
სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავლის“ გენდერული ზეგავლენის შეფასება

პროგრამა „დანერგე მომავლის“ გენდერული ზემოქმედების შეფასება (GIA) ჩატარდა ISETის კვლევითი ინსტიტუტის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში, პროექტის „რეგულირების ზეგავლენის შეფასება და გენდერული ზეგავლენის შეფასება ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის საქართველოში”. ეს კვლევა წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (MEPA) მიერ ინიცირებულ და სოფლის განვითარების სააგენტოს (RDA) მიერ განხორციელებული პროგრამა „დანერგე მომავლის“ ექს-ანტე (ex-ante) GIA-ს. პროგრამა „დანერგე მომავალი” MEPA-მ დაიწყო 2015 წელს და ხორციელდება ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში. პროგრამა მხარს უჭერს სანერგეებისა და მრავალწლიანი ბაღების გაშენებას რეგიონებში და ამჟამად სთავაზობს ბენეფიციარებს ფინანსურ მხარდაჭერას/სუბსიდირებას სამი ცალკეული კომპონენტისთვის: (1) მრავალწლიანი ბაღები, (2) სანერგეები და (3) სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების დამონტაჟება და/ან ჭაბურღილის ჭაბურღილის სატუმბი სადგურის მოწყობა.
ამ GIA-ის ერთ-ერთი პირველი დასკვნაა, რომ პროგრამა „დანერგე მომავლის“ მიზნები, ძირითადად, ძალიან ზოგადია და პროგრამას არ გააჩნია სპეციალურად განსაზღვრული გენდერული მიზნები. პროგრამის შედეგები და ინდიკატორები არ ითვალისწინებს ასევე გენდერულ ასპექტებს. ანალიზი მიუთითებს იმ ფაქტზეც, რომ პოლიტიკის შემქმნელები პროგრამას განიხილავენ როგორც გენდერულად ნეიტრალურსა და არადისკრიმინაციულს, რადგან ის საშუალებას აძლევს ყველას, სქესის განურჩევლად, მონაწილეობა მიიღოს პროგრამაში და, მათი აზრით, პროგრამა ხელმისაწვდომია ყველა სამიზნე ჯგუფისათვის. იგი, ერთი შეხედვით, გამიზნულად არ უქმნის ბარიერებს პოტენციურ მონაწილეებს.