საქართველოს პროკურატურა ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის საქმეებს აანალიზებს

თარიღი:

2016 წლის 22 მარტს გაეროს ქალთა ორგანიზაციის ოფისმა საქართველოში, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან თანამშრომლობით, კონფერენცია გამართა. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის საქმეები და სხვადასხვა საკითხი. მათ შორის, ოჯახში ძალადობა, ქალთა მკვლელობები, ადრეულ ასაკში ქორწინება და ა.შ. აღნიშული კვლევები სხვადასხვა სამთავრობო ორგანოს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ არასამთავრობო სექტორს წარედგინა.

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ საქართველოს მთავარ პროკურატურასთან თანამშრომლობით კონფერენცია გამართა; ფოტო: საქართველოს პროკურატურა
კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვებით გამოვიდნენ მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე სანდრო ბარამიძე და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე. ყველა მომხსენებელმა ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ძალისხმევის გაძლიერება ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, ასევე, ერთიანი მიდგომის შემუშავება ადამიანის უფლებების დარღვევის ამ ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ფორმის მიმართ.

მთავარმა პროკურატურამ ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ განხორციელებულ ბრძოლასთან დაკავშირებით 2014-2015 წლებში გაწეული სამუშაოს ძირითადი ასპექტები წარმოადგინა. სამუშაო კონკრეტულად მოიცავდა ქალთა მკვლელობებს, ოჯახში ძალადობასა და სქესობრივ ძალადობას, ასევე მათი გამოძიების, დევნის და საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გამოვლენილი ტენდენციების შედარებით ანალიზს.

კვლევების შედეგად გამოვლინდა, რომ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით წარმოებული აქტიური კამპანიების და გაუმჯობესებული სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის შედეგად, გაორმაგებულია სამართალდამცავი ორგანოებისთვის შეტყობინების მაჩვენებელი, ასევე გაზრდილია მსხვერპლთა/დაზარალებულთა მხრიდან სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის ხარისხი, რამაც შედეგად სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამამტყუნებელი განაჩენის უფრო მაღალი მაჩვენებლები მოიტანა.

„მთავრობამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა აქტიური ნაბიჯები გადადგეს ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით, რამაც ქალებთან დაკავშირებული სტერეოტიპების რღვევაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ქალები საკუთარ თავს უფრო და უფრო მეტად იცავენ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით. შესაბამისად, სამართალდამცავები, განსაკუთრებით კი პროკურატურა, საზოგადოების მიდგომებში მომხდარ ამგვარ ცვლილებებს მზად უნდა დახვდნენ,“ - განაცხადა საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ.

მთავარმა პროკურატურამ ასევე ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით 2015 წელს პროკურორებისთვის გამართული ტრენინგების ციკლი ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის/ოჯახში ძალადობის საკითხებზე. მან ასევე ყურადღება გაამახვილა რეკომენდაციების შემუშავების მნიშვნელობაზე გამომძიებლებისა და პროკურორებისთვის, რომლებითაც მათ ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის / ოჯახში ძალადობის საქმეებზე მუშაობისას უნდა იხელმძღვანელონ. ამის შედეგად, უფრო დაჩქარდა ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის / ოჯახში ძალადობის საქმეების გამოძიება და, ასევე, ამგვარი საქმეების სწორი კვალიფიკაცია. უფრო მეტიც, გახსნილი იქნა 2015 წელს მომხდარი ფემიციდის ყველა საქმე. ასევე ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ პროკურორების მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის / ოჯახში ძალადობის საქმეებში მინიმუმამდე შემცირდა, ხოლო მოძალადეების მიმართ გამოყენებული სანქციები უფრო და უფრო მეტად პროპორციული გახდა.

პროკურატურამ არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის კრიმინოლოგიური ანალიზიც წარადგინა, რაც ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევებსაც მოიცავდა. აუცილებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი მუხლის შეცვლა, რათა ამ პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლა უფრო ეფექტიანად მოხდეს.

აღნიშნული კვლევები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.