გაეროს სპეციალური მომხსენებელი ქალთა წინააღმდეგ ძალადობის საკითხებზე საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია

თარიღი: სამშაბათი, 16 თებერვალი, 2016 წელი

2016 წლის 15-19 თებერვალს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გაეროს სპეციალური მომხსენებელი ქალთა წინააღმდეგ ძალადობის საკითხებზე, მის გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე, ქალბატონი დუბრავკა სიმონოვიჩი ეწვია.

გაეროს სპეციალური მომხსენებელი ქალთა წინააღმდეგ ძალადობის საკითხებზე დუბრავკა სიმონოვიჩი სამოქალაქო საზოგადოებას ხვდება; ფოტო: UN Women
ვიზიტის შედეგად მომზადებული საბოლოო ანგარიში შესაბამისი მიგნებებითა და რეკომენდაციებით 2016 წლის ივნისში გამოქვეყნდება. სპეციალურმა მომხსენებელმა საკონსულტაციო შეხვედრები გამართა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, არასამთავრობო სექტორთან და ქალთა ჯგუფებთან, ასევე მთავრობის წარმომადგენლებთან, როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე.

2016 წლის 16 თებერვალს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, საკონსულტაციო შეხვედრები 50-ზე მეტ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთან შედგა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიუხედავად ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე პოლიციის რეაგირების გაუმჯობესებისა, მაინც ბევრი რამ არის გასაკეთებელი ძალადობის ეფექტიანი პრევენციის უზრუნველსაყოფად, მსხვერპლთა დასაცავად, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე სამართალწარმოების გასაუმჯობესებლად.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ გენდერული ნიშნით ძალადობის ფაქტორი უგულებელყოფილია გამოძიების პროცესში, სამართალწარმოებასა და სასამართლოს გადაწყვეტილებებში ქალთა მკვლელობების ფაქტების შემთხვევებშიც კი. შესაბამისად, დამნაშავე შედარებით მსუბუქი სასჯელით გადის ფონს. ასევე, აღინიშნა, რომ პოლიციის მიერ ოჯახში ძალადობის ფაქტებზე შედგენილი ოქმები არ შეიცავს საკმარის ინფორმაციას ძალადობის ფაქტებსა და მიყენებულ ზიანზე.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დუბრავკა სიმონოვიჩთან შეხვედრაზე; ფოტო: UN Women
შეხვედრაზე ასევე გამოითქვა რეკომენდაცია, რომ ძალადობის მსხვერპლი ქალის სინდრომი საქართველოს კანონმდებლობით იყოს აღიარებული. დღეისთვის ამ დიაგნოზს არ გამოიყენებენ ის ადვოკატებიც კი, რომლებიც იმ ძალადობის მსხვერპლებს იცავენ, ვისც ბრალი მოძალადეების მიმართ ძალადობრივ ქმედებაში ედებათ.

საკონსულტაციო შეხვედრებზე ქალბატონმა დუბრავკა სიმონოვიჩმა მადლობა გადაუხადა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მათი ღირებული წვლილისთვისა თუ მიწოდებული ინფორმაციისთვის და სთხოვა, უფრო აქტიურად გამოიყენონ სპეციალური მომხსენებლის მანდატი მუშაობის პროცესში, რაც შეეხება არა მარტო ოფიციალური ვიზიტის რეკომენდაციების, არამედ საჭიროების შემთხვევაში, მომხსენებლთან პირდაპირი კომუნიკაციის პროცედურის გამოყენებას.

„შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს მუშაობაში ქალთა და გოგონათა წინააღმდეგ ძალადობის დასაძლევად ახალ ეტაპზე გადავდივართ, ვინაიდან გვაქვს ძლიერი საერთაშორისო სტანდარტები და ინსტრუმენტები, როგორც კანონმდებლობის და პოლიტიკის დასახვეწად, ისე სერვისების მიწოდების თვალსაზრისით“, - განაცხადა სპეციალურმა მომხსენებლმა შეხვედრის დასასრულს.