ინდივიდუალური მიდგომების განხილვა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის

თარიღი:

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა“ ფარგლებში, გურიასა და ქვემო ქართლში, გაეროს ქალთა ორგანიზაცია ადგილობრივ პარტნიორებთან ინდივიდუალური, რეგიონების სპეციფიკაზე მორგებული ინიციატივების მოძიებაზე მუშაობს.

შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
აღნიშნული აქტივობები მიზნად ქალთა მიმართ ძალადობის დაძლევასთან დაკავშირებით ეროვნულ დონეზე აღებული ვალდებულებების ადგილობრივად განხორციელებას ისახავს. რეგიონისთვის დამახასიათებელი კონტექსტის გაგების, ინდივიდუალური გამოსავალის მოძიებისა და კოორდინირებული მიდგომის უზრუნველყოფის მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია პროექტის სამიზნე ორივე რეგიონში - გურიასა და ქვემო ქართლში კონსულტაციებს მართავს. 28 ივლისს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები ქვემო ქართლს ეწვივნენ და ადგილობრივ პარტნიორებს შეხვდნენ, რომელთა შორის ადგილობრივი მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები იყვნენ. შეხვედრის მიზანი ადგილობრივი საჭიროებების, პრიორიტეტებისა და პარტნიორობის შესაძლებლობების განხილვა იყო.

საკონსულტაციო შეხვედრებზე განხილულ მთავარ საკითხებს წარმოადგენდა ქალთა მიმართ ძალადობაზე ეროვნულ დონეზე რეაგირებაში ადგილობრივი თვითმმართველობების როლის გაძლიერება, სახალხო დამცველის რეგიონული ბიუროს მონიტორინგისა და ზედამხედველობის ფუნქციების გაფართოება და არასამთავრობო, ასევე სათემო ორგანიზაციებთან პარტნიორობების განვითარება. კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს მარნეულში ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის მსხერპლებისთვის/ძალადობაგანცდილი პირებისთვის კრიზისული ცენტრის გახსნა წარმოადგენდა. ეს ინიციატივა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის და დახმარების სახელმწიფო ფონდის ერთობლივი ძალისხმევით, მარნეულის მუნიციპალიტეტთან პარტნიორობით უნდა განხორციელდეს. როგორც გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან შეხვედრის დროს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა აღნიშნა, „მარნეულის ადგილობრივ თვითმმართველობას აღებული აქვს ვალდებულება, რომ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრაში წვლილი შეიტანოს. განსაკუთრებით კი ბოლო პერდიოში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების ჭრილში, რომლებიც ადგილობრივ თვითმმართველობებს წაახალისებს, რომ მხარი დაუჭირონ გენდერულ თანასწორობას და თავიანთ მუნიციპალიტეტებში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ იბრძოლონ“.

„ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის დასაძლევად ყოვლისმომცველი, რეგიონის მახასიათებლებზე მორგებული მიდგომაა აუცილებელი. ყველა დაკავშირებულ მხარეს - ცენტრალურ და ადგილობრივ თვითმმართველობას, ადამიანის უფლებების დამცველ ინსტიტუტებსა და განვითარებაზე მომუშავე პარტნიორებს - ამ საქმეში მნიშვნელოვანი ფუნქცია ეკისრებათ“, - განაცხადა სახალხო დამცველის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის რეგიონულმა სპეციალისტმა გენდერული თანასწორობის საკითხებში მარიამ გვიდიანმა.

პროექტის სამიზნე რეგიონებში გამართული რეგიონული საკონსულტაციო შეხვედრების დროს მიღებული დასკვნებისა და მტკიცებულებების საფუძველზე, გაეროს ქალთა ორგანიზაცია ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებულ პროგრამულ ინტერვენციებს შეიმუშავებს. ეს ინტერვენციები სხვადასხვა აქტივობას აერთიანებს, მათ შორისაა (და არა მხოლოდ) მომსახურების მიწოდების სისტემების გაფართოება ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლებისთვის/ძალადობაგანცდილი პირებისთვის, მომსახურების მიმწოდებლების შესაძლებლობების განვითარება, ინფორმირებულობის დონის ამაღლება, ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის ნულოვანი ტოლერანტობის მხარდაჭერა.