ხშირად დასმული კითხვები: ძალადობის ნიშნები, რომლებიც ურთიერთობების დროს ვლინდება და დახმარების შესაძლებლობა

ძალადობის ნიშნები, რომლებიც ურთიერთობების დროს ვლინდება და დახმარების შესაძლებლობა

ქალთა მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებების დარღვევაა, რომელიც მთელ მსოფლიოში ყოველდღიურად ხდება. გლობალური მასშტაბით, ყოველი მესამე ქალი ფიზიკურ ან სექსუალურ ძალადობას ძირითადად ინტიმური პარტნიორის მხრიდან განიცდის. ოჯახში ძალადობა ზოგჯერ დაფარულია, თუმცა თუ ძალადობრივი ურთიერთობის ნიშნები გვეცოდინება, მაშინ მის ამოცნობასა და შესაბამის დახმარებასაც უკეთესად შევძლებთ.

როგორია ძალადობის ყველაზე გავრცელებული ნიშნები?

  • პარტნიორი თქვენს ყველა საქმიანობას თვალყურს ადევნებს. ყოველთვის აკონტროლებს, სად და ვისთან ერთად ხართ. მეგობრებისა და ოჯახის ნახვას, ან სამსახურსა თუ სასწავლებელში სიარულს გიკრძალავთ, ან ამ ქმედებების მოტივაციას გიკარგავთ.
  • პარტნიორს დაჟინებით სურს, რომ მის ტექსტურ შეტყობინებას, ელექტრონულ წერილებსა და სატელეფონო ზარებს მაქსიმალურად სწრაფად უპასუხოთ. ამას გარდა, ის თქვენი სოციალური მედიის გვერდების, ელექტრონული ფოსტისა და სხვა ანგარიშების პაროლებს ითხოვს.
  • მოძალადე პარტნიორი ეჭვიანობს ან მუდმივად ტყუილში გადანაშაულებთ. ცდილობს, გააკონტროლოს, როგორ ხარჯავთ ფულს, ან რა მედიკამენტებსა თუ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებას იყენებთ. ყოველდღიურად თქვენ ნაცვლად წყვეტს, მაგალითად, რა ჩაიცვათ, ან რა მიირთვათ.
  • მოძალადე პარტნიორი დამამცირებლად გექცევათ: გაყენებთ შეურაცხყოფას, დაგცინით თქვენი გარეგნობის, ინტელექტის ან ინტერესების გამო. გამცირებთ სხვების თანდასწრებით, ან ცდილობს, თქვენთვის მნიშვნელოვანი ქონება თუ საგნები გაანადგუროს.
  • მოძალადე პარტნიორი ხშირად ბრაზდება, ფიცხი ან არაპროგნოზირებადი ხასიათი აქვს, რის გამოც თქვენ შეიძლება ვერასდროს გაიგოთ, რა არის კონკრეტული პრობლემის მიზეზი. შესაძლოა, მან თქვენვე დაგადანაშაულოთ ძალადობრივი აფეთქების გამო, ან ფიზიკური ზიანი მოგაყენოთ თქვენ, საკუთარ თავს, ოჯახის წევრებს, ბავშვებს თუ შინაურ ცხოველებს, ან ამგვარი ქმედებით დაგემუქროთ.
  • მოძალადემ შესაძლოა, ფიზიკური ტკივილი მოგაყენოთ ისეთი ქმედებებით, როგორებიცაა ხელის დარტყმა, ცემა, ხელის კვრა, ბიძგება, მუშტის დარტყმა, სილის გაწვნა, ფეხის კვრა ან კბენა; თქვენ მიმართ იარაღი გამოიყენოს, ან იარაღის გამოყენებით დაგემუქროთ.
  • მან შეიძლება, ისეთი სექსუალური შეურაცხყოფა მოგაყენოთ, როგორიცაა გაუპატიურება, ან სხვა იძულებითი სექსუალური აქტივობა. არასწორად ეგონოს, რომ წარსულში სქესობრივ აქტზე გაცემული თანხმობა მსგავს აქტში სამომავლოდ მონაწილეობასაც გულისხმობს, მიაჩნდეს, რომ ერთ აქტივობაზე თანხმობა უფრო მეტ ინტიმურ ურთიერთობაზე თანხმობას ნიშნავს. მაგალითად, ფიქრობდეს, რომ კოცნას ყოველ ჯერზე სექსი უნდა მოჰყვეს.
  • შეიძლება, მოძალადე პარტნიორი დაგემუქროთ, რომ სამართალდამცავებს გადაგცემთ თქვენ მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამო იმ შემთხვევაში, თუ ძალადობის შესახებ სამართალდამცავებს შეატყობინებთ, ან თუ მოძალადეს წინააღმდეგობას გაუწევთ.

