ხშირად დასმული კითხვები: ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის სახეები

ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის სახეები

ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებების ის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დარღვევაა, რომელიც ყოველდღიურად, მსოფლიოს ყველა კუთხეში ხდება. მას ქალებისა და გოგოებისთვის როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში სერიოზული ფიზიკური, ეკონომიკური და ფსიქოლოგიური შედეგები მოჰყვება, რაც საზოგადოებაში მათ სრულ და თანასწორ მონაწილეობას უშლის ხელს. ინდივიდების, ოჯახებისა თუ მთლიანად საზოგადოების ცხოვრებაზე ძალადობის ზეგავლენის მასშტაბის გაზომვა შეუძლებელია. პანდემიის შედეგად შექმნილმა მდგომარეობამ - ჩაკეტვამ, გადაადგილების შეზღუდვამ, იზოლაციამ, სტრესმა და ეკონომიკურმა გაურკვევლობამ ოჯახში ძალადობის შემთხვევების საგანგაშო ზრდა გამოიწვია, ქალები და გოგოები კი ძალადობის სხვადასხვა ფორმის საფრთხის ქვეშ დააყენა - ბავშვთა ქორწინებიდან ონლაინსივრცეში სექსუალურ შევიწროებამდე. აღნიშნული ხშირად დასმული კითხვები ძალადობის სხვადასხვა ფორმასა და იმ ფართოდ გავრცელებულ ტერმინებს მიმოიხილავს, რომლებიც გენდერული თანასწორობის ნებისმიერი აქტივისტისთვის მნიშვნელოვანია.


ძირითადი ტერმინები


გენდერული ძალადობა

გენდერული ძალადობა არის ზიანის მომტანი ქმედება, რომელიც ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მიმართ მათი სქესის ნიშნით ხორციელდება. ის სათავეს გენდერული უთანასწორობიდან, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და სახიფათო ნორმებიდან იღებს. აღნიშნული ტერმინი ძირითადად იმ ფაქტის ხაზგასასმელად გამოიყენება, რომ სტრუქტურული და გენდერული ნიშნით განპირობებული ძალაუფლებრივი განსხვავებები ქალებსა და გოგოებს სხვადასხვა სახის ძალადობის რისკის ქვეშ აყენებს. გენდერულ ძალადობას ქალები და გოგოები უფრო მეტად განიცდიან ხოლმე, თუმცა, მისი სამიზნე კაცები და ბიჭებიც შეიძლება გახდნენ. ზოგჯერ ეს ტერმინი ასევე გამოიყენება ლგბტქი+ მიმართ მიზანმიმართული ძალადობის აღსაწერადაც, როდესაც საუბარი კაცურობის/ქალურობის ნორმებთან ან/და გენდერულ ნორმებთან დაკავშირებულ ძალადობაზე მიმდინარეობს.


ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა

ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა ნიშნავს გენდერული ნიშნით ჩადენილ ნებისმიერ ძალადობას, რომელიც იწვევს, ან შეიძლება იწვევდეს ფიზიკურ, სექსუალურ ან ფსიქიკურ ზიანს ან ტანჯვას ქალებისა და გოგოებისთვის. მასში შედის ამგვარი ძალადობის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებურად აღკვეთა როგორც საჯარო სივრცეში, ისე პირად ცხოვრებაში. ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა მოიცავს, თუმცა არა მხოლოდ, ფიზიკურ, სექსუალურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, რომელიც ხდება ოჯახში, ან ზოგადად საზოგადოებაში და ჩადენილია ან შეწყნარებულია სახელმწიფოს მიერ.


ძალადობაგამოვლილი პირი

ძალადობაგამოვლილი ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელმაც სექსუალური ან გენდერული ნიშნით ძალადობა განიცადა. თავისი მნიშვნელობით ის მსხვერპლის მსგავსია, თუმცა, ზოგადად, ამ ტერმინს უფრო მეტ უპირატეობას ანიჭებენ, რადგანაც ის სიმტკიცეს, გამძლეობას გულისხმობს და ოპტიმისტური შინაარსი აქვს.


