გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ევროკავშირის ერთობლივი ინიციატივის დახურვა

თარიღი:

პროექტის "ინოვაციური ინიციატივა გენდერული თანასწორობისთვის" დახურვა; ფოტო: UN Women
საქართველოში ევროკავშირის დელეგაციამ და გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისმა 34-თვიანი ერთობლივი პროექტი „ინოვაციური ინიციატივა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ (IAGE) განახორციელეს, რომლის მიზანს წარმოადგენდა, ინოვაციური მიდგომების გამოყენებით, ქალთა მარგინალიზებული ჯგუფების სოციალური ინკლუზიის, ასევე ნდობის დამკვიდრებისა და სახალხო დემოკრატიის ხელშეწყობა საქართველოში.

ინიციატივის ბენეფიციართა შორის იყვნენ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი ქალები და გოგონები, პატიმარი და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები, ასევე იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტით დაზარალებული ქალები. ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ინსტიტუტის წარმომადგენელმა აღნიშნა: „ჩვენ 25 წელია, რაც გაყოფილები ვართ. შერიგების მიზნით ბევრი ტრენინგი და ღონისძიება გამართულა, თუმცა ბევრმა მათგანმა ვერანაირი შედეგი ვერ მოიტანა. როგორც საქართველოში მცხოვრებმა ეთნიკურად აფხაზმა, მინდა ამ პროექტს მადლობა გადავუხადო დაკარგული სიმღერების და ისტორიების შეგროვებისთვის, რაც სხვა მატერიალურ ფასეულობებთან ერთად სწორედ მაშინ დავკარგეთ, როცა სახლები დაინგრა და განადგურდა“.

პროექტის "ინოვაციური ინიციატივა გენდერული თანასწორობისთვის" დახურვა; ფოტო: UN Women
პროექტიდან სარგებელი რამდენიმე სამთავრობო და საჯარო დაწესებულებამ მიიღო, მათ შორის, სასჯელაღსრულების სამინისტრომ. „ეს არის მდგრადი შედეგები, რომლებიც არ დარჩება მხოლოდ ქაღალდზე. მიღებული რეკომენდაციები სამინისტროსთვის წარმოადგენს ეფექტურ გეგმას, რომლის შესასრულებლად ნაბიჯები უკვე გადადგმულია.“,-განაცხადა სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილემ თამარ ხულორდავამ. პროექტმა „ინოვაციური ინიციატივა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ტექნიკური დახმარება გაუწია სასჯელაღსრულების სამინისტროს პატიმარი ქალების სამოქმედო გეგმის შემუშავებაში.

საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლობის საოპერაციო განყოფილების უფროსის მოადგილემ სტეფან სტორკმა ხაზი გაუსვა, რომ პროექტმა „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სახელმწიფო ორგანოების მიერ მობილიზების და ჩართულობის შთამბეჭდავი დონე“ აჩვენა, რამაც მნიშვნელოვანი მდგრადი შედეგები მოიტანა.

დახურვის ღონისძიება თბილისში 2015 წლის 12 ოქტომბერს გაიმართა.