შეგიძლიათ, ადგილობრივ ცხელ ხაზზე დარეკოთ და გაესაუბროთ კომპეტენტურ ადამიანს რომელსაც თქვენი დახმარების შესაძლებლობა აქვს.

როგორია უსაფრთხოების რჩევები, თუ ძალადობას განვიცდი?

თუ ფიქრობთ, რომ თქვენზე ძალადობენ, შესაბამისი დახმარება მოიძიეთ. ეს რჩევები უსაფრთხოებისა და მხარდაჭერის მიღების მითითებებს აერთიანებს.

  • თქვენი ეჭვები სანდო მეგობარს, ოჯახის წევრს ან მეზობელს გაუზიარეთ. მათთან ერთად, შეიმუშავეთ გეგმა, თუ როდის გჭირდებათ დახმარება. შეიძლება, გეგმის ნაწილი იყოს, მაგალითად, საიდუმლო კოდის მოფიქრება, ან რამდენიმე კოდური სიტყვა, წინადადება თუ ემოჯი, რომელთა დახმარებითაც თქვენ მათთან უფრო უსაფრთხო კომუნიკაციას შეძლებთ.
  • შეიმუშავეთ გაქცევის სტრატეგია, მაგალითად, თქვით, რომ უნდა ჩახვიდეთ აფთიაქში ან სასურსათო მაღაზიაში და იქ ჩასვლისთანავე ვინმეს ტელეფონი სთხოვეთ, რათა დასახმარებლად დარეკოთ. მოიფიქრეთ სახლიდან გასვლის რამდენიმე ლეგიტიმური მიზეზი დღისა და ღამის სხვადასხვა დროისთვის, თუკი გაქცევა დაგჭირდებათ.
  • შეძლებისდაგვარად, ტელეფონი ყოველთვის დატენილი და ხელმისაწვდომი გქონდეთ. იცოდეთ ნომრები, რომლებზეც დასახმარებლად მეგობართან, ოჯახის წევრთან, თუ პოლიციაში უნდა დარეკოთ. თუ თქვენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, გამოიძახეთ პოლიცია, ოღონდ დარწმუნდით, რომ ეს ქმედება ნამდვილად უსაფრთხოა.
  • შეეცადეთ ძალადობის სახის იდენტიფიცირებას. ეს მისი ესკალაციის პროგნოზირებაში დაგეხმარებათ.

შეგიძლიათ, ადგილობრივ ცხელ ხაზზე დარეკოთ და გაესაუბროთ ადამიანს, რომელიც გადამზადებულია და დახმარება შეუძლია.

რა შემიძლია გავაკეთო იმ ადამიანის დასახმარებლად, ვინც ვიცი, რომ ძალადობას განიცდის?

თუ ღელავთ მეგობარზე, რომელიც შეიძლება, ოჯახში ძალადობას განიცდიდეს ან ვინმეს გვერდით თავს უსაფრთხოდ არ გრძნობდეს, მაშინ გადახედეთ ამ რჩევებს და გაიგეთ, როგორ შეგიძლიათ მისი დახმარება და მხარდაჭერა.