თანხმობა

„არა“ ნიშნავს „არა“-ს, „დიახ“ კი არის „დიახ“. თანხმობა არის შეთანხმება მხარეებს შორის, ჰქონდეთ სექსუალური კავშირი ან დაქორწინდნენ. თანხმობა თავისუფლად და აქტიურად უნდა იყოს მიცემული და არა ნარკოტიკების ან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან არასრულწლოვნის მიერ. თანხმობა სპეციფიკურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ ქმედებაზე დათანხმება არ გულისხმობს სხვა ქმედებაზე თანხმობას და შექცევადია. ე.ი. ის შეიძლება ნებისმიერ დროს გაუქმდეს.





ქალთა მიმართ ძალადობის სახეები


ოჯახში ძალადობა

ოჯახში ძალადობა, რომელსაც ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობასაც უწოდებენ, წარმოადგენს ქცევის ნებისმიერ ტიპს, რომელსაც ინტიმურ პარტნიორზე ძალაუფლებისა და კონტროლის მოპოვების ან შენარჩუნების მიზნით მიმართავენ. ამგვარი ძალადობა იმ ყველა სახის ფიზიკურ, სექსუალურ, ემოციურ, ეკონომიკურ და ფსიქოლოგიურ ქმედებას ან ქმედების მუქარას მოიცავს, რომელიც სხვა პირზე ახდენს ზეგავლენას. ეს ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომელსაც ქალები მთელი მსოფლიოს მასშტაბით განიცდიან.

ოჯახში ძალადობის სახეებია:

    ეკონომიკური ძალადობა

    ეკონომიკური ძალადობა არის ფინანსურ რესურსებზე სრული კონტროლის შენარჩუნება, ფულზე წვდომის შეზღუდვა ან/და სკოლასა თუ სამსახურში სიარულის ის აკრძალვა, რომლის მიზანი ფინანსური დამოკიდებულობის გამოწვევა, ან მისი მცდელობაა.

    ფსიქოლოგიური ძალადობა

    ფსიქოლოგიურ ძალადობაში იგულისხმება შიშის გამოწვევა დაშინებით; საკუთარი თავისთვის, პარტნიორის ან ბავშვებისთვის ფიზიკური ზიანის მიყენების მუქარით; შინაური ცხოველებისა და ქონების განადგურებით; მანიპულაციით; მეგობრებისგან, ოჯახისგან, სკოლის ან/და სამსახურისგან იძულებითი იზოლაციით.

    ემოციური ძალადობა

    ემოციურ ძალადობაში იგულისხმება ადამიანისთვის თვითშეფასების დაქვეითება მუდმივი კრიტიკით; მისი შესაძლებლობების დაკნინება; დამამცირებელი მიმართვები ან სხვა სახის სიტყვიერი შეურაცხყოფა; პარტნიორის ურთიერთობის გაფუჭება შვილებთან; ან პარტნიორისთვის მეგობრებისა და ოჯახის ნახვის შესაძლებლობის წართმევა.

    ფიზიკური ძალადობა

    ფიზიკური ძალადობის სახეებია: პარტნიორისთვის ზიანის მიყენება, ან ამგვარი მცდელობა ისეთი ქმედებებით, როგორებიცაა: ხელის დარტყმა, ფეხის კვრა, დაწვა, ხელის ტაცება, ჩქმეტა, სილის გაწვნა, თმის მოქაჩვა, კბენა, მკურნალობაზე უარი ან ალკოჰოლის ან/და ნარკოტიკების იძულებით მოხმარება, ან სხვა ფიზიკური ძალის გამოყენება. ფიზიკურ ძალადობაში შეიძლება შევიდეს ქონების დაზიანებაც.

    სექსუალური ძალადობა

    სექსუალური ძალადობა გულისხმობს პარტნიორის იძულებას, მონაწილეობა მიიღოს სქესობრივ აქტში, როდესაც ის თანახმა არ არის. მეტი ინფორმაცია სექსუალური ძალადობის შესახებ იხილეთ ქვემოთ.

