გაეროს ქალთა ორგანიზაციის ახალი პროექტი: ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში
თარიღი:
ქვეყანაში არსებული ბოლო მონაცემებით, სავარაუდოდ, უფრო მეტ ქალს აქვს უმაღლესი განათლება მიღებული, ვიდრე კაცს. თუმცა, ამის მიუხედავად, მათი ეკონომიკური აქტიურობის დონე კაცების მაჩვენებელზე გაცილებით დაბალია. შრომითი ასაკის მოსახლეობაში სქესთა შორის განსხვავება 27 პროცენტულ ერთეულს შეადგენს (UN Women, CRRC, 2018 წ.).
მონაცემების თანახმად, ქალთა ეკონომიკური არააქტიურობის მთავარი მიზეზი საზოგადოებაში შრომის გენდერული ნიშნით დაყოფა და მასთან დაკავშირებული არაანაზღაურებადი მზრუნველობითი სამუშაოს ტვირთია, რომლის შესრულებაც ძირითადად ქალებს უწევთ. იმავე კვლევის მიხედვით, საქართველოში ქალები აღნიშნავენ, რომ ისინი საშინაო საქმეებს კვირაში 45 საათს უთმობენ. ეს სიტუაცია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში დიდად განსხვავებული არ არის.
გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტომ (ADA) რეგიონული პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ (WEESC) წარადგინეს. სამწლიანი ინიციატივის მიზანი სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ღარიბი და მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ქალების ეკონომიკური გაძლიერება და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მათი ჩართულობის მხარდაჭერაა.
პროექტი ქალებს სამივე ქვეყნის შერჩეულ რეგიონებში დაეხმარება, აამაღლებს მათ შესაძლებლობებსა და უნარებს, უზრუნველყოფს მეტ ხელმისაწვდომობას იმ ინფორმაციასა და აუცილებელ სერვისებზე, რომლებიც შემოსავლიან სამუშაოებში ქალთა ჩართულობას დაუჭერს მხარს. შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა ოლივიე ბურკიმ აღნიშნა, რომ „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება არა მხოლოდ სწორი, არამედ გონივრული საქმიანობაცაა“ და ხაზი გაუსვა ეკონომიკაში ქალთა მონაწილეობას, როგორც ეკონომიკური ზრდისა და მდგრადი განვითარების აუცილებელ ფაქტორს.
საკანონმდებლო თვალსაზრისით, პროექტი მხარს უჭერს გენდერულ მექანიზმებს სომხეთსა და საქართველოში, რათა პოლიტიკურ და ინსტიტუციურ დონეზე ცვლილებები განხორციელდეს კანონმდებლობაში, სახელმწიფო პოლიტიკებსა და პროგრამებში გენდერული მეინსტრიმინგის, ასევე, შესაბამისი მონაცემების უზრუნველსაყოფად. გენდერული მეინსტრიმინგისთვის საჭირო ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების მიზნით, პროექტი ისეთ ინსტრუმენტებს გამოიყენებს, როგორებიცაა: მონაწილეობითი გენდერული აუდიტი, გენდერული ზეგავლენის შეფასება და გენდერზე ორიენტირებული ბიუჯეტირება (GRB). ავსტრიის განვითარების სააგენტოს საქართველოს ოფისის დირექტორმა გერჰარდ შაუმბერგერმა აღნიშნა, რომ გენდერზე ორიენტირებული ბიუჯეტირება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომლის მიზანია „უზრუნველყოს საჯარო რესურსების ეფექტურად გადანაწილება, რათა წვლილი შეიტანოს გენდერული თანასწორობის წინ წაწევასა და ქალთა გაძლიერებაში“. გენდერზე ორიენტირებული ბიუჯეტი გათვალისწინებულია ავსტრიის კონსტიტუციაში და ფედერალურ სამინისტროებს ევალებათ, რომ თავიანთ საბიუჯეტო დოკუმენტებში ქალებსა და კაცებს შორის თანასწორობა ასახონ.
ქალთა გაძლიერების პრინციპების (WEPs) დანერგვის მიზნით, პროექტი ტექნიკურ მხარდაჭერას გაუწევს კერძო კომპანიებს სომხეთსა და აზერბაიჯანში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის გამოცდილების გათვალისწინებით, რომელიც კერძო სექტორთან ერთად საქართველოში 2016 წლიდან მუშაობს.
პროექტს „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ გაეროს ქალთა ორგანიზაცია გაეროს განვითარების პროგრამასთან მჭიდრო თანამშრომლობით (სომხეთსა და აზერბაიჯანში), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ახორციელებს. საქართველოს გარდა, პროექტის წარდგენა აზერბაიჯანში 4 დეკემბერს მოხდა, სომხეთში კი - 13 დეკემბერს. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ძირითადი დაინტერესებული მხარეები: ეროვნული, რეგიონული და ადგილობრივი მთავრობები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები. კერძო სექტორი, ქალი და ახალგაზრდა ლიდერები და მეწარმეები.