სექსუალური შევიწროება ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას აფერხებს

თარიღი:

გლობალური საპროგრამო ანგარიშის წარდგენა; ფოტო: UN Women
რა სახითაა შესაძლებელი ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის ერთობლივი მოქმედება იმისთვის, რომ შეიქმნას ისეთი ეკონომიკა, რომელიც ქალების სასარგებლოდაა მიმართული და როგორ შეძლებენ მთავრობა, დამსაქმებლები და პროფკავშირები ქალთა დასაქმებასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავებას? ეს ნაწილია იმ საკითხებიდან, რომლებიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის საპროგრამო ანგარიშშია განხილული. აღნიშნული ანგარიში მსოფლიო მასშტაბით ქალთა ეკონომიკურ მდგომარეობას ეხება.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზე, რომ ქალთა ეკონომიკური გაძლიერება გენდერული თანასწორობის ცენტრალური კომპონენტია, გენდერული თანასწორობა კი მდგრადი განვითარების ერთ-ერთ განუყოფელი ნაწილს წარმოადგენს.

გლობალურ საპროგრამო ანგარიშში „მსოფლიოს ქალთა პროგრესი 2015-2016: ეკონომიკების ტრანსფორმირება, უფლებების რეალიზება“ დასმულია კითხვა, როგორი იქნებოდა ეკონომიკა, ის რომ მართლაც ქალების სასარგებლოდ მოქმედებდეს. ერთ-ერთი პასუხი, რომელიც ამ კითხვას გაეროს ქალთა ორგანიზაციის საპროგრამო ანგარიშთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე გაეცა, ასეთი იყო: „სამუშაო ადგილი, სადაც არ ხდება დისკრიმინაცია და შევიწროება“. ანგარიშის პრეზენტაციის დროს ლორა ტურკემ(ანგარიშის „მსოფლიოს ქალთა პროგრესი“ მენეჯერი გაეროს ქალთა ორგანიზაციაში) განაცხადა:

„ევროკავშირში ქალების 55%-ს, ხოლო უმაღლესი რგოლის ხელმძღვანელ პოზიციებზე მომუშავე ქალთა 75%-ს გამოუცდია სექსუალური შევიწროება. დამსაქმებლებმა უნდა დანერგონ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ; დამოკიდებულების შეცვლისთვის, განსაკუთრებით მამაკაცებს შორის, ქმედითი საშუალებები ტრენინგი და ინფორმირებულობის ამაღლებაა.“

სწორედ სექსუალური შევიწროება იყო შემდგომი ჯგუფური დისკუსიის საგანიც. აღნიშნულ ჯგუფში შედიოდნენ საქართველოში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენლები. დისკუსია ამ საკითხს სხვადასხვა კუთხიდან შეეხო. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მთავარმა ტექნიკურმა მრჩეველმა ზოლტ დუდასმა განაცხადა:

„სექსუალური შევიწროება წარმოადგენს ბარიერს ქალთა დასაქმებისთვის. შრომის კოდექსი საკმარისად ვერ არეგულირებს ამ საკითხს; არ არსებობს არც სანქციები და არც შრომის ინსპექტირება აღსრულების უზრუნველსაყოფად.“

სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა ეკატერინე სხილაძემ საგანგებოდ გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ ასევე დიდი პრობლემაა სექსუალური შევიწროების ფაქტების შეტყობინება და იდენტიფიცირება: „ამ საკითხს ტაბუ ადევს; ქალები არ ლაპარაკობენ სექსუალური შევიწროების შესახებ, ვინაიდან თუ იტყვიან რამეს, ისევ მათ დაადანაშაულებენ. პროფკავშირებს და შრომით ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ ინფორმირებულობის გასაზრდელად.“

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცეპრეზიდენტის მიხეილ კორძახიას თქმით, შემაშფოთებელია ორი საკითხი: სექსუალური შევიწროება და განსხვავება ქალებისა და მამაკაცების ხელფასებს შორის: „აუცილებელია საწარმოებში ინფორმირებულობის გაზრდა, პრობლემის ძირეული მიზეზების დადგენა და შემდეგ აღმოფხვრა“.

რამდენიმე გამომსვლელმა ყურადღება გაამახვილა კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის საჭიროებაზე, რათა შესაძლებელი გახდეს სექსუალური შევიწროების პრევენცია და მასზე რეაგირება; ასევე ისაუბრეს იმაზე, რომ აუცილებელია ტაბუდადებული საკითხების დაძლევა შრომის ინსპექტორების, დამსაქმებლების, პროფკავშირებისა და სამოქალაქო საზოგადოების, ასევე მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური ჩარევის გზით.