გაიგეთ მეტი: ძალადობის ნიშნები, რომლებიც ურთიერთობების დროს ვლინდება და დახმარების შესაძლებლობა


ფემიციდი

ფემიციდი არის ქალთა განზრახ მკვლელობა იმის გამო, რომ ისინი ქალები არიან, თუმცა ეს ცნება შეიძლება უფრო ფართოდ იყოს განმარტებული და მან ქალების ან გოგოების ნებისმიერი სახის მკვლელობა მოიცვას. მკვლელობათა სხვა შემთხვევებისგან ფემიციდი კონკრეტული მახასიათებლებით განსხვავდება. მაგალითად, ფემიციდის შემთხვევების უმეტესობა პარტნიორების ან ყოფილი პარტნიორების მიერაა ჩადენილი და ხანგრძლივად მიმდინარე ოჯახში ძალადობას, მუქარას ან დაშინებას, ასევე სექსუალურ ძალადობას ან იმგვარ სიტუაციებს მოიცავს, როდესაც ქალებს თავიანთ პარტნიორებზე ნაკლები ძალა ან უფრო მცირე რესურსი აქვთ.

    მკვლელობა „ღირსების“ დაცვის მიზნით

    ღირსების დაცვის მიზნით მკვლელობა არის ოჯახის წევრის, როგორც წესი, ქალის ან გოგოს მკვლელობა იმ სავარაუდო მიზეზით, რომ მან ოჯახი შეარცხვინა, ან ღირსება შელახა. ამგვარი მკვლელობები ხშირად სექსუალურ სიწმინდეს, ასევე ოჯახის წევრი ქალების მიერ ოჯახის დაუმორჩილებლობას უკავშირდება.


სექსუალური ძალადობა

სექსუალური ძალადობა არის ნებისმიერი სექსუალური ქმედება, რომელიც ჩადენილია სხვა პირის ნების საწინააღმდეგოდ მაშინ, როდესაც ეს ადამიანი თანახმა არ არის, ან როდესაც თანხმობის გაცემა შეუძლებელია, რადგან ეს ადამიანი ბავშვია, შეზღუდული შესაძლებლობა აქვს, ძლიერი ინტოქსიკაციის ქვეშ, ან უგონო მდგომარეობაში იმყოფება ალკოჰოლის თუ ნარკოტიკების მოხმარების შედეგად.

სექსუალური ძალადობის სახეები შეიძლება იყოს:

    სექსუალური შევიწროება

    სექსუალური შევიწროება მოიცავს თანხმობის გარეშე დამყარებულ ისეთ ფიზიკურ კონტაქტს, როგორიცაა სხვა ადამიანისთვის ხელის წავლება, ჩქმეტა, სილის გაწვნა, მეორე ადამიანის სხეულზე სექსუალურად შეხება და ხახუნი. იგი ასევე მოიცავს არაფიზიკურ ფორმებს, როგორიცაა ღირსების შემლახავი ფრაზების მიძახება (ქეთქოლინგი), სექსუალური შინაარსის კომენტარების გამოხატვა ადამიანის სხეულის ან გარეგნობის შესახებ, სექსუალური ხასიათის თხოვნები, ადევნება და სასქესო ორგანოების ჩვენება.

    გაუპატიურება

    გაუპატიურება არის ერთი ადამიანის სხეულის რომელიმე ნაწილით ან საგნით განხორციელებული ნებისმიერი არანებაყოფლობითი შეღწევა მეორე ადამიანის სხეულში ვაგინალური, ანალური ან ორალური გზით. ეს შეიძლება ჩადენილი იყოს ნებისმიერი უცნობი თუ ნაცნობი ადამიანის მხრიდან, ქორწინებაში, ან პარტნიორულ ურთიერთობაში, ასევე, შეიარაღებული კონფლიქტის დროს.

    გამოსასწორებელი გაუპატიურება

    გამოსასწორებელი გაუპატიურება არის გაუპატიურების ერთ-ერთი ფორმა, რომელიც განხორციელებულია პირის სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის საფუძველზე. ამგვარი ქმედების მიზანია მსხვერპლის იძულება, რომ ჰეტეროსექსუალობას, ან ნორმატიულ გენდერულ იდენტობას დაემორჩილოს.

