მარკეტინგის რა ბრალია? - გენდერული სტერეოტიპები კრეატიულ კომუნიკაციებში სფოთლაითზე

თარიღი:

ბრენდებისა და მარკეტინგის გავლენა გაყიდვების ფარგლებს დიდი ხანია გასცდა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირების, ზოგჯერ სტერეოტიპების გამყარების, ზოგ შემთხვევაში კი პოზიტიური ცვლილებების შესაძლებლობად იქცა.

მარკეტინგის რა ბრალია? - კრეატიულ კომუნიკაციაში გენდერულ სტერეოტიპებს სფოთლაითზე დისკუსია პირველად მიეძღვნა
მარკეტინგის რა ბრალია? - კრეატიულ კომუნიკაციაში გენდერულ სტერეოტიპებს სფოთლაითზე დისკუსია პირველად მიეძღვნა; ფოტო: გურამ მურადოვი

ამ გავლენისა და როლის გააზრების მიუხედავად, მთელ მსოფლიოში სარეკლამო ინდუსტრია სექსიზმისა და გენდერული სტერეოტიპების გაღრმავების ერთ-ერთ ხელშემწყობად რჩება. გამონაკლისი არც საქართველოა, სადაც ბოლო წლებია, დისკრიმინაციული კომუნიკაციის ფაქტებს საზოგადოების მხრიდან კრიტიკული გამოხმაურება არაერთხელ მოჰყვა. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, ამ თემას წლის მთავარ მარკეტინგულ ღონისძიება სფოთლაითზე, რომელიც თბილისში 15 დეკემბერს ჩატარდა, დისკუსია მიეძღვნა.

„საქართველოში ქალების 49%, რომელიც არ მუშაობს, მიზეზად საოჯახო ვალდებულებებს ასახელებს, ყოველი მეხუთე კი ამბობს, რომ ეს მისი ქმრის სურვილია. ქვეყანაში ქალების 20%-ს - სექსუალური შევიწროება, 4-დან 1 ქალს კი გენდერული ძალადობის რაიმე ფორმა გამოუცდია. რა როლი აქვთ ბრენდებს ამ სტატისტიკის ფორმირებაში, მარკეტინგის რა ბრალია?“ - ეს იყო შეკითხვა, რომლითაც სარეკლამო კომპანია „ლივინგსტონის“ კრეატიულმა დირექტორმა და სესიის მოდერატორმა პავლე გაბრიჭიძემ დისკუსია გახსნა.

მონაწილეებმა გენდერული სტერეოტიპების გამყარებასა თუ მსხვრევაში მარკეტინგის როლზე ისაუბრეს. იმსჯელეს იმ წვლილზე, რომლის შეტანაც ჯანსაღ ღირებულებებზე დაფუძნებულ კრეატიულ კომუნიკაციებს თანასწორი გარემოს ჩამოყალიბებაში შეუძლია. ერთ-ერთმა მათგანმა, სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ კომუნიკაციების დირექტორმა თინათინ სტამბოლიშვილმა აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და 8 წლის წინანდელი, ქალ მძღოლებთან დაკავშირებული კამპანია გაიხსენა, რომელმაც უფლებადამაცველებისა და მომხმარებლების განაწყენება გამოიწვია. „დისკუსიაში მონაწილეობის ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი ჩემთვის სწორედ ამ ისტორიის მოყოლის სურვილი იყო. დღეს სხვა რეალობა გვაქვს. უკვე აღარ არის საკმარისი, რომ გენდერულად გამართული საკომუნიკაციო გზავნილი გქონდეს. საჭიროა, მთლიანად ისეთი კომუნიკაცია შექმნა, რომელიც თანასწორობის, თავისუფლებისა და ინკლუზიურობის უნივერსალური პრინციპების გამყარებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა მან. „ჯიპიაი ჰოლდინგი“ უკვე მეორე წელია ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერია და როგორც თინათინ სტამბოლიშვილმა განმარტა, ინიციატივაში ჩართვა კომპანიას დაეხმარა, გენდერული საკითხების აქტუალობა მკაფიოდ დაენახა და ქალთა მხარდასაჭერად სხვადასხვა ღონისძიება განეხორციელებინა.

დისკრიმინაციული მარკეტინგული კამპანიების ერთ-ერთი მიზეზი ხშირად დარგის სპეციალისტების არასაკმარისი გენდერული მგრძნობელობა და ცნობიერებაა. სწორედ ამ ფაქტორზე გაამახვილა ყურადღება დისკუსიის ერთ-ერთმა მონაწილემ, ფემინისტური პოდკასტის, „ქალთა პალატის“ თანადამფუძნებელმა სალომე ჟვანიამ და სფოთლაითის დამსწრეებს ის კრიტერიუმებიც გაუზიარა, რომლებიც მათ ჯანსაღ ღირებულებებზე დაფუძნებული საკომუნიკაციო აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში დაეხმარებათ.

„ამ საინტერესო და გულახდილმა სესიამ კიდევ ერთხელ დამანახა, რომ კომუნიკაციის დაწყებამდე ბევრი დეტალი უნდა გაითვალისწინო, რათა უნებურად შენი აქტივობა ვინმესთვის მტკივნეული არ აღმოჩნდეს“ , - აღნიშნა სესიის დასრულების შემდეგ ტერაბანკის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელიმა სალომე ქოქოსაძემ.

სფოთლაითი საქართველოში 2013 წლიდან სისტემატურად ტარდება. ღონისძიება მარკეტინგული ინდუსტრიის მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ თემატურ სესიებსა თუ სამოტივაციო გამოსვლებს მოიცავს და ყოველწლიურად დარგის ასობით წარმომადგენელს აერთიანებს. „ვფიქრობ, წლევანდელ სოფთლაითზე დისკუსიის მონაწილეებმა სარეკლამო სფეროს 500-ზე მეტ წარმომადგენელს შესაძლებლობა მისცეს, სხვაგვარად დაენახათ მარკეტინგისა და კომუნიკაციების როლი იმ რეალობის ჩამოყალიბებასა თუ შეცვლაში, რომელიც ქვეყანაში გენდერული სტერეოტიპებისა და დისკრიმინაციის კუთხით არსებობს. ამ აქტუალური საკითხის განხილვა ჩვენი პლატფორმისთვისა მნიშვნელოვანია, რადგან იგი სწორედ ღირებულ თემებზე დისკუსიის წამოწყებას ემსახურება“, - აღნიშნა სოფთლაითის დამფუძნებელმა და ორგანიზატორმა აკო ახალაიამ.

პანელური დისკუსია პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიებისთვის საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც ნორვეგიის მთავრობის დაფინანებით ხორციელდება.