საუწყებათაშორისო საბჭო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტზე მუშაობას ასრულებს

თარიღი:

2016 წლის 18-19 იანვარს გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისმა საუწყებათაშორისო საბჭოს წევრებისთვის „შედეგებზე ორიენტირებული მართვის“(RBM) საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართა. საუწყებათაშორისო საბჭო ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განხორციელებაზე მუშაობს. შეხვედრა კი გაეროს ქალთა ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის ტექნიკურ ექსპერტებთან თანამშრომლობით შედგა.

სამუშაო შეხვედრა "შედეგებზე ორიენტირებული მართვის" საკითხებზე; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
სამუშაო შეხვედრის მიზანს „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2016–2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის" საბოლოო სახით შემუშავება წარმოადგენდა. საუწყებათაშორისო საბჭოს წევრებმა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად შედეგზე ორიენტირებული მენეჯმენტის კუთხით თეორიული ცოდნა აიმაღლეს. ამასთან, მათ ერთობლივად იმუშავეს იმ ინდიკატორებზე, რომლებიც 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის ეფექტიანი მონიტორინგისთვისაა განკუთვნილი.

საქართველოში მიღებული წინასამოქმედო გეგმები მხოლოდ ოჯახში ძალადობაზე იყო ფოკუსირებული. ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის/ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა კი უფრო ფართოდ მოიცავს ქალთა მიმართ ძალადობას, როგორც ოჯახში ძალადობის, ასევე სქესობრივი ძალადობის საკითხების ჩათვლით.

„ეროვნული სამოქმედო გეგმით მოცული საკითხების გაფართოება მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებს, ასევე უზრუნველყოფს მსხვერპლთა თუ დაზარალებულთა დაცვას და საქართველოში პირველი სპეციალიზებული მომსახურებების შექმნას სქესობრივი ძალადობის მსხვერპლთა და დაზარალებულთათვის“, - აღნიშნა საუწყებათაშორისო საბჭოს თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძემ.

ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის/ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა შედეგზე იქნება ორიენტირებული. ამასთან ის უზრუნველყოფს განხორციელების პროცესის მეტ გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას. გეგმა ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის/ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ აღებულ ძირითად საერთაშორისო ვალდებულებებს ითვალისწინებს: ევროპის საბჭოს სტამბოლის კონვენცია (ხელი მოეწერა 2014 წელს), ქალთა ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (CEDAW) რეკომენდაციები (2014), გაეროს მდგრადი განვითარების N5 მიზანი, რომლის ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს 2030 წლისთვის ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის აღმოფხვრა წარმოადგენს.

სავარაუდოდ, ახალ ეროვნულ სამოქმედო გეგმას საქართველოს მთავრობა 2016 წლის თებერვალში დაამტკიცებს.