ადგილობრივი თვითმმართველობები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში გააქტიურდებიან

თარიღი:

პროექტის „ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა“ ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება, გაეროს ქალთა ორგანიზაცია სამიზნე რეგიონებში - გურიასა და ქვემო ქართლში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით მუშაობას იწყებს.


ქვემო ქართლის ადგილობრივი თვითმმართველობების ტრენინგი გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
ინიციატივა პირდაპირ პასუხობს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმით ნაკისრ ვალდებულებებს და მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციას, აღმოფხვრასა და მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ეფექტური მექანიზმების შექმნას.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, 27-28 ივნისს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, იუსტიციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით, ქვემო ქართლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთათვის ორდღიანი ტრენინგი გამართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა მათთვის ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და რეაგირების შესახებ არსებული კანონმდებლობისა და პოლიტიკის გაცნობას. ტრენინგის განმავლობაში ყურადღება ისეთ თემებს დაეთმო, როგორებიცაა საქართველოს საერთაშორისო, რეგიონული და ეროვნული ვალდებულებები ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრასთან დაკავშირებით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ადგილობრივი თვითმმართველობების როლზე გენდერული თანასწორობის განმტკიცებისა და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის საკითხებში.

როგორც მოსახლეობასთან ყველაზე ახლოს მდგომ სახელისუფლებო შტოს, ადგილობრივ თვითმმართველობას გენდერული თანასწორობის გაძლიერებისა და ქალთა მიმართ ძალადობის დაძლევის კუთხით მნიშვნელოვანი როლი ეკისრება. „ბოლო დროს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ადგილობრივი თვითმმართველობების როლი ამ საქმეში განსაკუთრებით გაიზარდა. თვითმმართველობებს მიენიჭათ უფლებამოსილება, განახორციელონ სპეციალური ღონისძიებები გენდერული თანასწორობის გაძლიერებისა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისთვის. შესაბამისად, ეს ტრენინგი ძალიან დროული ინიციატივაა, რათა უკეთ გავიგოთ, თუ როგორ უნდა განვახორციელოთ ადგილობრივმა მთავრობებმა ეს საკანონმდებლო ვალდებულებები პრაქტიკაში,“ - განაცხადა ტრენინგის მონაწილემ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა, ფატი ტვილდიანმა.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქვემო ქართლსა და გურიაში სერვისის მიმწოდებელთა მხარდაჭერას, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობების, სოციალური მუშაკებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების შესაძლებლობების გაძლიერების გზით, მომავალშიც გეგმავს.