ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება

ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე
ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე

საქართველოში კონფლიქტების პრევენციაში, მათ მოგვარებასა და მდგრად სამშვიდობო პროცესებში ქალების ეფექტიანი მონაწილეობის გასაზრდელად, გაეროს ქალთა ორგანიზაცია 2001 წლიდან (იმ დროს UNIFEM) პარტნიორებს რეგულარულად ეხმარება. მიმდინარე პროექტის - „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ (2020-2024 წწ.) ფარგლებში და, ასევე, 2021-2025 წლებისთვის გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულების (UNSDCF) შესაბამისად, გაეროს ქალთა ორგანიზაცია მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე გაეროს უშიშროების საბჭოს №1325 (2000 წ.) და სხვა რეზოლუციების განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმების შემუშავებაში, მათ შესრულებასა და ქვეყნის კანონმდებლობაში ინტეგრირებული მდგრადი განვითარების მე-5 და მე-16 მიზნების მიღწევაში.

აღნიშნული კონტექსტის ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაცია მუშაობს უსაფრთხოების სექტორთან, მათ შორის თავდაცვის სამინისტროსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატსა და საქართველოს სახელმწიფო დაზვერვის სამსახურთან, უსაფრთხოების სექტორის რეფორმის პროცესსა და მის შედეგებში გენდერული საკითხების გათვალისწინებისთვის. ამასთან, ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელების ხელშეწყობისა და გენდერის საკითხების ინტეგრირების მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია თანამშრომლობს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სამიზნე მუნიციპალიტეტებთან ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ლოკალიზების ხელშეწყობისთვის. ამას გარდა, გაეროს ქალთა ორგანიზაცია აგრძელებს მედიატორი და მშვიდობისმშენებელი, დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადგილობრივი ქალების კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით მხარდაჭერას და უზრუნველყოფს სივრცეს, სადაც სამშვიდობო საქმიანობაში ჩართულ ქალებს ოფიციალური სამშვიდობო და ინციდენტების პრევენციის (ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი) პროცესის მონაწილეებთან ურთიერთობის შესაძლებლობა აქვთ.

2020-2024 წლებისთვის გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების მეოთხე ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციაა. აღნიშნული პროცესი ხორციელდება ქალთა და სათემო ორგანიზაციების, დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების ადგილობრივ დონეზე პოლიტიკის დაგეგმვისა და ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობის ხელშეწყობის, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების შესაძლებლობების გაძლიერების გზით, რათა მათ ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელების პროცესი უფრო ეფექტიანად წარმართონ. ამ მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში, 17 სამიზნე მუნიციპალიტეტში, მათ შორის, გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში, სხვადასხვა საქმიანობას ახორციელებს.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია თანამშრომლობს დიდი ბრიტანეთის მთავრობის კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდთან, ასევე, დიდი ბრიტანეთის მთავრობის თავდაცვის სამინისტროსთან, მშვიდობისა და უსაფრთხოების პროცესებში ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის გაძლიერებისა და ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელებაში მთავრობის ანგარიშვალდებულების გაზრდის მიმართულებით.