გაეროს ქალთა ორგანიზაცია ტექნოლოგიებში ქალების დასაქმების მხარდაჭერას აგრძელებს

თარიღი:

ფორუმის მონაწილე პოტენციურ დამსაქმებლებს ესაუბრება. ფოტო: გიორგი კამერაშვილი
ფორუმის მონაწილე პოტენციურ დამსაქმებლებს ესაუბრება. ფოტო: გიორგი კამერაშვილი

საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად სფეროს წარმოადგენს, ქალების დასაქმების მაჩვენებელი კვლავაც დაბალია. ეს სექტორი სტერეოტიპებულად „კაცის საქმედაა“ მიჩნეული, რის გამოც ბევრი ქალი სასურველი კარიერული გზის რეალიზებასა და პერსპექტიულ, მაღალშემოსავლიან პოზიციებზე დასაქმებას ვერ ახერხებს.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერითა და კერძო სექტორთან პარტნიორობით, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ქალების მონაწილეობის ხელშეწყობისთვის 2018 წლიდან მუშაობს. ამ მნიშვნელოვანი მიმართულების ნაწილია პროექტი „500 ქალი ტექში“, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ, 20-ზე მეტი ბიზნესკომპანიის ჩართულობით ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, პირველი ნაკადის მონაწილეებმა სწავლება უკვე გაიარეს, 14 ივლისს კი ისინი პოტენციურ დამსაქმებლებთან შესახვედრად მასშტაბურ ფორუმზე შეიკრიბნენ.

ფორუმის მონაწილე ქალებს საშუალება ჰქონდათ, უშუალოდ დამსაქმებლებისგან მიესმინათ ინფორმაცია სასურველი ვაკანსიების შესახებ და დაინტერესების შემთხვევაში, კარიერული განვითარებისკენ პირველი ნაბიჯებიც გადაედგათ. „ძალიან კარგი ცოდნა და გამოცდილება მივიღე. კურსი მაქსიმალურად პრაქტიკულ სწავლებაზე იყო დაფუძნებული. ლექტორებმა დიდი ენერგია ჩადეს და სრულყოფილი ინფორმაცია მოგვაწოდეს. მაღალი იყო ჩართულობა ჩვენი, კურსის მონაწილეების მხრიდანაც. ახლა იმდენად მოტივირებული ვარ, რომ მინდა, სხვა კომპანიებისთვისაც ვიმუშაო და ციფრული მედიაკამპანიების დაგეგმვაში მივიღო მონაწილეობა,“ - აღნიშნა ფორუმის ერთ-ერთმა მონაწილემ, მაია მეზვრიშვილმა, რომელმაც ციფრული მარკეტინგის კურსი გაიარა.

საგულისხმოა, რომ ღონისძიებას ესწრებოდნენ ის უკრაინელი ქალები და გოგოებიც, რომლებიც საქართველოში უკრაინაში მიმდინარე ომის შემდეგ ჩამოვიდნენ და ახლა პროექტის დახმარებით ციფრულ მარკეტინგსა და ციფრული პროდუქტის ტესტირებას სრული დაფინანსებით სწავლობენ.

ფორუმში მონაწილეობას ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე მოქმედი 50 კომპანია იღებდა. კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ტექნოლოგიების სფეროთი დაინტერესებულ ქალებს ლოკალურ და გლობალურ ბაზარზე არსებული სხვადასხვა ვაკანსია და დასაქმების შესაძლებლობები გააცნეს. საგულისხმოა, რომ ბიზნესკომპანიების უმეტესი ნაწილი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერია და ამ პრინციპების მხარდაჭერის ფარგლებში, ქალების გადამზადებას, სტაჟირებასა და დასაქმებას მუდმივად უწყობს ხელს.

„500 ქალი ტექში“ პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილია, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ხორციელდება.