოებრივ აქტივიზმს ერთმანეთს წარმატებით უთავსებს. ყველა ქალის ისტორია განსხვავებულია, თუმცა მიუხედავად განსხვავებებისა, მათ აერთიანებთ სიმამაცე, გამძლეობა და სწრაფვა მშვიდობიანი მომავლისკენ იმ საზოგადოებებში, სადაც არც თუ დიდი ხნის წინ დენთის სუნი ტრიალებდა.

„დღევანდელი გამოფენა უნიკალურია, რადგან მან მოახერხა და ერთი საქმის ირგვლივ გააერთიანა კონფლიქტის შედეგად გახლეჩილი ადამიანები. მშვიდობის მშენებლობას, ქალთა ლიდერობასა და ფოტოგრაფიას შორის უნიკალური ურთიერთკავშირების დადგენასთან ერთად, ამ პროექტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მიუხედავად უამრავი პრობლემისა, რომელიც ჩვენს შორისაა, გამშვები პუნქტები იქნება ეს, თუ გეოპოლიტიკა, ჩვენს საზოგადოებებს შორის არსებობს სივრცე თანაგრძნობის, ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობისთვის,“ - განაცხადა ცნობილმა ქართველმა ფოტოგრაფმა და პროექტის ერთ-ერთმა მონაწილემ გურამ წიბახაშვილმა.

გამოფენას ხელოვანები და სამოქალაქო საზოგადოების ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც მშვიდობის მშენებლობისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე მუშაობენ. ღონისძიების ფარგლებში გაეროს ქალთა ორგანიზაციამ პროექტის მონაწილეებს სახალხო დიპლომატიის გაძლიერების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლიერების სიგელები გადასცა.

გამოფენა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელების ძალისხმევის ფარგლებში გაიმართა. იგი იმ ინიციატივის დასკვნით ნაწილს წარმოადგენდა, რომლის ფარგლებშიც 2016 წლის ოქტომბერში, ქალაქ ერევანში ქართველი, აფხაზი და ოსი ფოტოგრაფებისა და ჟურნალისტების მონაწილეობით, პოსტკონფლიქტურ საზოგადოებებში ქალთა როლის საკითხებზე ერთობლივი სემინარი ჩატარდა.