  • თუ მეგობრის უსაფრთხოებაზე ღელავთ, დაუკავშირდით მას და შემოქმედებითად იფიქრეთ. მოძალადე რომ არ დაეჭვდეს, კომუნიკაციის ტექსტი ღია უნდა იყოს. თუ შვილები ორივეს გყავთ, შეგიძლიათ, მათ შორის სატელეფონო ზარები შესთავაზოთ. მოიფიქროთ საიდუმლო კოდური სიტყვები, რომლებსაც უსაფრთხო კომუნიკაციისთვის გამოიყენებთ.
  • ჰკითხეთ თქვენს მეგობარს, თუ როგორ ურჩევნია თქვენთან დაკავშირება. მნიშვნელოვანია კომუნიკაციის უსაფრთხო არხის შექმნა, რადგან ხშირ შემთხვევაში ის ფიზიკურად ახლოს იქნება მოძალადესთან, რომელიც შესაძლოა, საუბრებს უსმენდეს. ჰკითხეთ, ტექსტური შეტყობინების გაგზავნა ურჩევნია, თუ დარეკვა, ან ხომ არ არის კონკრეტული პლატფორმა ან აპლიკაცია, რომლის გამოყენებასაც ამჯობინებდა.
  • გამოიჩინეთ მხარდაჭერა და დაუჯერეთ მათ. დაარწმუნეთ, რომ ისინი მარტო არ არიან და დახმარება თუ მხარდაჭერა შესაძლებელია. გაითვალისწინეთ, რომ მათთვის ძალადობის შესახებ საუბარი შეიძლება რთული იყოს. თუ მათ მოყოლა სურთ, ყურადღებით მოუსმინეთ და ემპათია გამოიჩინეთ.
  • დაეხმარეთ მათ დაფიქრდნენ, თუ როგორ უნდა იყვნენ უსაფრთხოდ COVID-19-ის დროს. დაეხმარეთ მეგობარს, რომ იზოლაციის პირობებში შესაბამისი გეგმა შეიმუშაოს. ჰკითხეთ, ხომ არ ჰყავს სხვა მეგობრები ან ოჯახის წევრები, რომლებთანაც ამ პერიოდში დარჩებოდა? დაეხმარეთ მას ამ ადამიანებთან დაკავშირების გეგმის შედგენაშიც.
  • პატივი ეცით თანხმობის უფლებას. თუ ბოლომდე არ ხართ დარწმუნებული, რომ თქვენი მეგობრების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, არ იმოქმედოთ მათი თანხმობის გარეშე. ამ ადამიანებმა ყველაზე უკეთ იციან უსაფრთხოების რისკები და, შესაბამისად, თავად უნდა მართონ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მათ მიერ განცდილ ძალადობას ეხება.
  • პატივი ეცით მათ პირად ცხოვრებას. უსაფრთხოების საკითხების, სტიგმის, სირცხვილის გრძნობისა და მსხვერპლის დადანაშაულების გამო, რასაც ძალადობაგამოვლილი პირები ხშირად განიცდიან, მნიშვნელოვანია, რომ მათი გამოცდილება და ვინაობა კონფიდენციალურად დარჩეს. გამონაკლისია ის შემთხვევა, როცა ისინი აშკარად გამოხატავენ თანხმობას ამ ინფორმაციის გამჟღავნებაზე.
  • შესთავაზეთ პრაქტიკული დახმარება და გაუზიარეთ რესურსები. აცნობეთ თქვენს მეგობრებს, რომ დახმარება გსურთ. თუ შეგიძლიათ, შესთავაზეთ მათ უსაფრთხო ადგილი დასარჩენად, ტრანსპორტირების ან დახმარების სხვა ფორმები, რითაც თავს უფრო უსაფრთხოდ იგრძნობენ.

აცნობეთ თქვენს მეგობრებს, რომ შეუძლიათ, გაესაუბრონ კომპეტენტურ ადამიანს. მიეცით მათ ინფორმაცია ადგილობრივი სერვისებისა და დახმარების ცხელი ხაზების შესახებ.

დახმარების ცხელი ხაზები

შენიშვნა: გაეროს ქალთა ორგანიზაცია არ არის პასუხისმგებელი გარე წყაროების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე.

წყარო: ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის ონლაინ სასწავლო ცენტრი