ნანა ტყაბლაძის სიტყვებით: „ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში მთავარი მსხვერპლის პრობლემის გულთან ახლოს მიტანაა“

29 წლის ნანა ტყაბლაძე ქალაქ ხონში, დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. ადგილობრივ საბავშვო ბაღში მუშაობს და, პარალელურად, მცირე სტარტაპსაც უძღვება. ნანა ერთ-ერთია იმ 50 ქალს შორის, რომლებიც საქველმოქმედო-ჰუმანიტარულმა ქალთა ფონდმა “სოხუმმა” იმერეთში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, მუნიციპალური სერვისებისა და პროგრამების შესახებ გადაამზადა. ტრენინგების შემდეგ კი მათ მიღებული ინფორმაცია სხვა ადგილობრივ ქალებსაც გაუზიარეს. ნანას ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკი დევნილ და იძულებით გადაადგილებულ თემებში კიდევ უფრო მაღალია. ტრენინგები გაეროს ერთობლივი პროექტის „სამოქალაქო ჩართულობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტი გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ, სამოქალაქო სივრცის მხარდამჭერი გაეროს ერთიანი თემატური ფონდის ხელშეწყობით ხორციელდება. მის ფარგლებში, შიდა და ქვემო ქართლში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ოჯახში ძალადობისა და მუნიციპალური სერვისების შესახებ ინფორმაცია 800-მდე ქალმა მიიღო.

თარიღი:

ნანა ტყაბლაძე. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე
ნანა ტყაბლაძე. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე

“დედა და მამა აფხაზეთიდან დევნილები მყავს. ხონში ომის დროს ჩამოვიდნენ და დასახლდნენ. მეც ამ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე. ახლა საბავშვო ბაღში მზარეულად ვმუშაობ, ჩემი 2 შვილიც აქ დამყავს. პარალელურად, პატარა სტარტაპი მაქვს: სხვადასხვა სახეობის აჯიკას ვამზადებ და ხონში ვყიდი.

საქველმოქმედო-ჰუმანიტარულ ქალთა ფონდ “სოხუმს” ბავშვობიდან ვიცნობ. მის პროექტებსა და ინიციატივებში ჯერ კიდევ მოსწავლეობის პერიოდიდან ვმონაწილეობ. ეს საქმიანობაც ძალიან მომწონს, ამიტომ როცა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ ტრენინგზე შევიტყვე, სიამოვნებით ჩავერთე. თვითონ საკითხმაც დამაინტერესა: ქალი ვარ და ვიცი, რომ ძალადობის გამოცდილება რაღაც დოზით ბევრს აქვს, მაგრამ, დაბალი ცნობიერების გამო, ყველა ვერ იაზრებს, სახელს ვერ არქმევს და მძიმე ყოველდღიურობა, რომელშიც ცხოვრობს, ნორმა ჰგონია.

ტრენინგმა ბევრი ახალი ინფორმაცია აღმომაჩენინა: თავშესაფრებსა და ძალადობის ცხელ ხაზზე გავიგე. არ ვიცოდი, რომ არსებობს სივრცე, სადაც შეგიძლია თავი დაცულად იგრძნო, ძალები აღიდგინო, ფეხზე დადგე, ან თუნდაც 116 006-ზე დარეკო და შენთვის თუ სხვისთვის დახმარება ანონიმურად ითხოვო. სამწუხაროდ, ამ შესაძლებლობების შესახებ ქალებმა ნაკლებად იციან. ზოგს არც სჯერა, რომ რეალური მხარდაჭერის მიღება შეუძლია, ითმენს და ბავშვების გაზრდაც ძალადობრივ გარემოში უწევს.

ტრენინგზე მიღებული ინფორმაცია საბავშვო ბაღში, თანამშრომლებს მოვუყევი. შეკრებას ყველა დაესწრო, ინტერესით მისმენდნენ. ვგრძნობდი, რომ რადგან მიცნობდნენ, ჩემს ნათქვამს მეტი ნდობა და დამაჯერებლობა ჰქონდა. ვფიქრობ, სწორედ ამ სანდოობის გამო, შეხვედრები, რომლებიც ტრენინგების მონაწილე ქალებმა სხვადასხვა ადგილას ჩავატარეთ, შედეგიანი იყო.

ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში მთავარი მსხვერპლის პრობლემის გულთან ახლოს მიტანაა, განსაკუთრებით კი ქალების მხრიდან. როცა ძალადობის შემთხვევების შესახებ ვიგებთ, არ უნდა ვთქვათ, რომ რა მოხდა, ცოლ-ქმარი არიან, ხანდახან იჩხუბებენ და მერე ისევ შერიგდებიან — ასეთი დამოკიდებულება და გულგრილობა დამღუპველია. სწორედ ამიტომ, ჩემთვის ძალადობასთან ბრძოლა მხოლოდ ერთი შეხვედრით არ მთავრდება. მიღებულ ცოდნას მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოვიყენებ და ყველას, ვისაც დახმარება დასჭირდება, გვერდით დავუდგები, ქალების მხარდასაჭერად ყველაფერს გავაკეთებ“.