ვებპროგრამირებისა და სოციალური მედია მარკეტინგის კურსდამთავრებული გოგოებისთვის კარიერული განვითარება იწყება

თარიღი:

საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში გოგოების ჩართულობა კვლავაც დაბალია. ბიჭებთან შედარებით, ამ მიმართულებით განათლებასა და კარიერას გოგოები საქართველოშიც ნაკლებად აგრძელებენ. მათი არჩევანის მთავარი მიზეზი კი საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპია, რომელიც ტექნოლოგიებს მხოლოდ „კაცების საქმედ“ მიიჩნევს.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, 116-მა გოგომ ვებგვერდის შექმნისა და სოციალური მედია მარკეტინგის პრაქტიკული საბაზისო უნარები შეიძინა
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, 116-მა გოგომ ვებგვერდის შექმნისა და სოციალური მედია მარკეტინგის პრაქტიკული საბაზისო უნარები შეიძინა; ფოტო: ინოვაციური განათლების ფონდი

აღნიშნული უთანასწორობის შემცირებისა და ქალების ტექნოლოგიებში ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, ინოვაციური განათლების ფონდთან, ჯეოლაბთან და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, აკაკი წერეთლის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და WomenTechmakers-თან თანამშრომლობით, ახალი ინიციატივის განხორციელება დაიწყო. იგი დასავლეთ საქართველოს 5 რეგიონში 18-35 წლის ქალებისა და გოგოებისთვის ვებპროგრამირებისა და სოციალური მედია მარკეტინგის უფასოდ სწავლებას გულისხმობდა.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ძალისხმევით, უფასო ტრენინგები აჭარაში, გურიაში, სამეგრელოში, იმერეთსა და რაჭაში ჩატარდა. ინიციატივის ფარგლებში, 116-მა მონაწილემ ვებგვერდის შექმნისა და სოციალური მედია მარკეტინგის პრაქტიკული საბაზისო უნარები შეიძინა. 20 მაისს კი კურსდამთავრებული გოგოები ტექნოპარკში მომავალ დამსაქმებლებს, ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლებსა და პარტნიორ ორგანიზაციებს შეხვდნენ. შეხვედრას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

,,ჩემთვის წარმოუდგენელი იყო ვებპროგრამირების შესწავლა. დღევანდელი გადმოსახედიდან კი ვხვდები, რომ დაუძლეველი არაფერია. ამ ტრენინგებმა ბევრი შესაძლებლობები მომცა. ჩემი ცხოვრება თვალსა და ხელს შუა იცვლება“, - აღნიშნა ნათიამ, რომელმაც ტრენინგები იმერეთის რეგიონში გაიარა.

აღსანიშნავია, რომ კურსდამთავრებულთა შორის 40 საუკეთესო ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლის. ყველაზე მაღალი შედეგების მქონე 3 მონაწილე კი პორტუგალიაში, ტექნოლოგიებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაემგზავრება.

ინიციატივას გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის “ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ნაწილია, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას და იმ გამოცდილებისა თუ უნარ-ჩვევების შეძენას, რომლებიც მათ დასაქმებასა და საკუთარი საქმიანობის წამოწყებაში დაეხმარებათ.