კომპანიები იმ ქალთა მხარდასაჭერად ერთიანდებიან, რომლებმაც ოჯახში ძალადობა დაძლიეს

თარიღი:

კომპანია PMO-მ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, კლიენტებისთვის შეხვედრა გამართა. შეხვედრა მიზნად ისახავდა კომპანიების მიერ ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის გზების განხილვას და იმ ქალთა დახმარებაზე მსჯელობას, რომლებიც ახალ, ძალადობისგან თავისუფალ ცხოვრებას იწყებენ.

PMO-ს წარმომადგენელი ლევან გოგოლაძე ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის კუთხით კერძო სექტორის როლზე საუბრობს; ფოტო: PMO 
შეხვედრას 15 კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი ესწრებოდა. მონაწილეთა მიზანი იყო, ერთობლივად მოეძებნათ შესაძლებლობები იმ ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერებისთვის, რომლებმაც ოჯახში ძალადობა დაძლიეს. კომპანია PMO-ს პარტნიორი სალომე მაკარიძე დამსწრე საზოგადოებას გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან PMO-ს თანამშრომლობაზე ესაუბრა. აღნიშნული თანამშრომლობა იმ ქალებისთვის, რომლებმაც ოჯახში ძალადობა დაძლიეს, ყოველთვიური ტრენინგების ჩატარებას გულისხმობს. „როგორც კი ტრენინგების ჩატარება დავიწყეთ, გავაცნობიერე, რომ ძალადობის მსხვერპლი ყველა შეიძლება გავხდეთ. ზოგ შემთხვევაში ამან შეიძლება დაგვთრგუნოს, ზოგ შემთხვევაში კი შეიძლება ეს პრობლემა დავძლიოთ და კიდევ უფრო გავძლიერდეთ. ტრენინგების ჩატარება ქალებისთვის, რომლებმაც ოჯახში ძალადობის პრობლემა დაძლიეს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, - აღნიშნა მან.

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორმა თამარ ბარკალაიამ ყურადღება ეკონომიკურ დახმარებასა და დასაქმების საჭიროებაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ძალადობის ციკლის დარღვევის პროცესში ამ ფაქტორებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება: „ეკონომიკურ დამოუკიდებლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. შემოსავლის გარეშე, რომელიც ქალს საკუთარი თავისა და შვილების რჩენის საშუალებას აძლევს, არსებობს რისკი, რომ ქალმა სხვა გრძელვადიანი გამოსავალი ვერ იპოვოს და მოძალადესთან დაბრუნდეს, - განაცხადა მან.

შეხვედრის მიმდინარეობაში აქტიურად იყვნენ ჩართულები კომპანიათა წარმომადგენლებიც. მათ ისაუბრეს იდეებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს კერძო სექტორის იმ ქალთა სოციალურ-ეკონომიკურ რეაბილიტაციაში მონაწილეობას, ვინც ოჯახში ძალადობას დააღწია თავი. ამ იდეებს შორის იყო ქოუჩინგი, დასაქმების უზრუნველყოფა, საბავშვო ბაღის ან ტრანსპორტირების საფასურის დაფარვა, ისეთი კომპანიების პლატფორმის შექმნა, რომლებიც ქალებს ტრენინგებს საკუთარ გამოცდილებასა და ბენეფიციართა საჭიროებებზე დაყრდნობით ჩაუტარებენ. განხილული იყო კომპანიებში იმ შიდა ტრენინგების ორგანიზებაც, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობის ამოცნობასა და პრევენციას ისახავს მიზნად. „მსურს, ჩემი წვლილი შევიტანო ამ საქმეში. ჩვენ დღესვე შეგვიძლია დაინტერესებულ ქალებს კომპანიაში სამსახური შევთავაზოთ“, - აღნიშნა მიკროსაფინანსო დაწესებულება „კრედოს“ წარმომადგენელმა ნათია მიხანაშვილმა.

აღნიშნულ იდეებზე კომპანია PMO გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით იმუშავებს. ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს კერძო სექტორის იმ ქალთა გაძლიერებაში ჩართვას, რომლებმაც ოჯახში ძალადობის პრობლემა დაძლიეს.