ეკა გოგატიშვილის სიტყვებით: „მაღალი ტრიბუნებიდან ქალები რომ ვლაპარაკობდეთ, უფრო მშვიდობიან სამყაროში ვიცხოვრებდით“
46 წლის ეკა გოგატიშვილი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევში, გამყოფი ხაზის მიმდებარედ, მეუღლესა და 2 შვილთან ერთად ცხოვრობს. პროფესიით პედაგოგია და სკოლის მოსწავლეებს ისტორიაში ამზადებს. პარალელურად, თაფლს აწარმოებს და სოფლის ცხოვრებაშიც აქტიურადაა ჩართული: წლებია, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტებში მონაწილეობს, „მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდების ქსელის“ წევრია და, თანამოაზრე ქალებთან ერთად, ცდილობს, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის რთულ ყოფაში ნათელი ფერები შეიტანოს.
თარიღი:
„2008 წლის 7 აგვისტოს მეზობლისგან გავიგე, რომ პერევში ქართული ჯარი შემოვიდა. მეორე დღეს სროლებიც დაიწყო. უფროსი შვილი მაშინ მხოლოდ 2 წლის მყავდა. მე და ბავშვმა ჩემს მშობლიურ სოფელს, ქორეთს შევაფარეთ თავი, მეუღლე კი დარჩა: ფეხი ჰქონდა მოტეხილი და ვერ წამოვიდა. ომის დაძაბული დღეები არასდროს დამავიწყდება: დაზაფრულს, წიწილების ხმაც კი ავტომატის სროლა მეგონა.
ჩვენი სოფლის მოსახლეობას ოსებთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ახლო ნათესაური კავშირებიც ბევრი იყო. მანამდე მცირე დაძაბულობაც კი არ მახსენდება. ვფიქრობ, ამანაც იმოქმედა, რომ სიტუაცია მალე მიწყნარდა, თუმცა სახლში მე მაინც აგვისტოს ბოლოს დავბრუნდი.
სინამდვილეში, გამყოფ ხაზთან ცხოვრება მშვიდი არასდროსაა. თავს უსაფრთხოდ ვერ ვგრძნობ, რადგან იქვე მყოფი ჯარისკაცები რთულ რეალობას მუდმივად მახსენებენ. რუტინამ და ყოველდღიურობამ შეიძლება ცოტა ხანს გადამავიწყოს, მაგრამ რომ მოსაღამოვდება, ღელვა შემიპყრობს ხოლმე. განსაკუთრებით თანასოფლელ ქალებზე მეფიქრება: ვინმე ხომ არ იყო ტყეში წაბლის ან სოკოს საკრეფად წასული? სახლში ყველა მშვიდობით დაბრუნდა? ვინმე ხომ არ გაიტაცეს? აქ მავთულხლართები არ არის, ამიტომ გამყოფი ხაზი ზუსტად სად გადის, არ ვიცით. ვერც ვსაზღვრავთ, ტყეში შესვლა სადამდე შეგვიძლია, დაუცველები ვართ.
ამ თემაზე ყოველთვის ხმამაღლა ვსაუბრობ, განსაკუთრებით 2015 წლის შემდეგ, რაც გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტებში მოხალისეობრივად ჩავერთე და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში ქალების ცხოვრებას სხვა თვალით შევხედე. ეს ის პერიოდი იყო, როცა ბავშვები წამოვზარდე და დროც გამომითავისუფლდა. დედობის გარდა, საკუთარი საქმე და განვითარება მსურდა. ჩემი მეუღლეც სულ მხარს მიჭერდა. პირველი ნაბიჯები გუშინდელივით მახსოვს: „ფონდი ტასოს“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მეზობელმა წამიყვანა. სოციალურ მობილიზაციაზე, ქალების თვითდახმარების ჯგუფებზე, რომლებიც სოფლისთვის მოხალისეობრივად მუშაობენ, იქ გავიგე და მალევე გავწევრიანდი.
