ჟურნალისტების ტრენინგი კონფლიქტების გენდერულად მგრძნობიარე გაშუქებაში

თარიღი:

ჟურნალისტების ტრენინგი კონფლიქტების გენდერულად მგრძნობიარე გაშუქებაში; ფოტო: ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი
შეიარაღებული კონფლიქტებისა და პოსტკონფლიქტურ სიტუაციების მედია გაშუქებას თავისი სპეციფიკა აქვს. ასეთ კონტექსტებში განსაკუთრებული აქცენტები უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების საკითხებზე, მათ ჰუმანიტარულ საჭიროებებზე კეთდება. ამ თვალსაზრისით, ქალთა და გოგონათა საკითხების გაშუქებისას მედიის წარმომადგენლებს განსაკუთრებული მგრძნობელობა მართებთ და შეუძლიათ დადებითი როლი შეასრულონ არა მარტო პრობლემური საკითხების მოგვარების, არამედ დისკრიმინაციული სტერეოტიპების რღვევის საქმეში.

სწორედ ამიტომ, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ომისა და გაშუქების ინსტიტუტის ინიციატივით, მასმედიის წარმომადგენლებისთვის 2015 წლის 22-26 ივლისს კონფლიქტების გენდერულად მგრძნობიარე გაშუქების თემატიკაზე სამდღიანი ტრენინგი ჩატარდა.

ტრენინგს ცენტრალური და რეგიონული მედიის 10 წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის, ჟურნალისტები კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებიდან.

მედიის წარმომადგენლები ტრენინგზე; ფოტო: ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი
სამი დღის განმავლობაში მონაწილეები გაეცნენ კონფლიქტების გაშუქების პროფესიულ სტანდარტებსა და გენდერული ასპექტების გათვალისწინების აუცილებლობას, გენდერულად მგრძნობიარე გაშუქების ადგილობრივ და საერთაშორისო სტანდარტებს, თვითრეგულირებისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმებს, იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხების გაშუქების საუკეთესო პრაქტიკას.

„ეს იყო ძალიან საინტერესო ტრენინგი, რომელმაც ბევრ რამეზე დაგვაფიქრა და პროფესიული მოვალეობის შესრულების განსხვავებული ასპქეტები დაგვანახა. ამ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებთ“,- აღნიშნა ჟურნალ „ლიბერალის“ ჟურნალისტმა თათია ხალიანმა. ტრენინგი ორგანიზებული იყო გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალები მშვიდობის, თანასწორობისა და განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომელიც ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.