ქალთა სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება

ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/იუსტინა მელნიკევიჩი

მზარდი ფაქტები და მონაცემები ადასტურებენ, რომ გენდერული თანასწორობისა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების წარმატებით მიღწევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გარეშე შეუძლებელია. ამიტომ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისი, მდგრადი ცვლილების უზრუნველყოფისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნის მიზნით, სხვადასხვა მხარესთან თანამშრომლობს. მათ შორის, სამთავრობო სტრუქტურებთან, კერძო სექტორის კომპანიებთან, გაეროს სააგენტოებთან, განვითარების მხარდამჭერ პარტნიორებთან, პროფესიულ კავშირებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და ადგილობრივ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.

მდგრადი განვითარებისთვის გაეროს პარტნიორობის (2016-2020 წლები) ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაცია ეხმარება საქართველოს მთავრობას ქვეყნის კანონმდებლობაში ინტეგრირებული მდგრადი განვითარების მიზნების, განსაკუთრებით კი მე-5, მე-8, მე-10 და მე-12 მიზნების მიღწევაში. ასევე, ეს დახმარება გულისხმობს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პრიორიტეტად ჩამოყალიბებისთვის საჭირო, გენდერულ საკითხებზე ორიენტირებული პოლიტიკის შემუშავებას, ეროვნულ და სექტორულ სტრატეგიებსა თუ სამოქმედო გეგმებში გენდერის ინტეგრირებას. ამ პროცესში ყურადღება გამახვილებულია სამთავრობო დაწესებულებათა შესაძლებლობის გაძლიერებაზე, რათა მათ საერთაშორისო სტანდარტები გამოიყენონ, გენდერული საკითხების გათვალისწინებით შეიმუშაონ და აღასრულონ კანონები, სტრატეგიები და პროგრამები, რომლებიც აქტიურად იქნება ქალებზე ორიენტირებული და ზემოქმედებას მოახდენს მათ ცხოვრებაზე.

გენდერული თანასწორობის მიღწევის პროგრესის დაჩქარების მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია კერძო სექტორის მობილიზაციას ახორციელებს და კომპანიებს სამუშაო ადგილებსა თუ მათ მიღმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით მნიშვნელოვანი ზომების განხორციელებაში ეხმარება. გაეროს ქალთა ორგანიზაციის/გაეროს გლობალური შეთანხმების ქალთა გაძლიერების პრინციპებისა და ქალთა გაძლიერების პრინციპების გენდერული ანალიზის ინსტრუმენტის გამოყენებით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია უზრუნველყოფს ინფორმირებულობის ამაღლებას, თუ რატომ აქვს ბიზნესის ეფექტიანობისთვის გენდერულ თანასწორობას დიდი მნიშვნელობა და ეხმარება კომპანიებს დამატებით გასატარებელი ზომების განსაზღვრაში. აღნიშნული საქმიანობა სამოქალაქო განვითარების სააგენტოსა და სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობით მიმდინარეობს. კომპანიების მიერ განსახორციელებელი ზომების რამდენიმე მაგალითია: შრომის თანასწორი ანაზღაურების პოლიტიკა, სამსახურში მიღების გენდერულად მგრძნობიარე პრაქტიკა, მიზნობრივი დასაქმების პროგრამები და მარკეტინგის იმგვარი პრაქტიკის დამკვიდრება, რომელიც გენდერულ სტერეოტიპებს უპირისპირდება.

თემის დონეზე გაეროს ქალთა ორგანიზაციის მუშაობა მიზნად მეწარმე ქალების, განსაკუთრებით კი ღარიბი და სოციალურად მოწყვლადი ქალების ჯგუფების მდგრადი საარსებო საშუალებების გაზრდას ისახავს. საქართველოს ფერმერთა ასოციაციასა და ფონდ „ტასოსთან“ პარტნიორობით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქალებს კვალიფიკაციის ამაღლებაში ეხმარება, რათა მათ სამუშაო ადგილებზე არსებული მოთხოვნების დაკმაყოფილება, ასევე, იურიდიული, ფინანსური და ეკონომიკური სერვისებით სარგებლობა შეძლონ. იმ მეწარმე ქალებს კი, რომლებიც ბიზნესში უკვე ჩართულები არიან და საკუთარი საწარმოების გაფართოება სურთ, გაეროს ქალთა ორგანიზაცია უფრო მსხვილ კოოპერატივებსა და კორპორაციულ საწარმოო ჯაჭვებთან აკავშირებს.

საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისკენ მიმართულ საქმიანობას ნორვეგიის მთავრობა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო აფინანსებენ. ასევე, სამხრეთ კავკასიის რამდენიმე ქვეყნისთვის განკუთვნილი პროგრამის ფარგლებში, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისი ხელმძღვანელობს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო აზერბაიჯანსა და სომხეთში ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისკენ მიმართულ საქმიანობას აფინანსებს, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობით ხორციელდება.