მაშინ ქალებმა პერევში ჯერ კომპიუტერული ცენტრი გავხსენით, შემდეგ კი — სამკერვალო, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს და ვითარდება. ჩვენმა მუშაობამ, ტრენინგებსა და შეხვედრებზე დასწრებამ და სრულიად ახალი უნარები და შესაძლებლობები აღმომაჩენინა. მერე თანამშრომლობა ქალთა საინფორმაციო ცენტრთანაც დავიწყე და ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების თემებით დავინტერესდი. ახლა თვითდახმარების ჯგუფში 5 ქალი ვართ. ისევ ვცდილობთ, აქაურობის ყოველდღიურობა გავაუმჯობესოთ.
პერევში 150-მდე ოჯახი ცხოვრობს, თუმცა სოფელს სულ უფრო მეტი ადამიანი ტოვებს, რაც ხშირად რთული პირობებითაცაა გამოწვეული. მაგალითად, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს რომ ვიკვლევდით, აღმოვაჩინეთ, რომ ერთი პატარა ფურცლის ამოსაბეჭდად, ან თუნდაც პირადობის მოწმობის ასლისთვის, საჩხერეში გვიწევდა წასვლა. ტრანსპორტი კი დადის, მაგრამ ისეთი დიდი შუალედებით, რომ დილის რვა საათზე, 2 წუთის საქმისთვის წასული, უკან მხოლოდ შუადღისას თუ დაბრუნდები, გზისთვის კი დამატებით დრო და ფული უნდა დახარჯო. გაეროს ქალთა ორგანიზაციის სათემო ინიციატივების შესახებ რომ შევიტყვეთ, მაშინვე პრინტერის იდეა გაგვიჩნდა. მოწყობილობა ყველასთვის ნაცნობ ადგილას, სოფლის მაღაზიაში დავდგით და ახლა მისი გამოყენება ნებისმიერ მოსახლეს უფასოდ შეუძლია. პრინტერით განსაკუთრებით მოსწავლეებს დავეხმარეთ — ყველაზე ხშირად მას ბავშვები სასწავლო მასალებისთვის იყენებენ.
კიდევ ერთი ინიციატივა ინგლისური ენის უფასო კურსები და ფსიქოლოგთან შეხვედრებია. ონლაინგაკვეთილებსა და კონსულტაციებს 10 ქალი ვესწრებით. ორივე კომპონენტი გვაძლიერებს — ახალი ცოდნაც და მენტალური მხარდაჭერაც. რომ შევიკრიბებით ხოლმე, ისეთ ენერგიას ვატრიალებთ, მაშინვე იგრძნობა, რამდენად ბევრი შეგვიძლია, ამიტომ რაც მეტი ვიქნებით, მით უკეთესი.
მშვიდობის მშენებლობაში ქალების როლზე ხშირად ვფიქრობ და სულ ერთ დასკვნამდე მივდივარ: დედები მხოლოდ ჩვენს შვილებზე არ ვფიქრობთ, თითოეული მშობლის შვილი და მომავალი გვაღელვებს, ამიტომ მჯერა, ყველაზე მაღალი ტრიბუნებიდან ქალები რომ ვლაპარაკობდეთ, უფრო მშვიდობიან სამყაროში ვიცხოვრებდით.
იმედი მაქვს, „მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდების“ ქსელი ის მნიშვნელოვანი პლატფორმა იქნება, რომელიც ქალებს ამ მაღალი ტრიბუნებისკენ გზას გაგვიკვალავს და მეტ მოხალისეს გაგვაერთიანებს“.
კონფლიქტით დაზარალებულ და გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში სათემო ინიციატივების მხარდაჭერა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ ნაწილი იყო. ის 2020-2025 წლებში, ბრიტანეთის მთავრობის დაფინანსებით მიმდინარეობდა და 2025-2026 წლებში გაგრძელდა პროექტით „ქალები მოქმედებენ მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“, რომელიც “მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდების” ქსელის ჩამოყალიბებასაც ითვალისწინებდა. ორივე პროექტი გაეროს ქალთა ორგანიზაციამ იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია “თანხმობასთან”, ქალთა საინფორმაციო ცენტრსა და საქველმოქმედო-ჰუმანიტარულ ქალთა ფონდ “სოხუმთან” პარტნიორობით განახორციელა.