ჩემი გადმოსახედიდან: "მთავარი პროფესიონალიზმია და არა სქესი"

Дата: 10 июля 2017 г.

მაიორი თამარ მღებრიშვილი; ფოტო: მაკა ყურფარაშვილი
სკოლა რომ დავამთავრე, სწავლის გაგრძელება იურიდიულზე მინდოდა, მაგრამ მამამ მითხრა იურისტობა რა ქალის საქმეაო. ასე მოვხვდი პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. ჯარისკაცობაზე უკვე იმ დროსაც ვფიქრობდი, ამიტომ თავდაცვის აკადემიის მიმღებ კომისიას უნივერსიტეტში სწავლისასაც რამდენჯერმე დავუკავშირდი და იქ ჩაბარებით, საგანმანათლებლო პროცესით დავინტერესდი. სწორედ ამ პერიოდში ბაკალავრის დიპლომის მფლობელებს საშუალება მისცეს, თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში ერთწლიანი სწავლების შემდეგ ოფიცრის წოდება მიეღოთ. საბუთები ისე შევიტანე, ოჯახის წევრებისთვის არაფერი მითქვამს, მათ მხოლოდ აკადემიაში ჩაბარების შემდეგ გაიგეს. რა თქმა უნდა ჩემი გადაწყვეტილება არ მოეწონათ, მაგრამ ვეღარ შემეწინააღმდეგნენ, თუმცა დღეს ჩემი წარმატებული საქმიანობით ძალიან ამაყობენ.

აკადემიის დამთავრების შემდეგ მსუბუქი ქვეითი ოცმეთაურის კვალიფიკაცია მივიღე. 2009 წელს აშშ-ში სამხედრო კავშირგაბმულობის ძირითადი კურსი გავიარე და სპეციალობით მეკავშირეც გავხდი, გასულ წელს კი კონკურსში შერჩევის სახით გავიმარჯვე და ისევ აშშ-ში კაპიტნის საკარიერო კურსი დავასრულე. სულით და გულით ქვეითი ვარ და ველზე ყოფნა ჩემი სტიქიაა, საერთაშორისო სამშვიდობო მისიაშიც ორჯერ ამიტომ წავედი. პირველად ჰელმანდის პროვინციაში და შემდეგ ბაგრამის საავიაციო ბაზაზე. მეკავშირე ოფიცერი ვიყავი და სამშვიდობო ოპერაციების მართვაში ვმონაწილეობდი. ამ მისიებმა უდიდეს გამოცდილება მომცა.

ქალი ხარ და ჯარში არაფერი გესაქმება, რა თქმა უნდა, არასწორი მიდგომაა. სამხედრო აკადემიაში ყოფნისას საწყის საბრძოლო მომზადებას 6 გოგო გავდიოდით. ეს ის ეტაპია, როდესაც ბევრ სირთულეს უნდა გაუძლო და დარწმუნდე, რომ შემდგომი სამხედრო სამსახურისთვის სათანადო გამძლეობა გაქვს. ამ საწყისი მომზადებისას აკადემიიდან ბევრი კაცი წავიდა და შემდგომ სამხედრო სამსახურის გაგრძელებაზე უარი თქვა. ჩვენ, ექვსმა ქალმა კი კურსი დავასრულეთ და ოფიცრებიც გავხდით.

გასულ კვირას მაიორის წოდება მივიღე. თავის დროზე ოცეულის მეთაურიც ვიყავი და ასეულის მეთაურიც, რაც შეიარაღებულ ძალებში იშვიათი მოვლენაა. ქალი განსაკუთრებით მეთაურად ვერ წარმოუდგენიათ ხოლმე. მიხარია, რომ ქართულ ჯარშიც გამოჩნდნენ გოგოები, რომლებიც კაცებს არც ფიზიკურად, არც მორალურად და არც ფსიქოლოგიურად ჩამოუვარდებიან. ჩვენი გოგოები სამშვიდობო მისიებშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ვფიქრობ, ნელ-ნელა ვხვდებით, რომ მთავარი პროფესიონალიზმია და არა სქესი.

34 წლის მაიორი თამარ მღებრიშვილი ქართულ შეიარაღებულ ჯარებში 2007 წლიდან მსახურობს. 2013 და 2015 წლებში ის საერთაშორისო სამშვიდობო მისიით სხვა ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ავღანეთში ორჯერ იმყოფებოდა. თამარის საქმიანობა ეხმიანება გენდერული თანასწორობის შესახებ მდგრადი განვითარების მეხუთე მიზანს და ასევე მეთექვსმეტე მიზანს, რომელიც მშვიდობას, სამართლიანობასა და ძლიერ ინსტიტუტებს გულისხმობს.