    გაუპატიურების კულტურა

    გაუპატიურების კულტურა არის სოციალური გარემო, სადაც სექსუალური ძალადობა ნორმალიზებული და გამართლებულია. ის ფესვგადგმულია პატრიარქალურ წყობაში და მისი მასაზრდოებელი ხანგრძლივად არსებული გენდერული უთანასწორობა, სქესისა და სექსუალობის შესახებ მიკერძოებული დამოკიდებულებაა.

გაიგეთ მეტი: 16 გზა გაუპატიურების კულტურის წინააღმდეგ


ადამიანებით ვაჭრობა - ტრეფიკინგი

ტრეფიკინგი არის ადამიანებით ვაჭრობა და მათი ექსპლუატაცია ისეთი საშუალებებით, როგორებიცაა ძალის გამოყენება, თაღლითობა, იძულება ან მოტყუება. ამ მძიმე დანაშაულის მახეში მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ქალი და გოგო ებმება, მათი დიდი ნაწილი კი სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლი ხდება.


ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრება

ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრება არის ქალის სასქესო ორგანოების დაზიანების პროცედურა სამედიცინო ჩვენების გარეშე. გამოყოფენ აღნიშნული ქმედების ოთხ მთავარ ტიპს, მათთან დაკავშირებული პრაქტიკა და მოტივაცია კი სხვადასხვა ადგილას განსხვავებულია. ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრება სოციალური ნორმაა, რომელიც ხშირად აუცილებელ ნაბიჯად მიიჩნევა, რათა გოგოები ზრდასრული ასაკისა და ქორწინებისთვის მოამზადონ და რაც, როგორც წესი, განპირობებულია სქესის მიმართ დამკვიდრებული რწმენითა და დამოკიდებულებით სექსუალობის სათანადო გამოხატულებასთან. ის ძალადობის კლასიფიკაციაში პირველად 1997 წელს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO), გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადების საფუძველზე შევიდა.


ბავშვთა ქორწინება

ბავშვთა ქორწინება ნიშნავს ნებისმიერ ქორწინებას, როდესაც ერთი ან ორივე მეუღლე 18 წლამდე მიუღწეველი პირია. ეს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის დარღვევაა, რომლის თანახმად, „დაქორწინება შესაძლებელია მხოლოდ ორივე მხარის თავისუფალი და სრული თანხმობისას“. უფრო დიდი ალბათობით ბავშვთა ქორწინება გოგოების შემთხვევაში ხდება, რის გამოც მათ სკოლის მიტოვება და ძალადობის სხვა ფორმების განცდაც უწევთ.


ონლაინ ან ციფრული ძალადობა

ქალთა მიმართ ონლაინ ან ციფრული ძალადობა არის ძალადობის ნებისმიერი ქმედება, რომელიც ჩადენილია ქალის მიმართ იმიტომ, რომ ის ქალია და რა დროსაც ამგვარი ქმედების ძირითად, დამხმარე ან დამამძიმებელ საშუალებად გამოყენებულია საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (მობილური ტელეფონები, ინტერნეტი, სოციალური მედია, კომპიუტერული თამაშები, ტექსტური შეტყობინება, ელექტრონული ფოსტა და ა.შ.).

ონლაინ ძალადობაში შეიძლება შევიდეს:

    კიბერბულინგი

    კიბერბულინგი მოიცავს დაშინების ან მუქარის შემცველი შეტყობინებების გაგზავნას.

    არანებაყოფლობითი სექსტინგი

    არანებაყოფლობითი სექსტინგი გულისხმობს მიმღების თანხმობის გარეშე სექსუალური შინაარსის შეტყობინებების ან ფოტოების გაგზავნას.

    დოქსინგი (პერსონალური მონაცემების/ინფორმაციის გასაჯაროება კიბერბულინგის მიზნით)

    დოქსინგი არის მსხვერპლის შესახებ პირადი ან მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება.




ცვლილებები იწყება შენით.

იმოქმედე ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად. გაიგე როგორ ►