„დაკარგული წლები:“ ქართველი მიგრანტი დედების მიერ ზრდასრული შვილების დახმარებისთვის შეწირული დრო

თარიღი: ოთხშაბათი, 11 მაისი, 2016 წელი

ახალი კვლევის თანახმად, ქალი მიგრანტები, რომლებიც საქართველოდან სამუშაოს საშოვნელად არიან წასულები, ხშირად ხანგრძლივ მიგრაციას თავს ვერ აღწევენ. ისინი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მუშაობის შეწყვეტას განუსაზღვრელი დროით დებენ, რადგან საქართველოში მყოფ ზრდასრულ შვილებს, მათი ფულადი გზავნილების გარეშე, ადეკვატური საარსებო საშუალებების უზრუნველყოფა არ შეუძლიათ.

ვალუტის გადაცვლის ჯიხური, კავსაძის ქუჩა, თბილისი, საქართველო; ფოტო: ქრისტინა ლომიძე
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სულ უფრო მეტი ქართველი ქალი ირჩევს შრომით მიგრაციას, როგორც სიღარიბიდან თავის დაღწევის გამოსავალს. თუმცა, როცა ქალები დანიშნულების ადგილას ჩადიან და მუშაობას იწყებენ, სამშობლოში დაბრუნებისა და პენსიაზე გასვლის გეგმა მეტწილად არ აქვთ ხოლმე. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ბევრ მათგანს ზრდასრული შვილების ან ოჯახის სხვა წევრების რჩენა ფულადი გზავნილებით უწევს.

მიგრაციისა და გენდერის თემაზე ახლახან ჩატარებულ კვლევაში („ჩვენი დაკარგული წლები: მიგრანტი ქალები საქართველოდან და მათი მოზრდილი შვილების დამოკიდებულება ფულად გზავნილებზე“, კვლევა 2016 წლის მაისში დასრულდა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტისთვის ქრისტინა ლომიძის სამაგისტრო ნაშრომს წარმოადგენს; თემის ხელმძღვანელი: ან მარი გეტცი) განხილულია ქართველი დედების მიგრაციასთან დაკავშირებული გარემოებები. კვლევის ფარგლებში, ნიუ-იორკში მცხოვრებ 10 ქართველ მიგრანტ ქალთან და საქართველოში მცხოვრებ მათზე დამოკიდებულ 10 ზრდასრულ შვილთან 20 ჩაღრმავებული ინტერვიუ ჩატარდა. ამას გარდა, ნიუ-იორკში 70 ქართველი მიგრანტი ქალი გამოიკითხა. ისინიც სამშობლოში დარჩენილ ზრდასრულ შვილებს ეხმარებიან. კვლევის შედეგების მიხედვით, რესპონდენტები მიგრაციაში წასვლას პირადი ეკონომიკური გაძლიერებისთვის არ ირჩევენ. ქალები ცხოვრების მრავალ წელს ზრდასრული შვილების ფინანსურ უზრუნველყოფას სწირავენ.

კვლევის მიხედვით, მიგრანტების 89% აღნიშნავს, რომ მნიშვნელობა არ აქვს ზრდასრული შვილები ფულად გზავნილებზე სრულად არიან დამოკიდებულები, თუ ნაწილობრივ, სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, მათი ფინანსური მდგომარეობა აუცილებლად გაუარესდება. „ჩემი შვილები ფინანსურად 100%-ით ჩემზე არიან დამოკიდებულნი, ამიტომ უკან დაბრუნება არ შემიძლია. არცერთი არ მუშაობს, ისინი სამსახურს ვერ პოულობენ“,- აღნიშნა ერთ-ერთმა მიგრანტმა, რომელიც საქართველოში ზრდასრულ უმუშევარ შვილებს ეხმარება.

