საქართველოს რაგბის კავშირი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას მხარდაჭერას უცხადებს

თარიღი:

გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა ქართველ მორაგბეს კამპანიის "გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ" ლოგითი სპორტულ ჩანთას გადასცემს; ფოტო: UN Women/მაკა გოგალაძე
გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა და ევროპის რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ და საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მზაობა თანამშრომლობის გასაგრძელებლად ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ეს თანამშრომლობა 2011 წლიდან მიმდინარეობს და მიზნად ისახავს კაცებისა და ვაჟების ჩართულობას ქალთა და გოგონათა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში, მათი ცნობიერების ამაღლებას ამ საკითხებთან დაკავშირებით.

„ქალთა მიმართ ძალადობას არ უნდა ჰქონდეს ადგილი ქართულ საზოგადოებაში“, -განაცხადა გია ნიჟარაძემ. მილტონ ჰეიგმა კი აღნიშნა, რომ ეროვნული ნაკრები მზადაა გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთ, მხარი დაუჭიროს ქალთა უფლებებს, დაგმოს ნებისმიერი ძალადობა ქალთა და გოგონათა მიმართ.

პრესკონფერენცია მსოფლიო თასის ასპარეზზე რაგბის ეროვნული ნაკრების გასაცილებლად გაიმართა, რომელიც ინგლისში სექტემბერში ტარდება. გაეროს ქალთა ორგანიზაციამ მოთამაშეებს გადასცა სპორტული ჩანთები და სუვენირები გაეროს გენერალური მდივნის კამპანიის „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ლოგოთი. გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა ბორჯღალოსნებს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა თანამშრომლობისთვის და ჩემპიონატზე წარმატებების მიღწევა უსურვა.