თინათინ კუპატაძის სიტყვებით: „ძალადობის შესახებ მასწავლებლების ცნობიერების ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია“
32 წლის თინათინ კუპატაძეს 2 შვილი ჰყავს და ქალაქ თერჯოლაში, ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ადგილობრივ სამედიცინო კლინიკაში იურისტად მუშაობს და თან საჯარო სკოლაში, დაწყებით საფეხურზე ასწავლის. თინათინი ერთ-ერთია იმ 50 ქალს შორის, რომლებიც საქველმოქმედო-ჰუმანიტარულმა ქალთა ფონდმა “სოხუმმა” იმერეთში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, მუნიციპალური სერვისებისა და პროგრამების შესახებ გადაამზადა. ტრენინგების შემდეგ ქალებმა მიღებული ინფორმაცია საკუთარ თემებში გააზიარეს და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე იზრუნეს. ტრენინგები გაეროს ერთობლივი პროექტის „სამოქალაქო ჩართულობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტი გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ, სამოქალაქო სივრცის მხარდამჭერი გაეროს ერთიანი თემატური ფონდის ხელშეწყობით ხორციელდება. მის ფარგლებში, შიდა და ქვემო ქართლში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ოჯახში ძალადობისა და მუნიციპალური სერვისების შესახებ ინფორმაცია 800-მდე ქალმა მიიღო.
თარიღი:
„მასწავლებლობა რომ დავიწყე, 27 წლის ვიყავი, იურისტის განათლება უკვე მქონდა. ეს პროფესია ძალიან მიყვარს — ბავშვებთან ურთიერთობა თუ მათ მშობლებთან კომუნიკაცია, სირთულის მიუხედავად, არასდროს მღლის.
როცა პედაგოგი ხარ, ხშირად გაქვს განცდა, რომ ადამიანები შენგან მხარდაჭერას, ან უბრალოდ საჭირო ინფორმაციის მიწოდებას ელიან. ამ წლების განმავლობაში ძალადობის შესახებაც ბევრჯერ უკითხავთ, ამიტომ თემის შესახებ დეტალები დამოუკიდებლად არაერთხელ მომიძებნია, რეკომენდაციების მისაღებად მეგობარი ფსიქოლოგებისთვისაც მიმიმართავს. საქველმოქმედო-ჰუმანიტარულ ქალთა ფონდ „სოხუმის“ ტრენინგებითაც ამიტომ დავინტერესდი: დიდი ხანია, ფონდთან ვთანამშრომლობ, თუმცა პირველად მომეცა შესაძლებლობა, ძალადობის შესახებ უფრო სრულყოფილი ცოდნა მიმეღო და მერე სხვა ქალებისთვისაც მომეყოლა — ამეხსნა, რისთვის და სად შეიძლება ითხოვონ დახმარება.
მართლაც, შეხვედრის შემდეგ ბევრი რამ გამიმარტივდა. უკვე ვიცი, ვის, რა და როგორ ვუამბო. შემიძლია, უბრალოდ მივიდე ქალებთან და ვუთხრა: აი, ეს ინფორმაცია მოვისმინე და თქვენც იცოდეთ, გამოიყენეთ, როცა დაგჭირდებათ.
ვფიქრობ, ძალადობის ირგვლივ მასწავლებლების ცნობიერების ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია. ტრენინგზე ნასწავლის ჩემს სკოლაში გაზიარებაც ამიტომ გადავწყვიტე. როცა მასწავლებლებს უყვები, ნიშნავს, რომ ინფორმაციას მოსწავლეების მშობლებსაც აწვდი.
შეკრებაზე კოლეგებმა ბევრი ვისაუბრეთ. შეხვედრა რომ დასრულდა, მივხვდი: ჩვენი მოსწავლეების დედები სულ სხვა თვალით დავინახეთ. თუ ადრე ბავშვებზე პასუხისმგებლობის ტვირთი მთლიანად მათზე გადაგვქონდა, ახლა დავფიქრდით: იქნებ არა მარტო შვილებს, არამედ ამ ქალებსაც სჭირდებათ თანადგომა? ასეთმა გააზრებამ ჩვენი დამოკიდებულება სრულიად შეცვალა. დაგვანახა, რომ მშობლებზეც მეტი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ, მოსწავლეებზე ზრუნვა ხომ მათ დედებზე ზრუნვასაც ნიშნავს. ვფიქრობ, ეს მიგნება და ცოდნა ძალიან დაგვეხმარება, რომ საჭირო ინფორმაცია კიდევ არაერთ ქალს მივაწოდოთ“.