ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა

ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/მაკა გოგალაძე

საქართველოში ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღკვეთისთვის, გაეროს ქალთა ორგანიზაცია მთავრობასა და პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდროდ თანამშრომლობს. ამ მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია ტექნიკურ დახმარებას უწევს საქართველოს მთავრობას ნაციონალიზებული მდგრადი განვითარების მიზნების, კერძოდ, მე-5 მიზნის მიღწევისა და ეროვნული კანონმდებლობისა თუ პოლიტიკის ადამიანის უფლებების დარგში საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისობაში მოყვანის მიმართულებით. ამ თვალსაზრისით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია პრიორიტეტად მიიჩნევს საქართველოს კანონმდებლობის ისეთ დოკუმენტებთან შესაბამისობაში მოყვანას, როგორებიცაა ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენცია (CEDAW), მისი ზოგადი რეკომენდაციები და შემაჯამებელი დაკვირვებები; უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები და ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალური პროცედურები; ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის შეთანხმებული დასკვნები და ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ კონვენცია.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს ისეთ წამყვან ორგანიზაციებთან, რომლებიც ჩართულნი არიან უწყებათაშორის კოორდინაციაში, ოჯახში ძალადობისა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა რეფერირებასა და მომსახურების მიწოდებაში, მათ შორის სახალხო დამცველის აპარატთან, პოლიციასთან, პროკურატურასთან, ადვოკატებთან, მოსამართლეებთან და სოციალურ მუშაკებთან. ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციები ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციისა და მოძალადეთა ძალადობრივი ქცევის კორექციის პროგრამების შემუშავებისა და განხორციელებისთვის ტექნიკურ დახმარებას იღებენ. გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ისეთი მდგრადი სახელმწიფო მომსახურებები შეიქმნა, როგორებიცაა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ოთხი თავშესაფარი, სამი კრიზისული ცენტრი და ეროვნული ცხელი ხაზი (116 006), რომელიც აბონენტებს ეროვნული უმცირესობების ენებზეც ემსახურება. ცხელი ხაზისა და სხვა მომსახურებების პოპულარიზაციისა და ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით ნულოვანი ტოლერანტობის დამკვიდრების მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია რეგულარულად უწევს მხარდაჭერას ადგილობრივ პარტნიორებს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმაციის გავრცელების ინიციატივების განხორციელებაში, სპორტის, მედიისა და სახელოვნებო წრეების იმ წარმომადგენლების მონაწილეობით, რომლებსაც ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატებული გამოცდილება აქვთ.

ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის შესახებ მონაცემების შეგროვება და ანალიზი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სფეროა, რომელზეც გაეროს ქალთა ორგანიზაცია მუშაობს. იგი მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკისა და პროგრამების შემუშავებას და ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობასთან დაკავშირებული მდგრადი განვითარების ნაციონალიზებული მიზნების მიღწევის პროგრესის შეფასებას ემსახურება. საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნულმა კვლევამ, რომელიც საქსტატთან თანამშრომლობით 2017 წელს ჩატარდა, ეროვნულ დონეზე ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წარმომადგენლობითი მონაცემების შესახებ არსებული ვაკუუმი ისეთ საკითხებზე შეავსო, როგორიცაა ძალადობა ინტიმური პარტნიორის მხრიდან, ძალადობა ორსულობის დროს, სექსუალური შევიწროვება, ადევნება, ძალადობის გამოცდილება ბავშვობაში და დამოკიდებულებები გენდერული საკითხების მიმართ.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს მთავრობასთან ერთად ხელმძღვანელობს სამუშაო ჯგუფს ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის საკითხებზე, რომელიც შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, ორმხრივი და მრავალმხრივი დონორი ორგანიზაციებისა და გაეროს სააგენტოების წარმომადგენლებისგან შედგება. სამუშაო ჯგუფის მიზანია, მხარდაჭერა გაუწიოს მთავრობას ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის თვალსაზრისით ქვეყნის ადგილობრივი და საერთაშორისო ვალდებულებების ეფექტიან შესრულებაში.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ძალისხმევას საქართველოში ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღკვეთის მიმართულებით 2010 წლიდან ფინანსურ მხარდაჭერას შვედეთის მთავრობა, 2016 წლიდან კი ევროკავშირის დელეგაცია უწევს. 2017 წლიდან გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან თანამშრომლობით, ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღკვეთისკენ მიმართული ინიციატივის განხორცილება აფხაზეთში, საქართველოში, დაიწყო.