როგორც დედებზე დამოკიდებული ზრდასრული შვილების უმრავლესობა განმარტავს, ბევრ მათგანს უმაღლესი განათლება აქვს და პრესტიჟულ თანამდებობასაც იკავებს, თუმცა მათი ხელფასები ოჯახების სარჩენად საკმარისი მაინც არ არის. ერთ-ერთმა რესპონდენტმა, რომელიც სამი შვილის მამაა, საჯარო სამსახურში შუალედური რგოლის პოზიციაზე მუშაობს, ხოლო ცოლი ექიმი ჰყავს, განაცხადა: „ორივე ჩვენგანის ხელფასი კომფორტული ცხოვრებისთვის საკმარისი არ არის. ჩვენი შემოსავალი გადასახადებისთვის თუ გვყოფნის, საკვებისთვის კი - არა.“

რესპონდენტების უმრავლესობას ფულადი გზავნილები ყოველდღიური მოხმარებისთვის უფრო ეხარჯება, ვიდრე - ინვესტირებისთვის. ამდენად, უმეტეს შემთხვევაში, დედების მიგრაცია მათ ზრდასრულ შვილებს მხოლოდ სიღარიბიდან თავის დაღწევის დროებით გამოსავალს აძლევს, რაც მაშინვე დასრულდება, როგორც კი მიგრანტები სახლში დაბრუნდებიან. ამას გარდა, დედებზე დამოკიდებული ზრდასრული შვილების უმრავლესობას მშობლებთან მუშაობის შეწყვეტაზე ჯერ არც უსაუბრია(იმის მიუხედავად, რომ მიგრანტების უმეტესობა 55-70 წლის ასაკისაა). ბევრს კი არც უფიქრია, ფულადი გზავნილების შეჩერების შემდეგ როგორ ირჩენს თავს.

მიგრანტი დედები ზრდასრული შვილების დახმარების მიმართ დიდ პასუხისმგებლობას გრძნობენ და ის ფაქტი, რომ შვილები საკუთარი საარსებო საშუალებების თავად მოძიებას ვერ ახერხებენ, ბევრ მათგანს პენსიაზე გასვლის საშუალებას არ აძლევს. „ქართველი ქალების მენტალიტეტი ისეთია, რომ ისინი, ასაკის მიუხედავად, შვილების რჩენის მორალურ ვალდებულებას გრძნობენ. ქალები შვილების ფინანსურ და ფიზიკურ დახმარებას იმ დრომდე განაგრძობენ, ვიდრე ეს შეუძლიათ“, - აღნიშნა ერთ-ერთმა მიგრანტმა. ამას გარდა, გამოკითხული ქალების 93%-მა აღნიშნა, რომ, ზრდასრული შვილების მატერიალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, მიგრაციაში უნდა დარჩნენ.

ფულის მუდმივად გამოგზავნის გამო, მიგრანტების უმეტესობამ პირადი დანაზოგის გაკეთება ვერ შეძლო. თვისებრივი ინტერვიუების დროს გამოკითხულთა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ თანხის პენსიისთვის გადადებას ვერ ახერხებდა. კვლევაში მონაწილე ქალების 86%-მა კი განმარტა, რომ მუშაობის შეწყვეტისთვის დანაზოგს ვერ აკეთებდა.

რესპონდენტები იმასაც ამბობენ, რომ შრომითი მიგრაციის შედეგად, ემოციურად და ფსიქოლოგიურად იტანჯებიან. „მიგრაციამ ჩვენზე (მიგრანტებზე) ფსიქოლოგიურად ძალიან იმოქმედა. მე პირადად დეპრესია მაქვს. ექიმებმა დეპრესიის დიაგნოზი დიდი ხნის წინ დამისვეს და ანტიდეპრესანტებს ვიღებდი. მხოლოდ წამლების მიღების შემდეგ ვიმღერე პირველად მას შემდეგ, რაც ამ ქვეყანაში ვარ“,- აღნიშნა ერთ-ერთმა მათგანმა.

კვლევის თანახმად, ქართველი დედების მიგრაციას, რომელიც ერთი შეხედვით მიგრანტებისთვის შესაძლოა ფინანსური სიძლიერის მომტანი იყოს, სინამდვილეში მათ ფინანსურ გაძლიერებაში წვლილი საერთოდ არ შეაქვს. კვლევაში მონაწილე რესპონდენტებს პირადი დანაზოგის გაკეთება, ან მუშაობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების თავისუფლად მიღება არ შეუძლიათ.

„მე კმაყოფილი ვარ მიგრაციით, რადგან შვილების რჩენა შევძელი, მაგრამ საკუთარი თავი ამ პერიოდში გვერდზე გადავდე. ეს წლები ჩემთვის დაკარგულია“,- ამბობს ერთ-ერთი რესპონდენტი, რომლის მსგავსად ბევრი დედა შრომით მიგრაციაში რჩება და ფიქრობს, რომ ეს მისთვის „დაკარგული წლებია“.